დღის თემა
etaloni.ge
რა საჩუქრები მიიღეს საახალწლოდ ბაღის აღმზრდელებმა - „ვიტირე, ეს საჩუქარი რომ ვნახე“
29.12.2022

წინასაახალწლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ე.წ. ფულადი ჯილდოები გაიღო. თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასის 80% ჩაერიცხათ, ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს ხელფასის 70% ერგოთ, ფოთში - 50%...

თუ გავითვალისწინებთ, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები, უმეტეს შემთხვევაში, საარსებო მინიმუმიც არ არის, საახალწლოდ დარიცხული ფულადი ჯილდოები ოჯახში საახალწლო სუფრის გასაშლელად საკმარისი ნამდვილად არ არის.

გავრცელებული პრაქტიკაა, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს აღსაზრდელების მშობლები საახალწლოდ გარკვეულ საჩუქრებს უკეთებენ. როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, აღმზრდელ-პედაგოგებს აკრძალული აქვთ მშობლებისგან საჩუქრად თანხა აიღონ.  გამოსავალი მშობლებმა იპოვეს - პედაგოგებს სასაჩუქრე ვაუჩერს ჩუქნიან.

„აკრძალულია ფულის ჩუქება. ამიტომ, გამოსავალი ვიპოვეთ და სასურსათო მაღაზიის ვაუჩერი ვაჩუქეთ. 10 ლარი შევკრიბეთ და აღმზრდელებსა და მის თანაშემწეებს 50-50 ლარიანი ვაუჩერები ვაჩუქეთ. ისედაც რა ხელფასები აქვთ და ამ დროს შეიძლება კანფეტის კი არა, შაქრისა თუ მაკარონის ყიდვა უფრო სჭირდებოდეს. ამიტომაც, ჯობია, თვითონ იყიდონ, რაც უნდათ. ჩვენს შვილებს ვანდობთ და ამ დროს შეიძლება, მართლა შიოდეთ. ბევრად მეტი ეკუთვნით, მაგრამ...“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელმა.

კიდევ ერთი მშობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 15-15 ლარი შეკრიბეს და ამ თანხით ნაყიდი საახალწლო საჩუქრები ბაღის თანამშრომლებს დაურიგეს.

15 ლარი ავაგროვეთ. სასაჩუქრე კალათები ვუყიდეთ დირექტორს, აღმზრდელებსა და მათ თანაშემწეებსაც. ამის გარდა, აღმზრდელს მე პირადად მივართვი ყავა და შოკოლადები“, - გვიყვება მშობელი.

ბაღის თანამშრომლების ნაწილი უარყოფს, რომ მშობლებისგან საჩუქრები მიიღეს, ნაწილი კი ადასტურებს.

„აკრძალულია ჩვენს ბაღში საჩუქრების მიღება მშობლებისგან, მკაცრად ვართ გაფრთხილებულები დირექტორისგან. წინა წლებში, პანდემიამდე, კი გვჩუქნიდნენ ტკბილეულს, წელს - არა“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.

„კი, მოგვიტანეს მშობლებმა საჩუქრები და ვიტირე, ისეთ დღეში ვარ. ოთხ აღმზრდელსა და თანაშემწეს მოგვართვეს თბილისის ერთ-ერთი მოლის 100-100 ლარიანი ვაუჩერები და პარკით - ტკბილეული. მე ხომ ისედაც ძალიან მიჭირს, მაგრამ იცით რატომ ვიტირე? რომ წარმოვიდგინე, ზოგის მშობელს ფული არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დადო, რომ ჩვენ გავეხარებინეთ. ალბათ 10 ან 15 ლარი აკრიფეს და გამახსენდა, ჩემი შვილის სკოლაში რომ აგროვებდნენ მასწავლებლისთვის ფულს. ხან 5 ლარს აგროვებდნენ, მაგრამ იმასაც ძლივს ვდებდი. ისე მერიდებოდა ყველა მშობლის, სახლში ტირილით მივედი“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა.

იხილეთ ასევე:

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

„ყურადღების ღირსია საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურება“ - საკრებულოში აღმზრდელების ხელფასებზე ალაპარაკდნენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი