დღის თემა
etaloni.ge
რიტუალები და სიმღერა, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - „ბატონების საამებლად შესრულებული წეს-ჩვეულებები ბავშვებისთვის შედეგიანი იყო“
10.01.2023

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის ბრძანებით, ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებულ  რიტუალურ ქმედებებს, სიმღერებსა და წესჩვეულებებს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანება ძალაში 30 დეკემბერს შევიდა.

ბატონებს საქართველოში საკმაოდ საშიშ ბავშვთა გადამდებ, ინფექციურ დაავადებებს უწოდებდნენ - წითელა, წითურა, ყბაყურა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველა...

ქართველებს სწამდათ, რომ ამ სნეულებებს იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები და დაავადებებსაც, შესაბამისად, ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა.

რა სახის რიტუალური ქმედებები, სიმღერები და წესჩვეულებები იქცა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონედ, ამის შესახებ skolamdelebi.ge-ს ეთნოგრაფმა მედეა ბურდულმა უამბო.

მედეა ბურდული: ხალხურ  წარმოდგენათა მიხედვით, ეპიდემიური დაავადებების მოვლინება დედამიწაზე ღმერთის ნებაა და ამით იგი ადამიანებს სჯის ჩადენილი ცოდვების გამო. ზემოთქმულის დამადასტურებელი ეთნოგრაფიული მასალა ყველაზე უკეთ საქართველოს მთაში,  მაგალითად, სვანეთში, ხევსურეთში და სხვაგან შემოინახეს ჩვენს დრომდე.

სვანეთში, მე-19 საუკუნეში ჩაწერილი თქმულების მიხედვით, გზააბნეული ადამიანი „ზიგეთის“, ჭირის ქვეყანაში მოხვდა და დახმარება ,,ბატონების დედას“ სთხოვა. ბატონების დედამ თავის შვილს, ყვავილს დაავალა ეს კაცი სახლში დაებრუნებინა. ყვავილმა დედას უთხრა, ეს-ეს არის ღმერთთან ვიყავი, ხვალ ამ კაცის მეზობლისას ჟამსა ჰგზავნის და ამ კაცსაც იმას გავატანო. იმ კლდის თავზე ყვავილისა და წითელას გარდა სხვა სნეულებათაც ჰქონიათ ბინა. აჩვენა ჟამის ბინაც, ის ადგილი საიდანაც შავი კვამლი ამოდიოდა...

მსგავსი თქმულება ჩავწერეთ 1981 წელს ქვემო სვანეთში, რომლის მიხედვითაც, ასევე გზააბნეული, „ზიგეთის“  ქვეყანაში მოხვედრილი ბიჭი დაინახავს სხვადასხვა ფერის სახლებს. მას აუხსნიან, რომ შავი სახლი შავი ჭირის საცხოვრებელია, წითელი – წითელა ბატონებისა, თეთრი – ყვავილისა და ა. შ.

ბავშვთა ინფექციურ დაავადებებს განეკუთვნება ყვავილი, წითელა, ყივანახველა, ყბაყურა, ქუნთრუშა, ჩუტყვავილა... ყველა სახის ბატონებს ხალხი ფრთხილად და პატივისცემით იხსენიებდა, ყვავილბატონებისა კი ძალიან ეშინოდათ.

- რაც შეეხება რიტუალებს, როგორია და რა წესებს ემორჩილება?

-ბატონებიანი ავადმყოფის ოჯახი გარკვეულ რიტუალებს ასრულებდა. სამყოფ სახლში და კარმიდამოში სისუფთავეს იცავდნენ, ხმამაღალი ლაპარაკი და ყვირილი, ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო. ავადმყოფის საწოლთან დგამდნენ „ბატონების სუფრას“ წითელი ან სხვა მხიარული ფერის გადასაფარებლით, რომელზედაც ეწყო სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებიანი პურის კვერები, სათამაშოები, მძივები, შაქარყინული, კაკალი და სხვ. ავადმყოფის ფეხების მხარეს კი ხორბლის სველი მარცვლებით სავსე ჯამს დადგამდნენ ან  თივას დაყრიდნენ - ეს  „ბატონების ცხენების საჭმელი იყო“. ოთახში დაანთებდნენ  ბაზმას  - დანაყილი ნიგვზისაგან გაკეთებულ პატარა  სანთლებს. კაკლის ბაზმების დანთება სხვადასხვა სახით მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ავადმყოფის ოჯახში უკრავდნენ მუსიკას, უმღეროდნენ საღვთო სალოცავ სიმღერებს, „ბატონების ნანას“:

„ბატონებო, მოუოხეთ, მოუოხეთ ბატონებო

ლამაზი ბატონებია, ია და ვარდი ჰფენია“...

ბატონებიანი ავადმყოფი რომ მორჩებოდა, ოჯახი  „ბატონებს“    გაცილებას უწყობდა ყვავილებით, ლამაზ-ლამაზი ნაჭრებით, წითელი კვერცხებით, ტკბილეულით,  ბატონების ცხენების საჭმელი თივით ან ქერით. სიმღერით და ჭიანურის დაკვრით გზაჯვარედინამდე მივიდოდნენ და  იქ დატოვებდნენ ყველაფერს, თან დაილოცებოდნენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში „ბატონების“ გულის მოსაგებად ჩატარებული რიტუალები მეტ-ნაკლებად მსგავსია. ზოგ კუთხეში ბატკანს ღებავდნენ წითლად და ზოგან - ქათამს, რომ ბავშვს დაენახა და გახარებოდა.

ზოგადად, მკურნალობის ხალხური ტრადიციები დამოკიდებულია დაავადებათა გამომწვევი მიზეზებისა და ხასიათის ხალხურ ახსნაზე. ამდენად, ბავშვთა ინფექციური დაავადებების, „ბატონების“  გამომწვევი  მიზეზების შეუცნობელი ბუნება პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებებზეც ახდენდა ზეგავლენას. წამლებით არ მკურნალობდნენ, მის ნაცვლად ავადმყოფს უქმნიდნენ სასიამოვნო გარემოს, ცდილობდნენ ესიამოვნებინათ, შეძლებისდაგვარად უსრულებდნენ ყველა სურვილს, ართობდნენ მუსიკით.

საყურადღებოა, რომ  ბატონების საამებლად შესრულებული წეს-ჩვეულებები, ობიექტურად, ავადმყოფისთვის შედეგიანი იყო, იმიტომ, რომ ნერვიული სისტემის სიმშვიდე და სასიამოვნო გარემო დადებითად მოქმედებდა დაავადების მსვლელობაზე.

იხილეთ ასევე:

„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ

რომელ რიტუალში მონაწილეობაა ბავშვებისთვის აუცილებელი ბარბარობა დღეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი