ადამიანებს ხეების მაგიური ძალის ოდითგანვე სჯეროდათ. სწამდათ, რომ ხეებში სულები სახლობდნენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა იყო დამოკიდებული.
თქმულების მიხედვით სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ. ამიტომ, საჭირო იყო სხვადასხვა საჩუქრებით მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ხეებს შორის განსაკუთრებული ადგილი მარადმწვანე ნაძვის ხეს ეკავა. მას მსოფლიო ხეს უწოდებდნენ და სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლოს აღიქვამდნენ. სჯეროდათ, რომ ნაძვი განსაკუთრებულად სარგებლობდა მზის ენერგიით.
გერმანელები ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე სხვადასხვა მოსართავებს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი ყოფილიყო. ნაძვის ხის ტოტებზე კიდევდბენ ასევე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს. მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას ააცილებდათ. მორთულ ნაძვის ხის ტოტებს ძირითადად სახლის კართან კიდებდნენ. გერმანელი გლეხების ამ ტრადიციამ სამეფო კარამდეც რომ მიაღწია, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა ფესვი.
კიდევ ერთი ვერსიით, საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დამკვიდრება XVI საუკუნეში მცხოვრებ გერმანელ ბერს, მარტინ ლუთერს მიეწერება, რომელიც თავისი იდეების გამო კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთეს. მან შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც, დროთა განმავლობაში, თანდათან იზრდებოდა.
ცნობილია ასევე, რომ ახალგაზრდა გერმანელმა პრინცესამ XII-XVII საუკუნეში პირველი საახალწლო ნაძვის ხე ინგლისში მორთო, მეორე პრინცესამ კი ეს ტრადიცია საფრანგეთში დაამკვიდრა. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ პირველი საახალწლო ნაძვის ხე XVI -ე საუკუნეში ქალაქ ელსაზში მორთეს, რომელიც იმ პერიოდში გერმანიას ეკუთვნოდა, ახლა კი ის საფრანგეთის ნაწილია.
თავიდან, ნაძვის ხეებს მხოლოდ მდიდარი დიდგვაროვნების სახლებში თუ ნახავდით, მაგრამ დროთა განმავლობაში მასიურად მოხდა ხელოვნური საახალწლო ხის გავრცელება.
მე-19 საუკუნეში ნაძვის ხეს უკვე სანთლებით, სათამაშოებითა და გირჩებით რთავდნენ. ნაძვის ხის მინის სათამაშოების დამზადება კი ქართველი რაჭველი კაცის, გიორგი კობახიძის სახელს უკავშირდება.
არის კიდევ ერთი ლამაზი ლეგენდა, რომლის მიხედვით, ნაძვის ხის მორთვა ადამიანებმა იესო ქრისტეს დაბადების დროიდან დაიწყეს. გადამოცემის თანახმად, როდესაც იესო დაიბადა, ყველა ხემ მიართვა ძღვენი ახალშობილ უფალს - ბლის ხემ - ბალი, ვაშლის ხემ - ვაშლი და ა.შ. მხოლოდ ნაძვი იდგა და ჩუმად ტიროდა, ვერ ბედავდა ახალშობილთან მიკარებას, რადგან ეშინოდა არ დაეკაწრა. ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი. მისი გირჩები სხვადასხვაფრად შეღება, მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა. სწორედ ამიტომ, ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს „შობის ვარსკვლავს“ უწოდებენ.
იხილეთ ასევე: