დღის თემა
etaloni.ge
„შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“ - დღეს ღამით ძველით ახალი წელი დგება
13.01.2023

დღეს, 13 იანვრის საღამოს, ჩვენში ძველით ახალი წელი დგება. ბევრ კუთხეში ითვლება, რომ ახალი წელი სწორედ 14 იანვარს იწყება და, შესაბამისად, ბედობა დღეც, 2 იანვრის ნაცვლად 15 იანვარია.

ძველით ახალი წელი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, გურიაში აღინიშნება და კალანდა ჰქვია. „კალანდა“ სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, წლის თავს, ახალ წელიწადს ნიშნავს.

კალანდას აუცილებელი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც „ქართულ ნაძვის ხესაც“ უწოდებენ. ჩიჩილაკი საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხეა, რომელსაც გურიაში ძირითადად თხილის ხისგან ამზადებენ და ამკობენ ტკბილეულით, ხილით, ჩურჩხელებით, მარადმწვანე ფოთლებით...

ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას „ბასილის ფაფუკ წვერებსაც“ ეძახდნენ, ხოლო საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს - „ბასილის პურს“. 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ.

კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში და სამეგრელოში „კუჩხას“ ეძახიან. ამ დღეს ოჯახში მიდის მეკვლე, საჩუქრად მიაქვს ტკბილეული და ანთებს ბუხარს. ტრადიციის მიხედვით, მეკვლის მისვლას გურულ ოჯახში ბედნიერება მიაქვს.

ტრადიციულად, კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით. კაკალს გატეხდნენ და თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.

კალანდას ლექსი მიუძღვნა ნცობილმა პოეტმა, ანა კალანდაძემ:

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,

სერებს თოვლიანს...

ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,

ყეფდა თოლია...

იდგა ბერმუხა ღამისმთევარი

თოვლში ნაბდითა...

დილით მისდევდა სერზე მწევარი

ნაკვლევს ნადირთა...

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით

გრძნეულ მარანთან...

შემოდიოდა ჩიჩილაკებით

ჩვენში კალანდა...

იხილეთ ასევე:

რიტუალები და სიმღერა, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - „ბატონების საამებლად შესრულებული წეს-ჩვეულებები ბავშვებისთვის შედეგიანი იყო“

ნაძვის ხის სათამაშოები ქართველმა კაცმა გამოიგონა - მანამდე ნაძვის ხეზე ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი