„არსებობს 4 ძალიან ეფექტური გზა იმისთვის, რომ მცირე ასაკიდანვე შევუწყოთ ხელი ბავშვის გონებრივ განვითარებას“, - მიიჩნევს ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია.
მარიამი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, პირველი 5 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი განვითარების მხრივ, რადგან ის მოიცავს ყველა სფეროს.
4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ასეთია:
1. თამაში
ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც წინ მიგვყავს ბავშვის განვითარება ადრეული პერიოდიდანვე, არის თამაში. ეს შეიძლება იყოს საკუთარ თავთან, სხვა ბავშვებთან ან მშობლებთან ერთად თამაში.
დამტკიცებულია, რომ თამაშის დროს ბავშვი გონებრივად აქტიურადაა ჩართული პროცესში და იძენს კრეატიულობასა და წარმოდგენის უნარს. განსხვავებული სათამაშოები, სახლისა და ეზოს თამაშები ასტიმულირებს ბავშვის გონებას და აუმჯობესებს მოტორულ უნარებს.
ის ასევე ეხმარება ენობრივი და კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში ადრეაული ეტაპიდანვე. ბავშვებს შეუძლიათ თამაშის სადუალებით გამოხატონ საკუთარი ემოციები და გრძნობებიც.
2. „მომიყევი ზღაპარი“
განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ზღაპრების მოყოლა არის შესანიშნავი გზა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.
პირველ რიგში, ზღაპრის მოყოლით ბავშვთან გარკვეულ კავშირებს ვამყარებთ. ის ბავშვს ეხმარება ერთმანეთთან დააკავშიროს სიტყვები და სურათები. ის დაეხმარება ლიტერატურული, კომუნიკაციისა და ენობრივი უნარების გამომუშავებაში. ბავშვები ისწავლიან როგორ კონცენტრირდნენ ერთ საგანზე. კითხვა ასტიმულირებს ცნობისმოყვარეობას, ეხმარება მათ გამოხატონ საკუთარი ემოციები და ზრდის წარმოსახვის უნარს.
წიგნები ყოველთვის შესანიშნავი საჩუქარია ბავშვებისთვის.
3️. კომფორტის შექმნა
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვილობის ასაკიდან კომფორტის შექმნას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე.
ჩვილები, რომლებიც აღიზარდნენ გარემოში, სადაც მოზრდილები აგრძნობინებდნენ სიყვარულს, სიმშვიდეს და პასუხობდნენ მათ საჭიროებებსა და ემოციებს, მოზრდილობაში გამოავლინეს ნაკლები შფოთვის დონე და სტრესთან მარტივად გამკლავების შესაძლებლობა.
ჩვილობიდანვე მათი მოთხოვნილებების დროულად დაკმაყოფილებით, ყურადღებიანობითა და კომფორტის შექმნით, მათ თავს ვაგრძნობინებთ ემოციურად დაცულად.
4️. საუბარი
შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ საუბარს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. კომუნიკაციის დამყარება ბავშვთან ჩასახვის პერიოდიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია.
საუბარი ზრდის მათი კომუნიკაციის შესაძლებლობას და ენობრივ უნარებს.ზრდასთან ერთად ისინი უფრო თავისუფლად შეძლებენ საუბარს, საკუთარი თავის გამოხატვას, საჭიროებებზე საუბარს, კითხვების დასმას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ვესაუბროთ ბავშვებს, რადგან ენა, რომლითაც ჩვენ მას ვესაუბრებით - პოზიტიური ან ნეგატიური სიტყვები, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე, შფოთვაზე, სტრესზე, ემოციებსა და მიჯაჭვულობაზე.
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში სჭირდება ბავშვს დახმარება - ინსტრუქცია მშობლებისა და აღმზრდელებისთვის
რას ავალდებულებს კანონი საბავშვო ბაღის პერსონალს, თუ აღსაზრდელს ალერგია აქვს