დღის თემა
etaloni.ge
რით უნდა ჩაანაცვლოს საბავშვო ბაღის პედაგოგმა სასკოლო გაკვეთილებს მიმსგავსებული აქტივობები - ადრეული განათლების 5 მახასიათებელი
17.01.2023

„წარმოვიდგინოთ საბავშვო ბაღი, სადაც არცერთი საბავშვო წიგნი არ არის, ან დამტვრეული და ჯანმრთელობისთვის საშიში ავეჯია, სადაც ბაღის თანამშრომლები სულ კამათობენ და ყვირიან, ან აღმზრდელები სასკოლო გაკვეთილებს მიმსგავსებულ აქტივობებს ატარებენ, რომლებიც ბავშვებს არ აინტერესებთ და ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება“ - აღნიშნული გარემოზე, რომელიც შეიძლება საბავშვო ბაღში შეიქმნას, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სკოლამდელი განათლების სფეროსთვის მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის მიხედვით, უხარისხო სკოლამდელი განათლება, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე სარგებლის. ამიტომ, ადრეული განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მისი ხარისხი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. ხარისხიანი ადრეული განათლების ცენტრში ბავშვია, ამიტომაც, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მთავარ ხედვად ხშირად „ბავშვზე ცენტრირებულ“ ან „ბავშვზე ორიენტირებულ“ განათლებას მოიხსენიებენ.

პუბლიკაციაში, „გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი“, ბავშვზე ორიენტირებული ადრეული განათლების ხუთი ძირითადი მახასიათებელია ჩამოთვლილი. ეს მახასიათებლებია:

ბავშვი - ბავშვზე ორიენტირებული ადრეული განათლება ბავშვს ხედავს, როგორც ინდივიდს უნიკალური პიროვნული მახასიათებლებით და გამოცდილებით, შესაძლებლობებით, ინტერესებით და საჭიროებებით.  ბავშვზე ზრუნავენ, ამავე დროს, აღიარებენ და პატივს სცემენ, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას და საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ თანამონაწილეს.

გარემო - ბავშვზე ორიენტირებული გარემო მოიაზრებს როგორც ფიზიკურ, ისე სოციალურ განზომილებას. მასში დაცულია ბავშვის ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება. გარემო ჯანსაღი და თავისუფალია მავნე და საშიში საგნებისა და ნივთიერებებისგან, ასევე, - გამოცდილებებისა და დამოკიდებულებებისგან. თითოეულმა ბავშვმა ჯგუფის წევრად უნდა იგრძნოა თავი. ბავშვზე ორიენტირებული გარემო პასუხობს ბავშვის ცნობისმოყვარეობას, სთავაზობს გამოწვევებს და ხელსუწყობს ბავშვის სწავლასა და განვითარებას.

შინაარსი - ბავშვზე ორიენტირებული ადრეული განათლების შინაარსი ითვალისწინებს ბავშვის ჰოლისტურ და მრავალმხრივ განვითარებას. ასევე, - ხელს უწყობს ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებას. ამავე დროს, შინაარსი შეესაბამება ბავშვების კულტურულ და სოციალურ კონტექსტსა და გამოცდილებას, შემოქმედებითობის, დამოუკიდებლობისა და თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას, თანასწორობის ღირებულების ჩამოყალიბებას და სხვა.

პროცესი - ბავშვზე ორიენტირებული ადრეული განათლების პროცესი ბავშვის სწავლისა და განვითარების შესახებ არსებულ მეცნიერულ ცოდნას ეყრდნობა: იყენებს თამაშს, როგორც სწავლისა და განვითარების ძირითად სტრატეგიას; ეფუძნება ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს; ბავშვს აძლევს ინიციატივისა და არჩევანის შესაძლებლობას; პასუხობს ჯგუფისა და თითოეული ბავშვის ინტერესებს. ბავშვზე ორიენტირებული პროცესი მოიაზრებს ყველა მხარის - ბავშვის, ოჯახის და საბავშვო ბაღის პერსონალის თანამშრომლობას და ჩართულობას.

შედეგი - ბავშვზე ორიენტირებული ადრეული განათლებისთვის მნიშვნელოვანია შედეგი - რის მიღწევას ვცდილობთ ბავშვებისთვის? რას ვუწყობთ ხელს, როგორ და რამდენად ეფექტიანად ვახერხებთ ამას? სწორედ ამიტომ, მიღწევებისა და გამოწვევების შეფასება, თვითშეფასება, რეფლექსია და გუნდური მუშაობა ბავშვზე ორიენტირებული განათლების განუყოფელი კომპონენტია.

იხილეთ ასევე:

„ბაღის თანამშრომლებმა პირი შეკრეს და ყველამ ერთსა და იმავე დღეს დაუყარა მენეჯერს განცხადებები მაგიდაზე“ – როგორ იქცევიან გერმანიაში აღმზრდელები

12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი