სკოლაში შესვლამდე ბავშვს უნდა ჰქონდეს ელემენტარული მათემატიკური წარმოდგენები. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს შეადაროს ერთნაირი საგნებისგან შემდგარი მოწესრიგებული ერთობლიობა და თქვას, მეტია, ნაკლებია თუ თანაბარი.
სკოლაში შესვლამდე ბავშვს უნდა შეეძლოს, დაასახელოს მოცემული რიცხვის მომდევნო რიცხვი 0-დან 9-მდე. ასევე - დაუთვლელად დაასახელოს ზუსტი რაოდენობა ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა გროვაში და დათვლით შეამოწმოს საკუთარი პასუხი - ამ შემთხვევაში საგანთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
სანამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შევა, ბავშვს უნდა შეეძლოს, შექმნას მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობა და საგანთა ერთობლიობას შეუსაბამოს რიცხვი, გადმოწეროს რამდენიმე ციფრი, შეასრულოს მათემატიკური გარდაქმნები - მიმატება-გამოკლება 10-ის ფარგლებში ყოველდღიურ აქტივობებში სათამაშოებისა და მონეტების გამოყენებით. მაგალითად, მე მივეცი ნინოს ერთი კუბი, მას ახლა ორი კუბი აქვს...
სასკოლო ასაკის ბავშვმა უნდა იცოდეს ასევე თვლა ათის ფარგლებში და უკუთვლაც, ციფრების სწორი დასახელება და მათი ცნობა ბეჭდურად, რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელების სწორი გამოყენება, ნუმერაციული შეკრება-გამოკლება - რიცხვზე 1-ის მიმატება-გამოკლება, ასევე - საგანთა შედარება ზომისა და რაოდენობის მიხედვით - მეტია, ნაკლებია, იმდენივეა.
ბავშვს უნდა შეეძლოს, დამხმარე ეტალონით განახორციელოს გაზომვები, მარტივი გეომეტრიული ფიგურების დასახელება და დახასიათება მრგვალობით და კუთხოვნობით, პრაქტიკული ქმედების საფუძველზე სივრცესა და დროში ორიენტაციის განხორციელება - „მოიტანე ბურთი,“ „იმოძრავე მარჯვნივ ფანჯრისკენ,“ „ზედა თაროდან ჩამოიღე თოჯინა“, „ზაფხულის შემდეგ წელიწადის რომელი დრო დადგება?“ „კვირაში რამდენი დღე დავდივართ ბაღში?“...
იხილეთ ასევე:
„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ
4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის