საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზებისას უნდა გაითვალისწინოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები და რეგულაციები - წერია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტში, რომლის მიხედვითაც, აღმზრდელ-პედაგოგს ეკისრება ისეთი მოვალეობები, რაც მაგალითად, ჯგუფისთვის ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარის არჩევას თუ ეზოს მოწყობას გულისხმობს.
ამავე სტანდარტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგმა ფიზიკური გარემოს მოწყობისას და ადაპტირებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის განვითარების დონე, საჭიროებები, ინტერესი, შესაძლებლობები და დასახული საგანმანათლებლო მიზნები. ამავე დროს, აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას.
საბავშვო ბაღში ფიზიკური გარემოს შექმნისას, აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს უნივერსალური დიზაინის პრინციპები, გამოიყენოს გარემოს მოწყობის დროს.
აღმზრდელ-პედაგოგმა ფიზიკური გარემოს მოწყობისა და ადაპტირებისას უნდა გაითვალისწინოს მოქმედებების, აქტივობების ფორმები და უზრუნველყოს სივრცის სწორი გადანაწილება. ასევე, უნდა დაიცვას ბალანსი შემდეგი ტიპის სივრცეებს შორის: სივრცე სხვადასხვა ზომის ჯგუფური და ინდივიდუალური საქმიანობებისთვის, სივრცე აქტიური და ხმაურიანი ან პასიური, მშვიდი საქმიანობებისთვის შენობასა და მის გარეთ არსებულ სივრცეში.
აღმზრდელ-პედაგოგმა უსაფრთხოების ნორმების, თითოეული ბავშვის ასაკის, განვითარების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, უნდა აარჩიოს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს მათ ჰოლისტურ განვითარებას. აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა უზრუნველყოს მასალების რესურსების ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისათვის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
აღმზრდელ-პედაგოგმა სტანდარტული სათამაშოების, საკანცელარიო ინვენტარისა და სხვა რესურსების გარდა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში რეგულარულად უნდა გამოიყენოს ღია, მეორადი და ბუნებრივი მასალები და რესურსები.
აღმზრდელ-პედაგოგი ასევე ვალდებულია, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციასთან, თითოეული ბავშვის ოჯახსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე დაგეგმოს და განახორციელოს გასვლითი საქმიანობები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში. მაგალითად, მუზეუმში, ზოოპარკში, ქარხანაში, გალერეაში, თეატრში, სკოლაში, საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ტყეში, ბოტანიკურ ბაღში, პარკში და ა.შ. ამ პროცესში უსაფრთოების საკითხებიც აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა გათვალოს და გაითვალისწინოს.
აღმზრდელ-პედაგოგს ასევე ევალება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საბავშვო ბაღის ეზოს სხვადასხვა სივრცეებად მოწყობაში. მაგალითად, ბოსტანი, ბაღჩა, სივრცე სხვადასხვა ტიპის როლური თამაშებისთვის, საქვიშე, საქანელები, ასაცოცებელი, გადასახტომი, გასაძრომი ადგილები, სივრცე სამაგიდო საქმიანობებისთვის...
იხილეთ ასევე:
როგორ უნდა შექმნას საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა ემოციურად უსაფრთხო გარემო
საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა