ადრეული სკოლამდელი განათლების სტანდარტის მიმართულება, - უსაფრთხოება და დაცულობა, - დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან არაძალადობრივი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები იცავენ ბავშვის უფლებათა კონვენციას და მათ ასევე უნდა შეეძლოთ ძალადობის სხვადასხვა ფორმის, -ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა, - ნიშნების ამოცნობა.
საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ კანონმდებლობით დადგენილ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის, რეფერირების პროცედურები და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, იმოქმედონ აღნიშნული პროცედურების შესაბამისად.
აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა, თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას, ამკრძალავი სიტყვების, ტყუილისა და დაშინების ნაცვლად, უნდა გამოიყენონ პოზიტიურად ფორმულირებული დებულებები და მართვის სტრატეგიები.
საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან თითოეული ბავშვისა და ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, არ უნდა განიხილონ ბავშვი და ბავშვის ოჯახი მისი და სხვა ბავშვების თანდასწრებით.
სკოლამდელი აღზრდს დაწესებულების თანამშრომლების დამოკიდებულება თითოეული ბავშვისა და უფროსის მიმართ უნდა იყოს არადისკრიმინაციული.
საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ბავშვებისა თუ უფროსების მიერ სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე - ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური, განსხვავებული საჭიროებების, ასაკის და სხვა, - გამოვლენილი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ან ქცევა და ხელი შეუწყონ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ მშობლებთან ბავშვთა უფლებების საკითხში და მათი ცნობიერების ამაღლებას შეუწყონ ხელი.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელის მოვალეობები უფლებების გარეშე - რა წერია აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში