დღის თემა
etaloni.ge
„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ
09.01.2023

მშობლები ხშირად აძლევენ თავს უფლებას, გაუბრაზდნენ, გალანძღონ და დაამცირონ საკუთარი შვილები. არადა, დადანაშაულების ნაცვლად, უნდა ცდილობდნენ, გაუგონ თუ რატომ იქცევიან პატარები ხანდახან ისე, რაც მათთვის მიუღებელია.

დეილ კარნეგის წერილი, „მამას დაავიწყდა“, მშობლებს სწორედ ამის გააზრებაში დაეხმარება.

ამერიკელი დეილ კარნეგი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. მოსწავლეობის პერიოდში დეილს არ ჰყავდა მეგობრები, მას სცხვენოდა თავისი ოჯახის სიღარიბის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას არც ჰქონდა იმდენი თავისუფალი დრო, რომ მეგობრები გაეჩინა, რადგან სწავლის პარალელურად, ის მშობლებს ფერმაში ეხმარებოდა. უმეგობროდ დარჩენილი დეილი სადისკუსიო კლუბში ჩაეწერა და სწორედ იქ გაირკვა, რომ ბიჭი გამორჩეული ორატორი იყო.

კარნეგი ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი გახდა. მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. კარნეგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.

მამას დაავიწყდა

მისმინე ჩემო ბიჭუნა, ამას მე გეუბნები მაშინ, როდესაც უკვე გძინავს. პაწაწინა ხელი გაქვს მიფარებული ლოყაზე და ღია ფერის კულულები გიფარავს შენს პატარა შუბლს.

მე ჩუმად შემოვიპარე შენს ოთახში. სულ რამოდენიმე წუთის წინ მშვიდად ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი გაზეთს, მაგრამ მოულოდნელად სინანულმა შემიპყრო და ახლა დანაშაულის გრძნობით ვდგავარ შენს საწოლთან. ბევრ რამეზე დავფიქრდი შვილო, მე შენს წინაშე დამნაშავე ვარ.

მე არ დაგეხმარე, როდესაც დილით სკოლაში მიდიოდი, რადგან ჩემთვის საკმარისად კარგად არ მოწესრიგდი. უკმაყოფილო ვიყავი იმით, რომ კარგად არ გაიწმინდე ფეხსაცმელი, მე შენ გიყვირე,  როდესაც იატაკზე რაღაც დაგივარდა. საუზმის დროსაც ვიპოვე მიზეზი, რომ მესაყვედურა, მთელ მაგიდაზე დაგესხა წვენი, აჩქარებულად ყლაპავდი ლუკმებს, იდაყვები მაგიდაზე გედო, ზედმეტად ბევრი კარაქი წაისვი პურზე და როცა სათამაშოდ გადიოდი, ჩემი სამსახურში წასვლის დრო მოვიდა. შენ მომიბრუნდი და მითხარი: „ნახვამდის მამიკო“, მე უბრალოდ წარბები შევკარი და გითხარი: „მხრებში გასწორდი“.

შუადღისას იგივე ხდებოდა - სახლში რომ დავბრუნდი, დავინახე როგორ თამაშობდი პატარა კენჭებით ხელში გზაზე, მუხლებზე დაყრდნობილი, შარვალი ოდნავ გაგხეოდა, მე დაგამცირე შენი მეგობრების წინაშე და გაიძულე, რომ სახლში წამოსულიყავი. „შარვალი ძვირი ღირს! შენი ნაყიდი, რომ იყოს უფრო გაუფრთხილდებოდი“- ეს შენიშვნა მიიღე მამისგან.

გახსოვს, მოგვიანებით, როდესაც ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი, შენ ჩუმად შემოხვედი ოთახში და მორიდებულად შემომხედე, მე კი უკმაყოფილო სახით, რადგან ყურადღება გადამატანინე, ამოგხედე გაზეთიდან. შენ ამის დანახვაზე კარისკენ გაემართე. „რა გინდა!?“ - დაგიყვირე. შენ უთქმელად გამოიქეცი ჩემკენ, ჩამეხუტე და მაკოცე. შენმა პატარა ხელები, რომლებიც შემომხვიე კისერზე, მეუბნებოდნენ იმას, რაც ღმერთმა შენს გულში ჩანერგა, რისთვისაც  სიტყვები არ არის საკმარისი. ამის შემდეგ შენ აირბინე შენს ოთახში. მაშინვე გაზეთი გამივარდა ხელებიდან და საშინელმა ყოვლისმომცველმა შიშმა შემიპყრო.

რა დამემართა? რატომ ვეძებ მუდმივად მიზეზს, რომ დაგამცირო და გისაყვედურო?  მე უბრალოდ მშურს შენი ახალგაზრდობის. არა! არ ვამბობ, რომ არ მიყვარხარ, უბრალოდ შენგან ძალიან ბევრს ველი, მე შენს საქციელს საკუთარი ასაკის სტანდარტებით ვზომავ, ვერ ვხედავ იმას, თუ რამდენად გულწრფელი და შესანიშნავი ხასიათის პატრონი ხარ.

შენი პატარა გული ისეთივე დიდი და უკიდეგანოა, როგორც ეს მზის ჩასვლაა, რომელიც მთებში იწვის, შენი უცაბედი იმპულსი, გამოიქცე ჩემკენ და ძილის წინ ჩამეხუტო, ამას ამტკიცებს. ამაღამ არაფერი ცუდი არ  მოხდება, შვილო.

 მე შენს საწოლთან მუხლებზე დაჩოქილი ვდგავარ და ჩემს სირცხვილის გრძნობას ვმალავ სიბნელეში. ეს სუსტი მონანიებაა ვიცი.

შენ ვერაფერს ვერ გაიგებდი რასაც ახლა ვამბობ ღამის სიბნელეში, მაგრამ ხვალ მე გავხდები ნამდვილი მამა, შენთან ვიმეგობრებ, შენი ტანჯვით დავიტანჯები და შენი სიხარულით გავიხარებ. თავს შევიკავებ მკაცრი სიტყვების თქმისგან და საკუთარ თავს გავუმეორებ: „ის უბრალოდ ბიჭუნაა, პატარა ბიჭუნა“.

ახლა მე გხედავ შვილო შენს საწოლში  დაღლილს და გაფანტულს, ვხედავ, რომ შენ უბრალოდ ბავშვი ხარ, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ დედის მკლავებში იწექი და თავს ითბობდი. მე შენგან ძალიან ბევრს ვითხოვ, ძალიან ბევრს...

იხილეთ ასევე:

„მშობლებს არ უნდათ, ბავშვები ეზოში გავიდნენ“ - მიზეზები, რის გამოც ბაღის ეზო საგანმანათლებლო გარემოდ არ აღიქმება

გაეროს ბავშვთა ფონდმა მშობლის გზამკვლევი გამოაქვეყნა - ყვირილი და ფიზიკური ძალადობა არასდროსაა გამოსავალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი