დღის თემა
etaloni.ge
ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას
13.01.2023

„ბავშვები ვითარდებიან, როცა თავს დაცულად გრძნობენ, როცა ისინი უყვართ და მათზე ზრუნავენ. ზოგიერთი მშობლისთვის შვილთან მჭიდრო კავშირის დამყარება მარტივი პროცესია. თუმცა, ბევრი ისეთი ადამიანისთვის, ვინც ბავშვობაში თავად არ გრძნობდა თავს დაცულად ან დაფასებულად, ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ მშობლობის უნარების სწავლა შესაძლებელია. გააგრძელეთ კითხვა, რათა გაიგოთ, თუ რატომ არის თქვენი პატარასთან მჭიდრო კავშირის დამყარება გადამწყვეტი მნიშვნელობის მისი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ასევე ნახეთ რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის ცდაც ყოველდღიურად შეგიძლიათ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში - „რა უნდა იცოდეთ მშობელსა და ბავშვს შორის მჭიდრო კავშირის შესახებ“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაში მოთხრობილია, რატომ არის აუცილებელი, ბავშვი მშობლის სიყვარულს გრძნობდეს და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ შვილებთან მჭიდრო ურთიერთობები დამყარონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?

თქვენი შვილის სიყვარულითა და ალერსით უზრუნველყოფა არის აუცილებელი წინაპირობა მისი ტვინის განვითარებისთვის, თავდაჯერებულობის გამომუშავებისთვის, იმისათვის რომ თქვენმა შვილმა მიაღწიოს წარმატებას და შეძლოს ცხოვრებაში ჯანსაღი  ურთიერთობების დამყარება.

არ არსებობს მშობლის „ზედმეტი“ სიყვარული. ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით. ბავშვის საჭიროებებზე მშობლის პასუხი მათ თავს დაცულად აგრძნობინებს. როდესაც ჩვილებს რეგულარულად ტოვებენ მარტო, ისინი ამ დროს ფიქრობენ, რომ მიატოვეს. ამიტომ, ასეთი ბავშვები მშობლებზე უფრო მიჯაჭვულები ხდებიან და თავდაჯერებულობა აკლიათ.

როცა ამჩნევთ თქვენი შვილის საჭიროებებს და პასუხობთ მათ სიყვარულით, ეს ეხმარება თქვენს პატარას თავი კომფორტულად იგრძნოს. დაცულობის, სიმშვიდის და ურთიერთგაგების შეგრძნება ზრდის ნეიროპლასტიურობას, ტვინის უნარს, შეიცვალოს და ადაპტირდეს. როდესაც ბავშვის გარემო სავსეა სიყვარულით, ის უკეთ არის მომზადებული სამყაროს გამოწვევებთან შესაგებებლად. ადრეული პოზიტიური კავშირი მშობელთან საფუძველს უქმნის ბავშვებს, რომ გაიზარდონ ბედნიერი, დამოუკიდებელი მოზარდები. მოსიყვარულე, უსაფრთხო ურთიერთობები გვეხმარება გამძლეობის ჩამოყალიბებაში, გვიყალიბებს გამოწვევებთან გამკლავებისა და სტრესის დაძლევის უნარებს.

როგორ დავამყაროთ მჭიდრო კავშირი შვილთან

მშობლობა ზოგჯერ ძალიან რთულია და იდეალური მშობელი არ არსებობს. მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ, შეუქმნათ თქვენს შვილს მოსიყვარულე და მზრუნველი გარემო და ხართ მუდმივი და საიმედო პერსონა მათ ცხოვრებაში, მაშინ თქვენ უკვე ეხმარებით მას ცხოვრების სწორად დაწყებაში. გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ შვილთან ძლიერი კავშირის დამყარებაში შეხვედრის მომენტიდან.

დააკვირდით, რას აკეთებს. როდესაც თქვენი ჩვილი ან მცირეწლოვანი შვილი ტირის, ხელით განიშნებთ რამეს ან ტიტინებს, სათანადოდ უპასუხეთ ჩახუტებით, მხედველობითი კონტაქტით ან სიტყვებით. ეს არა მხოლოდ აგრძნობინებს, რომ თქვენი ყურადღება მას ეკუთვნის, არამედ ხელს უწყობს თქვენი პატარას ტვინში ნეირო-კავშირების დამყარებას, რაც კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ითამაშეთ ერთად. მასთან თამაშით, თქვენ აჩვენებთ თქვენს შვილს, რომ ის თქვენთვის ძვირფასია და მასთან ყოფნა გეხალისებათ. ერთად თამაშის დროს დაუთმეთ ბავშვს სრული ყურადღება და ისიამოვნეთ სამყაროს მისი თვალით დანახვით. როდესაც მხიარული მომენტებით ტკბებით და ერთად იცინით, თქვენი სხეული გამოყოფს ენდორფინებს, ე.წ. „ბედნიერების ჰორმონს“, რაც თქვენი და თქვენი შვილის კარგად ყოფნის საწინდარია.

ჩაეხუტეთ. თქვენს პატარასთან ჩახუტება და კანით კანთან კონტაქტი დაგეხმარებათ მასთან დაახლოებაში. ჩვილს ამშვიდებს მშობლის გულისცემა და ეჩვევა მის სუნს. როდესაც ბავშვი ცოტა იზრდება, ჩახუტება ეხმარება მას მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავებაში და სტრესის მართვაში. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს ოქსიტოცინს - „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას - და მცირდება კორტიზოლის, „სტრესის“ ნივთიერების გამოყოფა.

ესაუბრეთ. თქვენი მცირეწლოვანი ბავშვის სათქმელით დაინტერესება მას აჩვენებს, რომ თქვენ გაინტერესებთ მათ მოსაზრებები და გრძნობები. საუბარი შეიძლება პირველი დღიდანაც კი დაიწყოთ. ახალშობილთან ლაპარაკი და მისთვის სიმღერა აგრძნობინებს მას, რომ თქვენ ახლოს ხართ და მასზე ზრუნავთ. როდესაც ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ სიტყვებით, რათა ისწავლონ, რომ საუბარი ორმხრივი პროცესია.

უპასუხეთ მათ საჭიროებებს. საფენის გამოცვლა, საკვების მიცემა და დაძინებაში დახმარება აგრძნობინებს პატარას, რომ მისი საჭიროებები დაკმაყოფილდება და რომ შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.  შვილზე ზრუნვა ასევე შესანიშნავი შეხსენებაა თქვენთვისაც, თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენი შვილის მხარდაჭერა.

და რაც ყველაზე მთავარია, ისიამოვნეთ შვილთან ყოფნით, გამოიყენეთ ერთად გატარებული დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად და იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული და მის გვერდით ყოფნა უდიდეს როლს თამაშობს თქვენი შვილის განვითარებაში.

იხილეთ ასევე:

„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ

გაეროს ბავშვთა ფონდმა მშობლის გზამკვლევი გამოაქვეყნა - ყვირილი და ფიზიკური ძალადობა არასდროსაა გამოსავალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი