დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვების 70% კლინიკაში ტყუილად არის მოთავსებული“ - თემურ მიქელაძე მშობლებს პატარების აცრისკენ მოუწოდებს
26.12.2022

ექიმების განცხადებით, საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს. მედიკოსები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან.

სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს იძლევიან, თუ როგორ იმართოს ავადობა სახლის პირობებში.

„1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაეწყოთ ცხელება, კატარული მოვლენები, სუნთქვის გაძნელება - ცხელება, რომელიც ვერ იმართება სახლის პირობებში მშობლების მიერ, უკვე განგაშის ნიშანია და სჯობს, კლინიკას მიმართონ.

მოზრდილი ბავშვები შესაძლებელია იმართონ სახლის პირობებში. 6-7 დღე შეიძლება იყოს გამოხატული მაღალი ცხელება, მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგრძელდა ცხელება და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შესაძლებელია, ჩავიტაროთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ადამიანი ავად არის, სისხლის ანალიზს მაშინ აქვს აქტუალობა, პირველ 24 ან 48 საათში უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

პედიატრი თემურ მიქელაძე მიიჩნევს, რომ დღეს კლინიკებში ბავშვების უმრავლესობა ტყუილად არის მოთავსებული და საგანგაშო არაფერი ხდება. მიქელაძის თქმით, კორონავირუსის გამო, სეზონური ვირუსიული ინფექციები გადაგვავიწყდა ახლა კი ერთად ცირკულირებს რამოდენიმე ტიპის ვირუსი - ადენოვირუსები, ძველი კორონავირუსები, რომელთა თანხვედრაც მოხდა და ერთი ავადობისას შეიძლება სამი ინფექცია მოიხადოთ.

„ამ ვირუსების მიმდინარეობა არის მსგავსი, პრაქტიკულად იდენტურია განსხვავებით გრიპისგან. გრიპს ახასიათებს უფრო მაღალი ცხელება, უფრო მაღალი ინტოქსიკაციის ნიშნები და ხანგრძლივობა არის უფრო მეტი. თუ ვირუსების დროს სიცხე გრძელდებოდა 4-5 დღის განმავლობაში, გრიპის დროს ცხელება შეიძლება გაგრძელდეს 8-10 დღის განმავლობაში“, - ამბობს პედიატრი.

 ექიმის თქმით, დასუსტებული იმუნიტეტი ბავშვთა პოპულაციაში პრაქტიკულად არ გვხვდება, თუ რაიმე თანდაყოლილ დეფიციტურ მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე.

„იმუნობიოლოგიური აქტივობა შეიძლება დაქვეითდეს ერთი ვირუსის მიმდინარეობისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აქვს დასუსტებული იმუნიტეტი და საერთოდ არ სჭირდება ე.წ. იმუნომასტიმულირებელი თერაპია, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ისეა გავრცელებული მითები ჩვენს ქვეყანაში... როცა მოდიან ბებიები, ამბობენ, სად იყო ჩვენს დროს ამდენი ვირუსები. მე ასეთ კონტრკითხვას ვუსვამ - სად იყო ამდენი საინფორმაციო საშუალებები? ვირუსული ინფექციები იყო და იქნება... ჩვენ უბრალოდ, უნდა გადავწყვიტოთ, რა დროს ვუმკურნალოთ, რა დროს გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები და რა დროს მოვახდინოთ ამ პაციენტების გადაყვანა კლინიკებში. მერწმუნეთ, 70%-ის შემთხვევაში ბავშვები კლინიკაში ტყუილად არიან მოთავსებულნი. ცხელების გამო არ უნდა დააწვინო ბავშვი, თუ არ არის რაიმე სერიოზული გართულება“, - თქვა თემურ მიქელაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ექიმი რეკომენდაციას იძლევა, რომ ცხელებას არ ვებრძოლოთ ანტიბიოტიკებით, რადგან ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად. მისი აზრით, ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებაა, საუკეთესო პრევენცია კი გრიპის საწინააღმდეგო აცრაა, რომელიც 6 თვის ასაკიდან არის ნებადართული.

„სწორად უნდა მართოს ტემპერატურა მშობელმა. გინახავთ ე.წ ბუნებრივი მეთოდებით დაზელვა, თბილი და ცივი წყლის აბაზანები და ა.შ. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელები და ფეხები ცივი აქვს, კი, ბატონო, შეგვიძლია, თბილი წყლის აბაზანები გამოვიყენოთ...  ჩვენ, ექიმები ე.წ დაზელვებს, ცივი ძმრიანი წინდებით და ა.შ. რეკომენდაციას არ ვაძლევთ. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას გამოვიყენო სიცხის დამწევი - პარაცეტამოლი და იბუპროფენის ჯგუფის, თუმცა ეს პრეპარატები ხანგრძლივად არ უნდა მოვიხმაროთ... ჩვენ გვაქვს გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რომელსაც მე პირადად ვუკეთებ განსაკუთრებული რისკის მქონე ბავშვებს... 6 თვიდან გვაქვს მოწოდებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სხვა პრევენციული ღონისძიებები კი ჰიგიენური ნორმების დაცვაა“, - ამბობს თემურ მიქელაძე.

იხილეთ ასევე:

„კატეგორიულად არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ტიპის საშუალებების გამოყენება“ - გიორგი ღოღობერიძე ხველებაზე

როდის უნდა გავუშვათ ბავშვი ბაღში ავადობის შემდეგ, რომ სხვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი