„თუ ბავშვმა რომელიმე საჭმელი არ შეჭამა, იმის ჭამას თუ მოვახერხებთ, თორემ ჩვენთვის ცალკე ულუფა გამოყოფილი არ არის და შეიძლება, აღმზრდელს შიმშილისგან გულიც კი წაუვიდეს“, - უთხრა skolamdelebi.ge-ს თბილისის ერთ-ერთი მუნიციპალური საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა.
როგორც პედაგოგის საუბრიდან ირკვევა, ბაღის თანამშრომლებს მხოლოდ დაბალი ხელფასი კი არ აქვთ, სახელმწიფო მათ კვებაზეც უარს ეუბნება და ამ რეალობაში ამყოფებს - საუზმის, სადილის თუ სამხარის დროს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებისთვის საკვები გამოყოფილი არ არის და მშიერ აღმზრდელს ისღა დარჩენია, ბავშვის დარჩენილი ულუფა მიირთვას და ისიც მაშინ, თუ მოახერხა, რადგან ეს ქმედებაც არ არის ნებადართული.
საბავშვო ბაღებში, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვების გამოკვების საკითხი სათანადოდ არის მოწესრიგებული. აღმზრდელ-პედაგოგებს კი ამ საკვებზე თვალი რჩებათ... საბავშვო ბაღის პედაგოგი გვიყვება:
- ჩვენთვის, ბაღის თანამშრომლებისთვის საკვები ულუფა გათვალისწინებული არ არის. შუადღის კვებაზე სამი კერძია. მაგალითად, სუპი, კატლეტი და პიურე ან თევზი და პიურე და რაიმე სალათა. ბავშვები კატლეტს ჭამენ, თევზს - ნაკლებად. სალათას ზოგი ჭამს და ზოგი არა. თუ დარჩება ბავშვს რომელიმე საჭმელი, იმას ვჭამთ ხანდახან. ძალიან ცუდი მომენტია ეს ამბავი, მაგრამ ეს არის რეალობა.
ზუსტად იმდენი კატლეტი შემოდის ჯგუფის სასადილოში, რამდენი ბავშვიც არის იმ დღეს ბაღში. ყველა ჯგუფის აღმზრდელს დილის 10-ის ნახევრამდე შეაქვს მონაცემები სამზარეულოში, თუ რამდენი ბავშვია იმ დღეს ჯგუფში. მშობლებს ყოველდღიურად ევალებათ, 10-ის ნახევრამდე აღმზრდელს მისწერონ, მიდის ბაღში მისი შვილი იმ დღეს თუ არა. თუ არ შეგატყობინა და მოიყვანა, იცის, რომ ვერ შემოიყვანს, რადგან სამზარეულოში მონაცემები უკვე გადაგზავნილი გვაქვს. სამზარეულოს რომ გადასცემ, რომ იმ დღეს 20 ბავშვი გყავს ჯგუფში, 10 საათისთვის უკვე მოაქვთ 20 კარაქიანი პური, 20 ულუფა ფაფა და ა.შ.
ბავშვს ყველაფერი უნდა დაუდო, რაც მისთვის დამზადდა. შეჭამს თუ არა, ეს სხვა ამბავია. პატარებს ვეხმარებით ჭამაში, ცოტა დიდები თავისით ჭამენ. საღამოს ხაჭაპური ან კარტოფილის ღვეზელი როცაა მენიუში, იმას ყველა ჭამს, მაგრამ რასაც ტოვებენ, თუ მოვახერხეთ შეჭმა, ვჭამთ ჩვენც. სანამ ალაგდება, მანამდე, უცბად უნდა შეჭამო, რომ მერე ბავშვებს მიხედო.
- გამოდის, თუ აღმზრდელს მოშივდა, ბავშვს უნდა უყუროს, რომ იქნებ რამე დატოვოს?
- დიახ, ასეა. ყავა და რამე ტკბილეული, მაგალითად, კანფეტი კი მიგვაქვს, მაგრამ საჭმელის შეტანა არ შეგვიძლია, რადგან ვერსად დადებ. მონიტორინგის სამსახურმა თუ შემოგისწრო, რომ შენ რაღაც გაქვს მიტანილი, არ შეიძლება. სამზარეულოს კარადაში ვერ დადებ, არ შეიძლება და სად უნდა წაიღო, რამე რომც მიიტანო? არც სამზარეულოში შეიძლება შესვლა, იქ არავის უშვებენ. ცოტა ხნის წინ წავიკითხე, ერთი ქალბატონი, რომელიც გერმანიაში აღმზრდელად მუშაობს, წერდა, აღმზრდელები სადილს ბავშვებთან ერთად მივირთმევთ, ეს აუცილებელიცაა, რომ ბავშვებმა ჩვენგან აიღონ მაგალითი მაგიდასთან ჯდომის, დანა-ჩანგლის გამოყენების და ა.შ. ჩვენ კი მხოლოდ უნდა დავეხმაროთ, ვინ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება პედაგოგს ამ დროს გულიც კი წაუვიდეს შიმშილისგან? თან, საჭმლის სუნზე ხომ იცით, როგორი ძლიერია ეს შეგრძნება...
- თუ მოგშივდა და არც ბავშვებმა დატოვეს საჭმელი, დილის 9-დან 6 საათამდე მშიერი უნდა იყო - ეს არის რეალობა?!
- დიახ, ასეა, მონები ვართ! ორ ცვლაში ვმუშაობთ აღმზრდელები, მაგრამ დილის 9-დან 3 საათამდეც ხომ შეიძლება მოგშივდეს და გული უნდა შეგიწუხდეს? მაგალითად, სპეცმასწავლებლები დილის 9-დან 6 საათამდე ბაღში არიან. ეს წესი მხოლოდ ჩვენს ბაღზე ხომ არ ვრცელდება და ზოგან დილიდან საღამომდე არიან აღმზრდელებიც და მათი თანაშემწეებიც. ზოგს სახლშიც არ აქვს საჭმელი, რადგან სულ 232 ლარს იღებს, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ არის.
- ბავშვების მიერ დატოვილი საჭმელი სად მიაქვთ?
- ვედრებში ყრიან ყველა დარჩენილ საჭმელს ერთად და როგორც ვიცი, ფერმასთან თუ საღორესთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და იქ მიაქვთ. თევზი და ხორცი საუკეთესო შემოდის. წლებია, რაც წითელი თევზი სახლისთვის არ მიყიდია. ესენი კი საღორეში აგზავნიან მონარჩენ თევზსა თუ ხორცს, რომელიც ბაღის ბევრი პედაგოგისთვის საოცნებო საჭმელია.
იხილეთ ასევე: