დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ - ვის რამდენი ლარი ერგო საახალწლოდ
26.12.2022

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს საახალწლოდ ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ. როგორც თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლები skolamdelebi.ge-სთან ამბობენ, მათ ხელფასის 80% ჩაერიცხათ.

„ჩემი ხელფასი 480 ლარია და 384 ლარი ჩამერიცხა საახალწლოდ. შარშანაც ავიღეთ მეცამეტე ხელფასი. ბოლო რამდენიმე წელია, რაც გვირიცხავენ საახალწლოდ, თუმცა შარშან მგონი, ცოტა ნაკლები იყო, 300 ლარიც არ ამიღია. ორი წლის წინ კი სრული ხელფასი დაგვერიცხა. ხომ იცით, რა ფასებია და ხვდებით, ამ თანხას რა ძალაც აქვს“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი საბავშვო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.

კიდევ ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელი, აღმზრდელის თანაშემწე ასევე ამბობს, რომ ხელფასის 80% უკვე ჩაერიცხა.

„294 ლარია ჩემი ხელზე ასაღები ხელფასი და 235 ლარი ჩამერიცხა, როგორც მეცამეტე ხელფასი. შარშან ბევრად ნაკლები იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, 50% ჩაგვერიცხა, რადგან მახსოვს, 100 ლარზე ცოტა მეტი იყო და ახლა ძალიან გაგვიხარდა, 80%. კი, ესეც ბევრი არაფერია, მაგრამ ცოტა რამეს მაინც ვიყიდი. თანამშრომლები ამბობდნენ, რა იქნებოდა, ახლაც მთლიანი ხელფასი ჩაგვრიცხოდაო. სადღაც 60 ლარით მეტი გამომივიდოდა... ხომ გამოგვიცხადეს, რომ ბაღის ყველა თანამშრომელს 100 ლარით ემატება ხელფასი, არადა, ბუღალტერმა გვითხრა, რა 100 ლარი, 10% გემატებათ თითოეულსო. ანუ 30 ლარით მეტ ხელფასსაც ვერ ავიღებ იანვრიდან. საშინელ დღეში ვართ ბაღის თანამშრომლები და არა და არ დაგვადგა საშველი. არადა, ყველამ იცის, როგორი კოლოსალური შრომის გაწევა გვიწევს. მრცხვენია, ხელფასზე როცა მეკითხებიან, რომელიც ერთ კვირაში აღარ მაქვს ხოლმე“, - გვითხრა აღმზრდელის თანაშემწემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს, საახალწლოდ, ფულადი ჯილდოს სახით, ხელფასის 80% ჩაერიცხა. უწყების ინფორმაციით, წინა წელს აღნიშნული ჯილდო ანაზღაურების 70%-ით იყო განსაზღვრული.

იხილეთ ასევე:

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

„შარშანაც 100 ლარს შეგვპირდნენ და საბოლოოდ, 32 ლარი მომემატა“ - ბაღის აღმზრდელი ხელფასების ზრდაზე

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი