დღის თემა
etaloni.ge
როდესაც ბავშვი აშენებს კოშკს, ჩაებით თამაშში - როგორ ვასწავლოთ პატარას პრობლემების გადაჭრა და მოქნილი აზროვნება
20.01.2023

„თამაში მხოლოდ სახალისო არ არის - ის თქვენი ბავშვის განვითარების ფუნდამენტია“, - ამ სლოგანით აქვეყნებს გაეროს ბავშვთა ფონდი პუბლიკაციას და მშობლებს ურჩევს, პატარებთან ერთად ჩაერთონ საბავშვო თამაშებში.

სტატიაში წერია, რომ ბავშვის ტვინი ცხოვრების პირველ სამ წელიწადში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში. ეს კი  ძალიან დიდი ტემპია და ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვის განვითარების მხარდასაჭერად თამაში საკმაოდ მარტივი და სახალისოა როგორც ბავშისთვის, ისე მისი მშობლებისთვის.

„ერთი შეხედვით, თამაშის მიზანი მხოლოდ გართობაა. თუმცა სინამდვილეში, ეს პროცესი ჩვილებისა და პატარებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა. სწორედ თამაშით ხდება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების სწავლა და ჩამოყალიბება - პრობლემის გადაწყვეტიდან იდეების გამოხატვამდე - და ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის გაძლიერება. თქვენ ხომ თქვენი შვილის პირველი მასწავლებელიც ხართ და პირველი მეგობარიც!“

პუბლიკაციაში მოყვანილია მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები, თუ როგორ ეხმარება თამაში ბავშვს ზრდა-განვითარებაში.

როდესაც ბავშვი აშენებს კოშკს, ის ფიზიკურ უნარებს გამოიმუშავებს

საგნების ერთმანეთზე დაწყობა ბავშვს მოძრაობისა და სივრცის კავშირის გაგებაში ეხმარება, რა დროსაც მისი სენსორულ-მოტორული უნარები და სივრცის აღქმა ვითარდება. უნარების ეს ნაკრები მნიშვნელოვანია ჯანსაღი, აქტიური სხეულის ჩამოყალიბებისთვის. ჩაებით თამაშში, დაინტერესდით, რას აშენებს, დააკვირდით მის ხმას და მიმიკას, რიგრიგობით დააწყვეთ კუბები კონსტრუქციაზე - ნახეთ, რამსიმაღლე კოშკი შეგიძლიათ ააშენოთ ერთად!

როდესაც ბავშვი სულელურ ხმებს გამოსცემს, ის სოციალურ უნარებს გამოიმუშავებს

ტიტინით, სახის მიმიკით და ჟესტებით პატარები ბუნებრივად ისწრაფვიან ურთიერთობისთვის. ბავშვისადმი ყურადღების გამოხატვა, მისი ქცევებისთვის სახელის დარქმევა და მათზე რეაგირება მზერით, ხმით თუ მოძრაობით, პატარას ტვინში ნერვული კავშირების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ეხმარება, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებას. რეაქციების ასეთი ურთიერთგაცვლა ასევე ამყარებს კავშირს თქვენსა და თქვენს შვილს შორის.

როდესაც თამაშობთ ნივთების დამალობანას, ბავშვი კოგნიტურ უნარებს გამოიმუშავებს

რთულ (მაგრამ სახალისო!) ამოცანაზე მუშაობა, როგორიცაა სახლში დამალული ნივთების პოვნა, ეხმარება თქვენს პატარას ავარჯიშოს კონცენტრაცია, ისწავლოს  პრობლემების გადაჭრა და მოქნილი აზროვნება. ამ დროს ის სწავლობს რთული ამოცანების მოგვარებას და შეიმუშავებს სტრატეგიებს დაბრკოლებების დასაძლევად. თუ რაღაც მომენტში ამჩნევთ, რომ ბავშვი დავალებას თავს ვერ ართმევს, მიეცით სასარგებლო მინიშნებები, მაგრამ აცადეთ, თავად იპოვოს გამოსავალი.

როდესაც ბავშვი მღერის და ცეკვავს, ის ემოციურ უნარებს გამოიმუშავებს

ემოციების აღქმა, მართვა და გამოხატვა, თვითშეგნების გამომუშავება და იმპულსების კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ემოციური განვითარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. სიმღერა და ცეკვა შესანიშნავი საშუალებაა გრძნობების გამოხატვისა და ემოციებისგან დაცლისთვის! ერთად სიმღერა ან ცეკვა ერთმანეთთანაც დაგაახლოვებთ.

როდესაც ბავშვი თავისი ფანტაზიით ხატავს, ის შემოქმედებით უნარებს გამოიმუშავებს

როდესაც თქვენი პატარა ზის და ქაღალდზე ხატავს საკუთარ სამყაროს, ის გამოხატავს თავის იდეებს და გარდაქმნის მათ რეალობად. მას შემდეგ რაც ნახატს დაასრულებს, სთხოვეთ გაგაცნოთ მის მიერ შექმნილი სამყარო და დაუსვით კითხვები იმის შესახებ, რასაც ხედავთ.

სტატიაში დასკვნის სახით წერია, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ძვირადღირებული ნივთები სათამაშოდ და შემეცნებისთვის. მთავარია, ისეთი სათამაშოები გქონდეთ, რაც პატარასთან სახალისო და საინტერესო თამაშის წამოსაწყებად გამოგადგებათ.

იხილეთ ასევე:

„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ

ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი