პირველი პედაგოგი, რომელმაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების მთავარ მეთოდად თამაში განიხილა, გერმანელი პედაგოგი ფრიდრიხ ფრებელი გახლდათ.
ფრებელის სახელს უკავშირდება პირველი სკოლამდელი დაწესებულების ჩამოყალიბება. პედაგოგმა და ფსიქოლოგმა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, დაწერა ნაშრომი „ადამიანის აღზრდა“, სადაც ჩამოაყალიბა ფილოსოფიურ-პედაგოგიური საფუძვლები ადამიანის განვითარების დაბადებიდან მომწიფებამდე.
მაშინ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე ზრუნვა დროის ფუჭი ხარჯვა იყო, რადგან მათ ემოციურ და კოგნიტიურ უნარებს ვერ განუვითარდებოდათ. შესაბამისად, არც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლები არსებობდა. თუმცა იყო ბავშვთა მოვლის ცენტრები, რომლებსაც „მოსაცდელი სკოლები“, „ახალშობილთა თავშესაფრები“ ან „ახალშობილთა სკოლები“ ერქვა. ამ დაწესებულებებს მხოლოდ ბავშვების მოვლა და ზიანისგან მათი დაცვა ევალებოდა, სანამ მათი მშობლები მუშაობდნენ. ამ ტიპის სკოლებს ძირითადად ეკლესია მფარველობდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ბავშვებისთვის რაც შეიძლება ადრე ჩაენერგა რელიგიური მოწიწება.
1805 წელს ფრიდრიხ ფრებელმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ფრანკფურტის ერთ-ერთ უძველეს სკოლაში, სადაც ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგისა და განათლების რეფორმატორის იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის იდეებს მისდევდნენ. პესტალოცის მიაჩნდა, რომ ბავშვებს თავიანთ განათლებაში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. მისი დევიზი იყო „სწავლა თავით, ხელებით და გულით“. ფრებელმა ეს მიდგომა გაიზიარა, 1806 წელს სამსახური მიატოვა და ერთ-ერთი ფრანკფურტელი ოჯახის სამი შვილის კერძო აღმზრდელი გახდა.
ამ ბავშვების მშობლებმა ფრებელს აჩუქეს მიწა, რომელიც ბავშვების სათამაშო ტერიტორიად უნდა გამოეყენებინა. 1808-დან 1810 წლამდე ფრიდრიხმა ამ ბაღში არაერთი სასწავლო სესია ჩაატარა. შედეგებმა ის დაარწმუნა, რომ ბავშვების განათლებისთვის პირდაპირი დაკვირვება და შემოქმედებითი მიდგომა იყო საჭირო.
ფრიდრიხ ფრებელი ყურადღებით აკვირდება ბავშვების თამაშს, ცდილობდა ბავშვის ასაკი და განვითარება დაეკავშირებინა მათი თამაშის ფორმებთან. სწორედ ამან განაპირობა მისი იმ დროისთვის ორიგინალური მოსაზრება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საფუძველი უნდა ყოფილიყო სწორედ თამაში.
1837 წელს ფრებელმა ჩამოაყალიბა პირველი საბავშვო ბაღი და დაარსა გაზეთი „საკვირაო ფურცელი“, სადაც საკუთარ სკოლამდელი აღზრდის სისტემის იდეების პროპაგანდას ახორციელებდა.
მან გამოსცა ასევე „დედობრივი და მოსაფერებელი სიმღერები“ ბავშვებისთვის, რომელშიც გაერთიანებული იყო ადრეული ასაკის ბავშვთა თამაშები და სიმღერები, შეადგინა პირველი დიდაქტიკური მასალა თამაშით სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარებისთვის.
ფრებელი იდეალისტი იყო, მას სჯეროდა რომ თითოეულ ბავშვში ჩადებულია ღვთაებრივი საწყისი, აღზრდამ კი ეს საწყისები უნდა გამოაღვიძოს.
ფრებელი მიიჩნევდა, რომ ჩვილობაში აღმზრდელი აქტიურად არ უნდა ჩაერიოს ბავშვის აქტივობებში და უბრალოდ უნდა დააკვირდეს, აირჩიოს პასიური როლი. როგორც კი იგი შეატყობს, რომ პატარა რაღაცისკენ მიილტვის, ხელი უნდა შეუწყოს და დაეხმაროს მას ამ შემოქმედებით პროცესში.
პედაგოგის აზრით, საბავშვო ბაღი უფრო მისაღები და სასიამოვნო იქნებოდა ბავშვისთვის, თუ იგი დაემსგავსებოდა ოჯახურ გარემოს. აღმზრდელობითი გარემოს აუცილებელ ნაწილად მიიჩნევდა ასევე ბუნებასთან სიახლოვეს, რადგან თვლიდა, რომ ეს მომავალში ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
ფრებელის დიდაქტიკური სათამაშოებიდან ერთ-ერთი გახლდათ ცისარტყელის ფერებში გამოსახული ერთნაირი ფორმის ბურთები. ფრებელის აზრით, ბურთის ფორმა ბავშვისთვის სამყაროს ერთიანობასთან ასოცირდება, ხოლო ცისარტყელის ფერები კი უკვე უქმნის წარმოდგენას სამყაროს ვიზუალური გამომხატველობის მიმართ. ცისარტყელის ფერებში კი არის გარდამავალი ფერები, რაც ბავშვს ასწავლის, რომ ყველაფერი ერთმანეთისგან გამომდინარეობს.
ფრებელის აზრით, ბავშვი კი არ თამაშობს, არამედ პატარაობიდანვე ცდილობს მიიღოს მონაწილეობა აქტივობებში, რაც შემდგომ ხელს უწყობს მისი, როგორც საოჯახო, ისე სასკოლო აქტივობაში მონაწილეობას. ამიტომ მშობლებმა არასდროს უნდა შეუშალონ ხელი ბავშვებს, თუ მათ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის სურვილი აქვთ.
იხილეთ ასევე:
პირველი საბავშვო ბაღი თბილისში, სადაც სათამაშოები მთელი ქვეყნის ბაღებისათვის მზადდებოდა