გერმანიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ქალი, ირა ჩერქეზიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში სოციალ-პედაგოგად მუშაობს, სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ კოლეგებს ხშირად უზიარებს ევროპული ქვეყნის გამოცდილებებს, რაც მას საბავშვო ბაღებში თავს გადახდენია თუ უნახავს.
საქართველოში ბაღის თანამშრომლები ჩივიან, რომ როდესაც ბავშვები ჭამენ, მათთვის ცალკე ულუფა გამოყოფილი არ არის და შეიძლება, აღმზრდელს შიმშილისგან გულიც კი წაუვიდეს.
როგორი სიტუაციაა ამ მხრივ გერმანიის საბავშვო ბაღებში და როგორ იქცევიან კრიტიკულ სიტუაციაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები?
„პედაგოგიური ულუფა - ასე ჰქვია გერმანიაში აღმზრდელების სადილს, რომელსაც ბავშვებთან ერთად მივირთმევთ. ეს აუცილებელიცაა, ბავშვებმა ჩვენგან რომ აიღონ მაგალითი მაგიდასთან ჯდომის, დანა-ჩანგლის გამოყენების და სადილის დროს ერთმანეთთან მშვიდი საუბრის.
„ბერლინის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. ჩვენმა დამსაქმებელმა, მოწმენდილ ცაზე, აღმზრდელებს საკვებში ფასის გადახდა მოგვთხოვა. დიდი არაფერი - ერთი სადილი 2 ევრო. ჩვენც ვმუშაობთ, მაგრამ სადილი არავის მოაქვს ჩვენთვის და არავინ არ გვაჭმევსო, უთხრეს ოფისის თანამშრომლებმა. თქვენ შუადღისთვის გამოკეტავთ თქვენს ოფისებს და გახვალთ სასადილოდ, აღმზრდელებმა რა ქნან, ბავშვები ბავშვებს ჩააბარონ თუ სკამებზე მიაბანო, კითხულობდა ბაღის გამგე. სამი თვე იბრძოლა ჩვენმა გამგემ, სანამ თავისას არ მიაღწია. პრინციპის საკითხიაო, ამბობდა. არგუმენტები აღარ ეყოთ და იძულებულნი გახდნენ, გაეუქმებინათ ახლადშემოღებული კანონი“, - ყვება ირა ჩერქეზიშვილი.
გერმანიაში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ იქ საბავშვო ბაღების მმართველობის შერეული ფორმაა - ნაწილს სახელმწიფო მართავს, ნაწილს -კერძო პირებისგან შემდგარი გაერთიანებები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება აქვთ, ნაწილს - ეკლესია და ა.შ. ხელფასის ტარიფები განსხვავებულია, პროტესტს კი ყოველთვის აქვს აზრი. ამის შესახებ ჩერქეზიშვილი ამბობს:
„ახლობელი მუშაობდა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში და ჩემსა და მის ხელფასს შორის ლამის 400 ევრო იყო სხვაობა, არადა საათები იმდენივე ჰქონდა, რამდენიც მე. თვეების წინ დამირეკა და მომიყვა, როგორ შეკრა პირი ყველა თანამშრომელმა - ერთსა და იმავე დღეს 40 კაცს დაუწერია განცხადება და დაუყარეს მენეჯერს მაგიდაზე. სხვა გზა არ დარჩათ და კარგად აუწიეს ტარიფი“.
იხილეთ ასევე: