დღის თემა
etaloni.ge
ალილოზე საპატრიარქო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს შემოსავს
06.01.2023

7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღის განუყოფელი ნაწილია ალილო, რომელსაც საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ტრადიციულად, შობა დღეს მეალილოები გალობით ულოცავენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ კი ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს და ნუგბარს ჩუქნიან.

ალილოს ტრადიცია მე-5-მე-6 საუკუნიდან იღებს სათავეს. კომუნისტური რეჟიმის დროს ეს ტრადიცია თითქოს დავიწყებას მიეცა, თუმცა ზოგიერთ სოფელში ალილოზე ბავშები იმ პერიოდშიც  დადიოდნენ.

1990-იანი წლებიდან ალილოს ტრადიცია მთელი თავისი სილამაზითა და ყველა რიტუალის დაცვით აღდგა. ალილოს მსვლელობა  სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ იწყება და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ერთიანდება.

ალილოს მთავარი სიმბოლო სიმღერა „ალილოა“:

„ქრისტეს მახარობელნი ვართ

ქრისტეშობას მოგილოცავთო

ალილო და ჰოი ალილო და

ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემშინაო...“

„ალილო“ „ალილუიას“ ხალხურ სახეცვლილებად ითვლება. „ალილუია“ კი ანგელოზთა საგალობელია, რაც ნიშნავს - „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“. ალილოს მონაწილენი კი გარეგნულად გაოხატავენ მაცხოვრის შობით გამოწვეულ სიხარულს, რაც უფლის დიდების ერთ-ერთი ფორმაა.

სხვადასხვა კუთხეში ალილოს სხვადასხვა ტრადიცია არსებობდა. ზოგ ადგილას მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა, რომელთა შორის აუცილებლად უნდა ყოფილიყო კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ალილოზე ქრისტეს მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ და რომელ ოჯახშიც დაათენდებოდათ, იქ აგრძელებდნენ ლხინს.

საქართველოს დედაქალაქში, ალილოს ყველაზე გრანდიოზულად აღნიშნავენ. საყოველთაო მსვლელობას წინ ბავშვები მიუძღვიან,  რომლებიც ანგელოზებს განასახიერებენ. მათ მოსდევენ სიმბოლურად ქრისტეს შობის მახარობელი მწყემსის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, მოგვები, ასევე - ხარ-კამეჩი და ურემი, რომელშიც შეწირული ტკბილეული გროვდება.

საშობაო ლიტურგიის შემდეგ, სურსათ-სანოვაგით დახუნძლული მრევლი ებმება საზეიმო მსვლელობაში. ამასთანავე, გზადაგზა გროვდება შესაწირი, რომელიც მოგვიანებით გაჭირვებულ ადამიანებს ურიგდებათ. ალილოზე შეგროვებული სანოვაგე მიაქვთ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ალილოს ამგვარი მსვლელობა ბოლო ოცი წელია, უწყვეტად იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ ქვეყანაში. საშობაო ალილოში მონაწილეობის მისაღებად თბილისში კამეჩები და ურმები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

საშობაო ალილო თბილისში ხვალ, 7 იანვარს, 14 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. საშობაო მსველობაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. საქართველოს საპატრიარქოს მეალილოებისთვის შესამოსელი უკვე მზად აქვს.

როგორც skolamdelebi.ge-ს საპატიარქოში უთხრეს, მათი წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე 12 საათიდან იქნებიან და ყველა მსურველს, მსვლელობაში მონაწილეობისთვის ალილოს ფორმას დაურიგებენ.

 „ყველა ბავშვს შეუძლია ალილოში მონაწილეობის მიღება. შესამოსელი, თეთრი სტიქარები შევკერეთ ყველა ასაკის ბავშვისთვის. ამ დღისთვის ბავშვთა სახლებიდან მოგვყავს პატარები, რომლებსაც ჩვენ ვმოსავთ და ანგელოზებს განასახიერებენ. მოხალისეები არიან ასევე ეკლესიის მრევლი და მათი შვილები, რომლებიც ამ თეთრ სტიქარებში იმოსებიან და ისე იღებენ მსვლელობაში მონაწილეობას. ასევე, ვინც მოვა და სურვილი ექნება, ეს ფორმა ჩაიცვას, ყველას დავაკმაყოფილებთ. მაცხოვრის დაბადების დღეა და წარმოიდგინეთ, ბავშვებს როგორ უხარიათ ეს ამბავი“, - გვითხრეს საპატრიარქოში.

იხილეთ ასევე:

ნაძვის ხე ტკბილეულით და სათამაშოებით პირველად იესო ქრისტემ შეამკო - ახალი წლის მთავარი სიმბოლოს მორთვის ტრადიცია და ლეგენდები

როგორ გადაიქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად, რომელიც სახლში ბუხრიდან ჩადის და საჩუქრებს წინდებში აწყობს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი