დღეს საბავშვო ბაღებში მომუშავე აღმზრდელ-პედაგოგებს განათლება მიღებული აქვთ მრავალი წლის წინ, როდესაც სკოლამდელი აღზრდის მეთოდები და მიდგომები ძირეულად განსხვავდებოდა თანამედროვე მოთხოვნებისა და მიდგომებისგან, - ამის შესახებ ერთ-ერთ ონლაინ შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა, ეიბიჯიეს აკადემიის სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ელზა უდესიანმა განაცხადა.
„ხარისხიან სკოლამდელ განათლებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და ქმნის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციაა. როგორც კვლევებიდან ჩანს, 32% აღმზრდელ-პედაგოგებისა არის უმაღლესი პედაგოგიური განათლების მქონე სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, 33%-ს კი საერთოდ არ აქვს არცერთი საფეხურის განათლება სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პედაგოგებს განათლება მიღებული აქვთ მრავალი წლის წინ, როდესაც სკოლამდელი აღზრდის მეთოდები და მიდგომები ძირეულად განსხვავდებოდა თანამედროვე მოთხოვნებისა და მიდგომებისგან“, - ამბობს ელზა უდესიანი.
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის თქმით, შემუშავებულია ახალი სტანდარტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორად მშობლებთან ურთიერთობა მიიჩნევა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ვალდებულებაა, მშობელი ჩართოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სხვადასხვა აქტივობებში და წამყვანი როლი აქ, რა თქმა უნდა, აქვს აღმზრდელ-პედაგოგს და აღმზრდელს, რომ იზრუნოს მშობლის ცნობიერების ამაღლებაზე... ძალიან მნიშვნელოვანია თანხვედრა, ბავშვის აღზრდისა და განვითარების მიდგომები, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებიდან უნდა გრძელდებოდეს ასევე ოჯახში“, - თქვა სპეციალისტმა შეხვედრაზე.
იხილეთ ასევე:
„ვინც ახლა საბავშვო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი