დღის თემა
etaloni.ge
ტერმინები, რომელთა განმარტებაც ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ
06.01.2023

ადრეული განათლების პრაქტიკულ სახელმძღვანელოებში, კურიკულუმში მოცემულია სხვადასხვა სახის ტერმინები, რომელთა განმარტებაც აუცილებელია, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა იცოდნენ.

ტერმინები და მათი განმარტებები:

ავტონომიური უფროსი - უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

ასერტულობა – უნარი, გამოხატო საკუთარი სურვილები, გრძნობები, საჭიროებები და დაიცვა საკუთარი უფლებები ისე, რომ ანგარიში გაუწიო სხვების გრძნობებს და არ დაარღვიო მათი უფლებები.

არავერბალური კომუნიკაცია – ურთიერთობა სიტყვების გარეშე, ჟესტებისა და მიმიკის საშუალებით.

ბუნებრივი მასალა – ნებისმიერი მასალა, რომლის შეგროვებაც ბუნებაში არის შესაძლებელი: კენჭები, ნიჟარები, ბუმბული, ფოთლები, მცენარეთა ფესვები, ხავსი, ცხოველების ბეწვი და ა.შ.

გამიზნული პრაქტიკა– აღმზრდელის მიერ წინასწარ გააზრებული ქმედებები, დაგეგმილი სტრატეგიები, რომლებიც ემსახურება გარკვეული მიზნის მიღწევას.

გამოწვევა (პროვოკაცია) – აღმზრდელის მიერ გამოყენებული სტრატეგია, რაც რესურსების შეტანის გზით, მათი საგანგებო ორგანიზებითა და ვერბალური კომენტარებით ბავშვებისთვის ბიძგის მიცემას გულისხმობს, მათი იდეების, ფანტაზიის და ინიციატივის პროვოცირებისთვის.

დაგეგმილი და დაუგეგმავი გამოდილებები - სხვადასხვა სახის დაგეგმილი და დაუგეგმავი საქმიანობები, რომლებშიც ბავშვი ერთვება და მონაწილეობს.

დროითი გარემო – დროის ორგანიზება გარკვეული ლოგიკის მიხედვით.

ემერჯენტული კურიკულუმი - ბავშვის ინტერესებზე დაფუძნებული, სპონტანური, დაუგეგმავი კურიკულუმი.

თემა – საგანმანათლებლო პროცესში შინაარსის ორგანიზების ფორმა.

თემატური მიმართულება  – ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მიმართულებები, რომლებიც აერთიანებს ცალკეულ დარგებთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

თვითრეფლექსია – საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავების პროცესი, ასევე, საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი.

თვითცნობიერება – ცნობიერი ცოდნა საკუთარი მახასიათებლების, შეგრძნებების, მოტივებისა და სურვილების შესახებ.

ინდივიდუალური გეგმა – სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის სწავლისა და განვითარების ინდივიდუალური მიზნების და ამ მიზნების მიღწევის გზების გეგმა, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეთანხმებულად არის შედგენილი.

ინდივიდუალიზაცია – ბავშვის კონკრეტული საჭიროებებისა და ინტერესების საფუძველზე, ინდივიდუალური თამაშებისა და სტრატეგიების გამოყენება. ასევე, მცირე და დიდ ჯგუფებში მუშაობისას – ბავშვისათვის საქმიანობების ადაპტირება: გართულების, გამარტივების ან მოდიფიცირების გზით.

ინოვაციურობა – შემოქმედებითი გადაწყვეტების უნარი.

კოგნიტური განვითარება – შემეცებითი პროცესის განვითარება, რომელიც მოიცავს წარმოსახვას, აღქმას, აზროვნებასა და ამოცანის გადაჭრას.

კურიკულუმი – ყველა დაგეგმილი ან დაუგეგმავი გამოცდილება, საქმიანობა, რუტინა, მოვლენა და ყველა ტიპის ურთიერთობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის განვითარებისა და სწავლებისთვის განკუთვნილ გარემოში.

მთლიანობითი განვითარება – ყველა სფეროს თანაბრად განვითარება.

პარალელური თამაში – თამაშის განვითარების ეტაპი, რომლის დროსაც მოთამაშეები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ და ერთ თამაშში არ მონაწილეობენ. თუმცა ერთმანეთს, როგორც მოთამაშეებს, ხედავენ და ერთმანეთის თამაშს აკვირდებიან.

პორტფოლიო – კრებული, რომელიც მოიცავს ბავშვის ნამუშევრებს, დაკვირვების/შეფასების შედეგად მიღებულ მრავალფეროვან ინფორმაციას, ბავშვების სურათებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულებისას და სხვა.

პროსოციალური ქცევა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ინდივიდის მიერ სხვათა დახმარებაზე. პროსოციალური ქცევის განხორციელების მთავარი მოტივი სხვა ადამიანის დახმარებაა. პროსოციალურ ქცევას წარმოადგენს ალტრუიზმიც, რომელიც, საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლად, მეორე ადამიანისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს.

რთული ქცევა – ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებაში, ან კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ წესებს; ხელის შემშლელია და პრობლემას უქმნის როგორც თავად ბავშვს, ასევე მის გარშემომყოფებს.

რუტინა – მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც ხშირად და გარკვეული თანმიმდევრობით მეორდება.

სტრატეგიები – აღმზრდელის გამიზნული ქმედებები, რომლებიც ბავშვების ეფექტურ სწავლასა და განვითარებას ემსახურება. მაგალითად, ბავშვებთან საუბარი მათი თამაშის და საქმიანობის შესახებ, უკუკავშირის მიცემა, კითხვების დასმა, ყურადღებით მოსმენა, არჩევანის შესაძლებლობის მიცემა.

საგანმანათლებლო რესურსი – ყველა ის მასალა, რომელიც გამოიყენება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას. მაგალითად, ქარხნული წესით დამზადებული თუ ხელნაკეთი სათამაშოები, ბუნებრივი, სამხატვრო და საკანცელარიო, ღია და მეორადი მასალა, ბეჭდური მასალა და ა.შ.

საგანმანათლებლო სივრცე – ადგილი, სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი.

სასწავლო შესაძლებლობა/მომენტი – ნებისმიერი სიტუაცია, რომლის გამოყენებაც შეიძლება ბავშვის რომელიმე უნარის განვითარების ხელშეწყობისთვის.

სოციალური სცენარები – ამბები, ზღაპრები, რომლებშიც მოთხრობილია სხვადასხვანაირი სიტუაციების შესახებ, რომელთა მაგალითზეც გვინდა ბავშვს დავეხმაროთ თავისი ქმედების, სიტუაციის დანახვასა და გააზრებაში.

ტრანზიცია/გადასვლა – პროცესი, რომელიც გულისხმობს ბავშვის გადასვლას სახლიდან ან ბავშვთა ადრეული ინტერვენციის (განვითარების) პროგრამიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში; ან გადასვლას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში არსებულ სხვადასხვა პროცესს შორის; ან ბავშვის გადასვლას ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან და განათლებიდან – ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში.

ღია მასალა – საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვანაირად. ღია მასალა შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი წარმოშობის, მაგალითად, კენჭები, ჯოხები, ფოთლები, ბუმბული და ა.შ., ასევე ქარხნული - მინისა და ხის ბურთულები, მუყაოს ყუთები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ. ბავშვების მიერ ღია მასალის გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

შეფასებითი პორტფოლიო – შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელსაც აღმზრდელი ბავშვის პორტფოლიოზე დაყრდნობით პერიოდულობად აწარმოებს. დოკუემენტი წარმოადგენს ბავშვის პროგრესის, აღმზრდელის მუშაობის შედეგებისა და მომავალი გეგმების მოკლე ანგარიშს.

ცენტრი – ჯგუფის ფიზიკურ გარემოში არსებული სივრცე, სადაც საგანგებო რესურსის გამოყენებით, ბავშვებს სპეციფიკურ აქტივობებში ჩართვის საშუალება აქვთ.

ჰოლისტური განვითარება – თვითაქტუალიზაციისა და სწავლის პროცესი, რომელიც მოიცავს ინდივიდის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და სულიერ ზრდას კომპლექსურად. ბავშვის მრავალმხრივი/ჰოლისტური განვითარება გულისხმობს მათი ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ურთიერთობების საჭიროებების თანხვედრას. განვითარებისადმი ამგვარი მიდგომა ახალისებს მზრუნველს, დაინახოს ბავშვი, როგორც მთლიანი პიროვნება და არა ცალკეული განვითარების სფეროების ნაკრები.

იხილეთ ასევე:

12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

ბაღის აღმზრდელის მოვალეობები უფლებების გარეშე - რა წერია აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი