დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის თანამშრომლები კეთილგანწყობილნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი და ბავშვებთან ურთიერთობისას - ხარისხის სტანდარტი
16.01.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულება ზრუნავს თითოეული ბავშვისა და დაწესებულების ყველა თანამშრომლის ემოციური უსაფრთხოების დაცვაზე.

სტანდარტის ინდიკატორების მიხედვით, საბავშვო ბაღში წახალისებული უნდა იყოს თითოეული ბავშვის მიერ იდეებისა და აზრების თავისუფალი გამოხატვა. კიდევ რა სახის მიდგომა ევალებათ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს პატარებთან ურთიერთობისას, სტანდარტში დეტალურადაა გაწერილი.

დაწესებულების გარემო თითოეული ბავშვისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს - ყოველმა მათგანმა იცოდეს საქმიანობათა თანმიმდევრობა და რას მოელიან მისგან.

საბავშვო ბაღის ფიზიკური გარემო ნაცნობი უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის – ყოველმა მათგანმა იცოდეს შენობისა და ეზოს ძირითადი ობიექტების ფუნქციური დანიშნულება.

თითოეულ ბავშვსა და დაწესებულების ყველა თანამშრომელს აქვთ პირადი სივრცე მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

საბავშვო ბაღის თანამშრომლები კეთილგანწყობილნი და ემოციურად გაწონასწორებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი და ბავშვებთან ურთიერთობისას.

დაწესებულების თანამშრომლებმა პატივი უნდა სცენ თითოეული ბავშვის ემოციებს და ადეკვატურად რეაგირებდნენ მათზე - გამოხატონ  ემპათია.

თითოეული ბავშვი უმეტესად აქტიურად უნდა იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, ძირითადად, გამოხატოს დადებითი  ემოციები, არ შფოთავდეს და არ იძაბებოდეს.

თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალება იმგვარი ფორმით, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სხვებს და საკუთარ თავს.

ხარისხის სტანდარტის მიხედვით, თითოეულ ბავშვს აქვს არჩევანის თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

დაწესებულების თანამშრომლები კი ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ თითოეული ბავშვის დამოუკიდებლობას.

აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი უნდა აკვირდებოდნენ, უსმენდნენ თითოეულ ბავშვს, ითვალისწინებდნენ ბავშვის მოსაზრებებსა და ინტერესებს.

თითოეული ბავშვი უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების უშუალო მონაწილე;

თითოეულ ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს საქმიანობები და გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსი როგორც ჯგუფში, ისე – მის გარეთ.

იხილეთ ასევე:

ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, რომელთა შესახებაც ბაღის აღმზრდელებმა დაკვირვება უნდა აწარმოონ

რა სახის ინფორმაციის გამჟღავნება ეკრძალებათ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი