დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვებიც ისტრესებიან და პედაგოგებიც, მშობლები დირექტივებს იძლევიან“ - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ზეიმების დეტალებზე
10.01.2023

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყნის თითქმის ყველა საბავშო ბაღში, ორი დიდი აქტივობა ჩატარდა - საშემოდგომო და საახალწლო.

მრავალი საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, ბავშვებისთვის ტრადიციული „ზეიმი“ ნეგატიური შინაარსის მატარებლად ჩაითვალა, რადგან მიიჩნევა, რომ ხელს კი არ უწყობდა მათ თავისუფალ განვითარებას, არამედ თრგუნავდა. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ, საქართველოში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების მეთოდისტები გადაამზადეს, რის მიხედვითაც, საბავშვო ბაღებში უნდა შეწყვეტილიყო ისეთი ზეიმების მოწყობა, რომლის სამზადისი თუ თავად ღონისძიება პატარებს სტრესულ მდგომარეობაში აგდებდა.

სიტყვა „ზეიმი“ „აქტივობით“ ჩაანაცვლეს, თუმცა რეალური სახეცვლილება არ მომხდარა. წელსაც, საშემოდგომო თუ საახალწლო ღონისძიებები საბავშვო ბაღების უმრავლესობაში მთელი თავისი პომპეზურობით ჩატარდა.

როგორც თბილისის ერთ-ერთი საჯარო საბავშო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი გვიყვება, ბავშვებს ასეთი ღონისძიებებისთვის მზადება არ უყვართ და ხშირად ტირიან. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია ასევე საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვისაც.

„საშემოდგომო ღონისძიება დავამთავრეთ თუ არა, მაშინვე შევუდექით საახალწლო ზეიმისთვის მზადებას. ბავშვები ხომ ისტრესებიან და ნერვიულობენ და არანაკლებ დღეში ვართ პედაგოგები. უზომოდ ვიღლებით. ოთახებს ჩვენ თავად ვრთავთ, ყველა დეტალს ვაგვარებთ. წესით, მხოლოდ ზეიმის დღე კი არა, მთელი სამზადისი ძალადობასთან არის ასოცირებული და იცით რატომ? ბავშვებს საშინლად ეზარებათ ეს სამზადისი, ტირიან და ნერვიულობენ. კი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვის ნება გავითვალისწინოთ, მაგრამ თუნდაც რომ სთხოვ, რაღაც გააკეთოს თავისი ნების წინააღმდეგ, ეგეც ძალადობაა.

სტრესია, როცა ჯგუფიდან დარბაზში მიგყავს ბავშვები, აპროტესტებენ, ტირიან - დარბაზში არ წამოვალო. როცა სხვა დღეებში, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილისთვის შევდივართ დარბაზში, სიხარულით მოგვყვებიან, მაგრამ როცა იციან, ზეიმისთვის რეპეტიცია უნდა გავიაროთ, ნერვიულობენ, რადგან იღლებიან და არ უნდათ. 3-4 ბავშვი მაინც ყოველთვის ტირის. ამიტომ, იძულებული ხარ, ცალკე დასვა და არ მიაღებინო მონაწილეობა - მტირალს ხომ არ დააყენებ?! ზეიმის დროსაც რომ იტიროს, მაშინაც ვერ ჩააყენებ. ერთი თუ იტირებს, მერე სხვებიც აყვებიან“, - გვიყვება პედაგოგი.

ზეიმებზე, უმრავლეს შემთხვევაში, აკრძალულია მშობლების დასწრება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელი კი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ პატარები უფერო დაიბნევიან და ვეღარაფერს გააკეთებენ.

„ზოგი ბავშვი, 3-4 წლიან ჯგუფებში, თოვლის ბაბუას რომ ხედავს, მაშინაც ტირის, ეშინია. მშობლები რომ დაასწრო, უმრავლესობა ატირდება და არცერთს ენდომება სცენაზე დგომა, თუ თამამი ბავშვი არ არის. დედას რომ ხედავს, დედა უნდა ბავშვს. 5-6 წლიანი ჯგუფების ზეიმს კი ვასწრებთ მშობლებს, მაგრამ 3-4 წლიანებისას - არა. ზოგ ბაღში ფარდის უკან დგებიან მშობლები, რომ ვერ დაინახონ ბავშვებმა“, - გვიყვება აღმზრდელი.

კითხვაზე, როცა საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ პატარები ზეიმების დროს ისტრესებიან, რატომღა ტარდება საბავშვო ბაღებში ასეთი ღონისძიებები, ბაღის პედაგოგი ასე გვპასუხობს:

„სტრესია ბავშვებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც, მაგრამ ვის აინტერესებს? ბაღების მართვის სააგენტო იძლევა დირექტივას, რომ გაიმართოს საახალწლო ზეიმები, ისე ვერაფერს ჩაატარებ. ჩვენ კი დირექტორი და მეთოდისტი გვეუბნება, რომ აუცილებელია, ზეიმი ჩავატაროთ. ზოგი ბაღი ამ დროს ეზოში ართობს ბავშვებს და ამას არქმევს საახალწლო ღონისძიებას, მაგრამ ბაღების უმრავლესობაში მაინც ასე პომპეზურად ტარდება - ზოგმა უნდა იმღეროს, ზოგმა იცეკვოს და ზოგმაც ლექსი თქვას. ამ ყველაფერში მშობლების წვლილიც დიდია. მაგალითად, ცხოველები უნდა განესახიერებინათ ბავშვებს და მშობლებს ვუთხარით, მხოლოდ ნიღბები გაეკეთებინათ ბავშვებისთვის, მაგრამ მაინც მთლიანი ფორმები უქირავეს - ეგ რა არის, ვიდეო და ფოტოები უნდა გადავუღოთ და გვინდა, გამოჩნდნენ ბავშვებიო. ვიდეოგადამღებიც და ფოტოგრაფიც თვითონ დაიქირავეს.

მასწავლებელი საშინლად იღლება - დავიხოცეთ. ზოგმა მშობელმა პირდაპირ ზეიმის დაწყების დროს მოიყვანა ჩაცმული, ზოგმა კი დილის 9 საათზე, რომელსაც უნდა გამოუცვალო, ჩააცვა... თან დირექტივებს იძლევიან მშობლები - დააკვირდით, ეს არ ჰქონდეს, ჩაჩაჩული, ის ასე უნდა ჰქონდესო... ბავშვების გახდა-ჩაცმაში ვიყავით. 11-ის ნახევარზე დავიწყეთ ბავშვების მომზადება და 2 საათისთვის ძლივს მოვასწარით, რომ ყველა ფორმაში ყოფილიყო. ყველას დავუყენეთ კიკინები და ა.შ... სანამ ყველას ჩააცმევ და მოაწესრიგებ, სხვას უკვე ჩამოშლილი აქვს თმა თუ კაბა... მეზიზღება ზეიმები! მხოლოდ ბავშვები კი არა, ჩვენც  ვისტრესებით. ზეიმის წინა დღეს, რეპეტიციებზე დაგვესწრო დირექტორი და არ მოეწონა, როგორც ასრულებდნენ ბავშვები, რადგან  დაღლილები იყვნენ. ზეიმზე კი მშვენივრად გააკეთეს ყველაფერი“.

იხილეთ ასევე:

როგორ ზეიმებს მართავენ იტალიისა და გერმანიის საბავშვო ბაღებში -„მხოლოდ სანტას ერთნაირი ქუდებით თუ მიხვდები, რომ საშობაო ზეიმია“

არის თუ არა სავალდებულო საბავშვო ბაღებში საახალწლოდ ღონისძიების ჩატარება და რა ფორმა უნდა ჰქონდეს ამ აქტივობას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი