საბავშო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში გაწერილია პროფესიული ეთიკის ნორმები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს და რას უნდა ითვალისწინებდეს ბაღის თანამშრომელი დაწესებულებაში.
პროფესიული ეთიკა
აღმზრდელები ერთმანეთთან, ბაღის სხვა თანამშრომლებთან და ბავშვის მშობელთან თუ მეურვესთან ურთიერთობისას უნდა დაეყრდნონ თანასწორობისა და ტოლერანტულობის პრინციპს და არ უნდა მოახდინონ ადამიანების დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, მატერიალური შესაძლებლობების, რელიგიური, იდეოლოგიური, პოლიტიკური შეხედულებების თუ ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით.
ბაგა-ბაღის თანამშრომლები ერთმანეთთან და ასევე ბავშვის მშობელთან თუ მეურვესთან ურთიერთობისას უნდა დაეყრდნონ ურთიერთდახმარებისა და ცოდნის გაზიარების პრინციპებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული დელიკატურობა და მგრძნნობელობა ურთიერთსაჭიროებებისადმი. ყველა თანამშრომელმა ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის შედეგად მიღებულ გამოცდილება, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შედეგად ან სხვადასხვა სემინარებსა თუ ტრენინგების საშუალბით მიღებული ცოდნა უნდა გაუზიარონ თავის კოლეგებს, მიმართონ კოლეგებს რჩევებისა და რეკომენდაციებისათვის და მიიღონ მათგან უკუკავშირი.
ბაღის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან და გაუფრთხილდნენ ბაღის ღირებულებებსა და რეპუტაციას, დაიცვან ბავშვთან და მის ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის პრინციპები. ბავშვის ჯანმრთელობასთან და მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტებს შორის, მშობელთან შეთანხმებით, ოჯახის ან მშობლის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სპეციალისტებს შორის კი უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალური გეგმის შესრულების საჭიროებებიდან გამომდინარე.
ბავშვის ფოტო და ვიდეოგადაღების შესახებ საჭიროა მშობლის წერილობითი თანხმობის გამოყენება.
თანამშრომლებმა უნდა დაიცვან თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების, დოკუმენტაციის შენახვის, სათამაშოების, განმავითარებელი მასალებისა და ინვენტარის მოვლის, ჰიგიენის დაცვისა და რესურსების მიზნობრივად გამოყენების შიდაორგანიზაციული პრინციპები. დაუშვებელია ბავშვზე ფიზიკური, სიტყვიერი და ემოციური ძალადობის ყველა ფაქტი. ამგვარი ფაქტის შენიშვნის შემთხვევაში, აღმზრდელებმა ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინონ.
აღმზრდელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში და მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
აღმზრდელმა, მთელი სააღმზრდელო პროცესის განმავლობაში, უნდა იზრუნოს აღსაზრდელის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების, ჰიგიენის და საკუთრების დაცვაზე.
აღმზრდელმა მაგალითი უნდა მისცეს ბავშვებს და დაეხმაროს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
აღმზრდელმა აღსაზრდელებთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას მორალური და ზნეობრივი ნორმები.
აღმზრდელმა პატივი უნდა სცეს აღსაზრდელთა აზრებს და მისცეს მათ გამოხატვის თავისუფლება.
აღმზრდელმა თანაბარი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ყველა ბავშვის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და იზრუნოს, რომ ყველამ მიიღოს ხარისხიანი აღზრდა, მათი სპეციალური საჭიროებებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელის მოვალეობები უფლებების გარეშე - რა წერია აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში