დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩუტყვავილას გამონაყარი ბავშვს შრამად არ დარჩეს - ექიმის რჩევები
18.01.2023

„წლის ეს დრო ხასიათდება ჩუტყვავილას აფეთქებებით“, - ამბობს პედიატრი თამარ ობგაიძე, რომელიც ბოლო სამი წელი ჩუტყვავილისა თუ სხვა ინფექციების გავრცელების შესუსტებას პანდემიას უკავშირებს, რის გამოც ბავშვებს სხვებთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა, როდესაც საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული?

„ჩუტყვავილა ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ძალიან სწრაფად და გადამდებია. ის ვლინდება გამონაყარით. იწყება ლაქოვანი გამონაყარით და ვითარდება ბუშტუკები, რომელიც შემდეგ სკდება“, - თქვა პედიატრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

თამარ ობგაიძე მშობლებს ურჩევს, პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე პატარას ფრჩხილები დააჭრან.

„შრამად არ დარჩება, თუ არ არის ღრმა და თუ არ შევიტანეთ მეორადი ინფექცია ქავილის დროს, რაც ბავშვებში ადვილად ხდება. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ბავშვს ფრჩხილები კარგად დააჭრათ, რომ მეორადი ინფექცია არ შეიტანონ ქავილის დროს... სითხეები, აუცილებლად სიცხის დამწევი. თუ არის ძალიან ძლიერი ქავილი, ასევე უნდა მივცეთ ანტისისტამინური საშუალებები, რომელიც ამ ქავილს ცოტათი ჩააცხრობს“, - ამბობს ექიმი, რომელიც ასევე განმარტავს, რომ ის ამბავი, თითქოს ამ ინფექციის დროს დაბანა არ შეიძლება, მითია და პირიქით, აუცილებელია კანის სისუფთავის დაცვა, რომ მეორადად არ მოხდეს ინფექციის შეჭრა, თუმცა არ შეიძლება, ბანაობის დროს გამოიყენოთ ღრუბელი და სახვა გამაღიზიანებელი საშუალებები.

პედიატრის განმარტებით, ჩუტყავილას საინკუბაციო პერიოდი 2-3 კვირას მოიცავს და გადამდებია გამოვლინებამდე ორი დღით ადრე და ასევე, - გამონაყრის მთელ პერიოდში.

რაც შეეხება მაღალ ტემპერატურას, ბავშვს არ უნდა მივცეთ სიცხის დამწევი 38.5 გრადუსამდე, თუ ბავშვი ძალიან მივარდნილი არ არის, რადგან ცხელება ამ შემთხვევაშიც დამცველობითი რეაქციაა.

„თუ ბავშვს სისუსტე, თავის თუ ყურის ტკივილი აქვს, რა თქმა უნდა, სიცხის დამწევი უნდა მივცეთ მანამდეც. ზოგ ბავშვს კი რეაქცია არ აქვს და 39 გრადუსი სიცხის დროსაც - თამაშობს, იკვებება და ა.შ. ამ დროს შეგიძლიათ, არ მისცეთ დამწევი... რისკჯგუფი, ვისაც უფრო დაბალ ტემპერატურაზეც ვაძლევთ სიცხის დამწევს, ესენი არიან ის ბავშვები, ვისაც აქვს გულყრა, რომელიც სიცხის დროსაც ვლინდება“, - აღნიშნავს ექიმი, რომელიც ასახელებს იმ მედიკამენტებს, რომლებიც ბავშვს ამ ინფექციისას, მაღალი ტემპერატურის დროს უნდა მისცეთ.

„შეგიძლიათ მისცეთ ტემპერატურის დამწევი ორი მედიკამენტი - ეს არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი. იბუპროფენის მიცემა 6 საათში ერთხელ შეგვიძლია, აუცილებლად ჭამის შემდეგ, ხოლო რაც შეეხება პარაცეტამოლს, უნდა მივცეთ 4 საათის ინტერვალით, თუ რასაკვირველია, საჭიროა. თუ სიცხე არ დაიჭირა და კვლავ იმატებს, შეგიძლიათ, ამ დროს მეორე რიგის პრეპარატი მისცეთ. პარაცეტამოლი პირველი რიგის პრეპარატია და 4 სათის მერე გაიმეორეთ, მაგრამ თუ ტემპერატურა მაინც იწევს ზემოთ, საათნახევარ, ორ საათში თქვენ შეგიძლიათ, უკვე მეორე რიგის პრეპარატი მისცეთ“, - განმარტავს ექიმი.

იხილეთ ასევე:

„მასწავლებლები საშინელ დღეში ვართ, პატარებს ჩვენთან მოსვლა და ჩახუტება უნდათ“, - რაში ადანაშაულებენ აღმზრდელები მშობლებს

„კატეგორიულად არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ტიპის საშუალებების გამოყენება“ - გიორგი ღოღობერიძე ხველებაზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი