წინასაახალწლო სამზადისი ბევრი ბავშვისთვის წლის საუკეთესო პერიოდია. თუმცა, აუტიზმის შემთხვევაში ახალი წელი შეიძლება ბევრ სტრესულ ფაქტორთან ასოცირდებოდეს, მაგალითად, რუტინის ცვლილება და სენსორული გამღიზიანებლები - მკვეთრი განათებები, ხმაური...
ბავშვთა განვითარების ცენტრი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისთვის რამდენიმე მარტი რჩევას აქვეყნებს, რომელიც მათ არსებული გამოწვევების გადალახვაში და ბავშვებისთვის საოცნებო საახალწლო გარემოს შექმნაში დაეხმარება.
რჩევა პირველი:
აუხსენით ბავშვს, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს და როგორ შეიცვლება მისი რუტინა. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ თემატური სურათები და ვიდეოები, ვიზუალური გრაფიკები, ფილმები და მულტფილმები, როლური თამაშები, ნახატები და ა.შ. რუტინის მკვეთრი ცვლილებით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად, ეცადეთ მაქსიმალურად შეამზადოთ ბავშვი ცვლილებებისთვის და ამ ტიპის სამზადისი რამდენიმე კვირით ადრე დაიწყოთ.
რჩევა მეორე:
გაითვალისწინეთ სენსორული გამღიზიანებლები და ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე ეცადეთ, მართოთ ისინი. მაგალითად, თუ თქვენს შვილს არ მოსწონს მკვეთრი განათებები და ხმაური, შეარჩიეთ დაბალი სიმძლავრის ნათურები, ან მოაწყვეთ მშვიდი კუთხე სახლში, სადაც ბავშვი განტვირთვას შეძლებს, გარეთ სეირნობისას გაუკეთეთ რბილი ყურსასმენები ხმაურისგან დასაცავად. სენსორული კომფორტის შესაქმნელად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მისთვის ნაცნობი მასალები და ფაქტურები - სამოსში, საკვებში, თეთრეულში და ა.შ.
რჩევა მესამე:
შეძლებისდაგვარად ჩართეთ ბავშვი საახალწლო სამზადისის თითოეულ ეტაპზე - დეკორაციები, ნაძვის ხის აწყობა, სუფრის მომზადება და ა.შ. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მოძებნეთ აქტივობები, სადაც მონაწილეობა მისთვის კომფორტული და სახალისო იქნება.
იხილეთ ასევე: