დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვს ბაღში სკამისა და ჭურჭლის მიტანა აღარ დაევალება?“ - კითხვა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს
24.01.2023

„ესე იგი, ამიერიდან, როდესაც ბავშვი შევა საბავშვო ბაღში, მას არ დაევალება რაიმეს მიტანა, როგორც იყო აქამდე და თქვენ მოამარაგებთ მათ ყველა იმ ინვენტარით, რაც არის საჭირო“, - ამ დასკვნით დაამთავრა გურჯაანის ტელევიზიაში ჟურნალისტმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ნატა რუაძესთან საუბარი 23 იანვარს.

რა მიჰქონდათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვებს? ამის შესახებ ასევე ჟურნალისტმა ისაუბრა. მან რუაძეს ჰკითხა:

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში მიდიოდა, მას ევალებოდა, თან მიეტანა სკამი, ჭურჭელი და ა.შ. ეს ასე აღარ იქნება?“

საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ არ იცის  ადრე როგორ ხდებოდა, მაგრამ დღეს ასე არ არის.

„ბავშვმა თვითონ არაფერი უნდა მიიტანოს. გვაქვს საშუალება, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს საკუთარი სკამი, ჭურჭელი და ა.შ. ასევე, საკუთარი მოხმარების ნივთები“, - ამბობს რუაძე, რომელიც მხოლოდ ერთი თვეა, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა.

„მოსაგვარებელია ბევრი პრობლემა, მერია გვეხმარება, რომ პრობლემები აღმოვფხვრათ, ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში და ნორმალურად ფუნქციონირებდეს ყველა საბავშვო ბაღი... მინდა იქ, სადაც ბავშვები იმყოფებიან დღის განმავლობაში, სათამაშოები, ავეჯი განვაახლოთ... მიმდინარეობს გათბობის სისტემის მოგვარება, ცენტრალურ გათბობას რომ ეძახიან, რომ ყველა სოფელში, ყველა საბავშვო ბაღში არ ჰქონდეთ გათბობის პრობლემები“, - თქვა საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ნატა რუაძის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 7 საბავშო ბაღი დაიკეტა და ბავშვები ალტერნატიულ ფართში აგრძელებენ სააღმზრდელო პროცესს.

„ეს 7 ბაღი აშენდება. დანარჩენ ბაღებში კი, ინფრასტრუქტურის მოგვარებას ვფიქრობთ, რომ ახალ და მშვიდ გარემოში მოუწიოთ ბავშვებს ყოფნა... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის შექმნილი უსაფრთხო გარემო. თუ შევამჩნევ, რომ სადმე ბავშვების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და რამე დაირღვა, აუცილებლად ვიქნები ძალიან მკაცრი“, - თქვა რუაძემ.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ჰიგიენურ საშუალებებთან დაკავშირებით, ტენდერი აქვთ გამოცხადებული. რაც შეეხება კვების რაციონს, „იგივე მენიუ დარჩება, რადგან ცვლილება ასეთი მარტივი არ არის“.

იხილეთ ასევე:

შეუძლია თუ არა მშობელს, ბავშვს სახლიდან მოუტანოს მზა საკვები?

რა შემთხვევაში აღარ ექნება საბავშვო ბაღს საქმიანობის უფლება - პრეზიდენტის ბრძანება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი