დღის თემა
etaloni.ge
შეუძლია თუ არა მშობელს, ბავშვს სახლიდან მოუტანოს მზა საკვები
24.01.2023

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს დაუნიშნეს დიეტა -  უშაქრო და ულაქტოზო კვება. მშობელს შეუძლია, აქვს უფლება, საბავშვო ბაღში სახლიდან მოუტანოს მზა საკვები?“- ეს კითხვა დასვა ერთ-ერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში.

საბავშვო ბაღებისთვის კანონში გაწერილი კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების ტექნიკური რეგლამენტში, სადაც დეტალურად არის გაწერილი ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები, მენიუ, კვების პროცესთან დაკავშირებული საფრთხეები და ა.შ., ამ კითხვაზე პასუხი არ მოიპოვება.   

მშობელს სხვადასხვა ბაღებში მომუშავე ადამიანები გამოეხმაურნენ. როგორც ირკვევა, მშობელს აქვს უფლება, საბავშო ბაღში შვილისთვის დიეტური საკვები მიიტანოს.  

„კი აქვს უფლება, ოღონდ ყოველი დღის რაციონი უნდა იყოს მარკირებული მშობლის მიერ, რომელზეც მითითებული იქნება საკვების დამზადების თარიღი, შემცველობა. ასევე, ბაღში უნდა იდოს მშობლის განცხადება, რომელშიც აღწერილი იქნება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თანდართული ექიმის დასკვნით და რეკომენდაციით“, - უპასუხა მშობელს სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის წარმომადგენელმა.

კიდევ ერთმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ რადგან სპეციალური კვება ბაღში გათვალისწინებული არ არის, მშობელს აქვს უფლება, ბავშვს მზა საკვები თავად მიუტანოს. ბაღს კი ვალდებულება ამ მხრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ოფიციალურად მომარაგდება სპეციალური საკვებით.

კანონის მიხედვით, ბავშვთა კვების დღიური მენიუ აუცილებელია გამოიკრას საბავშვო ბაღის კედელზე. მშობელმა უნდა იცოდეს, რა მიიღო ბავშვმა დღის განმავლობაში. ასევე, კერძების შერჩევისას, დაწესებულებამ სასურველია გაითვალისწინოს პროგრამაში ჩართული ბავშვების გემოვნება და მიდრეკილებები.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღში აუცილებელია, ბავშვთა კვების დღიური მენიუ კედელზე გამოიკრას

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი