დღის თემა
etaloni.ge
როგორ ზეიმებს მართავენ იტალიისა და გერმანიის საბავშვო ბაღებში -„მხოლოდ სანტას ერთნაირი ქუდებით თუ მიხვდები, რომ საშობაო ზეიმია“
21.12.2022

საახალწლოდ და საშობაოდ საბავშვო ბაღებში ზეიმები სხვა ქვეყნებშიც იმართება. როგორია ამ ზეიმების ტრადიცია, რით ჰგავს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულს და რით განსხვავდება, ამის გასაგებად skolamdelebi.ge იტალიასა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა.

იტალიაში მცხოვრები გოგონა, გვანცა მუმლაძე გვიყვება, რომ იქ საბავშვო ბაღში ზეიმი ქართულს ბევრი რამით ჰგავს.  

„საბავშვო ბაღებში დაახლოებით ისეთივე ზეიმი იმართება, როგორიც ჩვენთან. ვისაც სიმღერა შეუძლია, ამღერებენ, ვისაც ცეკვა უნდა, ცეკვავს. ზოგი ბაღი საშობაო სპექტაკლს დგამს. ეს ზეიმები 24 დეკემბრამდე იმართება, შობამდე და საშობაო ზეიმები ჰქვია. ჩვენგან განსხვავებით, თოვლის პაპა არ მიდის იმ დღეს საბავშვო ბაღში. სანტა შობას, 25 დეკებერს მიდის ყველას სახლში, მაგრამ ბაღში არა. არც საჩუქრებს ურიგებენ. ბაღში არის მხოლოდ ზეიმი და არანაირი საჩუქრები. ამ ზეიმით იხურება სემესტრი“, - გვიყვება იტალიაში მცხოვრები გოგონა.

რაც შეეხება ჩაცმულობას, თუ ვინ რა ფერის და როგორი სამოსი ჩაიცვას საბავშვო ბაღში მოწყობილ ზეიმზე, მასწავლებელი წყვეტს და მშობლებს იმასაც ეუბნება, რომელ მაღაზიაში და რა სამოსი შეიძინონ თავიანთი შვილისთვის.

„ფულის აკრეფა არ ხდება, აკრძალულია მსგავსი ქმედება. მაგალითად, მასწავლებელი იტყვის, წითელი ჩაიცვანო და იცვამენ წითელს. მე მაღაზიაში ვმუშაობ და ცოტა ხნის წინ ჩვენთან მაღაზიაში მოვიდა მასწავლებელი, რომელიც ცეკვას დგამს საბავშვო ბაღში ზეიმისთვის. დაათვალიერა და ნახა ყელიანი ზედატანები და აარჩია ზომები, ზოგი წითელი და ზოგი თეთრი ფერის. მერე გამოგზავნა მშობლები და ყველამ სათითაოდ იყიდა თავისი შვილისთვის. სხვა ჯგუფს შავი სამოსი უნდა სცმოდა და ა.შ. არც მასწავლებელი და არც ერთი მშობელი არ დებს ერთიანად ფულს, ყველა ცალ-ცალკე ყიდულობს საკუთარი ხარჯით. ასევე, ზოგ საბავშვო ბაღში ალა-ფურშეტს აწყობენ. მშობლები ინაწილებენ და სახლში ამზადებენ ან ერთან მიდიან და უკვეთავენ. ფულის შეკრება არც ამ შემთხვევაში ხდება.

ჩვენგან განსხვავებული ტრადიცია, რომელიც აქ არსებობს ქრისტეს შობის სპექტაკლი და საშობაო სიმღერების გუნდური გალობაა. თუმცა ამ ბოლოს ცდილობენ, საშობაო სპექტაკლები მხოლოდ სასულიერო სასწავლებლებში დადგან, რათა სხვა რელიგიის წარმომადგენლების დისკრიმინაცია არ მოხდეს. სასულიერო სასწავლებლებში მხოლოდ კათოლიკეები არიან.

აქ შობაა ოჯახური დიდი დღესასწაული. ახალ წელს მხოლოდ ახალგაზრდები გადიან დასალევად და გასართობად. ახალი წელი გასართობი დღესასწაულია, ოჯახური არ არის და მოხუცები არც აღნიშნავენ“, - გვიამბობს გვანცა.

გერმანიაში, მცხოვრები შორენა ბეთხოშვილი, რომლის 3 წლის ბიჭუნა, იაკობი იქ საბავშვო ბაღში დადის, გვიყვება, რომ საშობაო ზეიმს მშობლებიც ესწრებიან.

„საშობაო განწყობა, როგორც ყველგან ევროპაში, ჩვენთანაც ნოემბრის ბოლოდან იწყება და ბაღებიც მაშინ იწყებენ საშობაო მზადებას. ნოემბრის ბოლო კვირას უკვე მორთულია ყველაფერი ყველგან. საბავშვო ბაღს ძალიან სადად რთავენ, რათა ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. საშობაო ზეიმისთვის აშენებენ უზარმაზარ სახლს ტკბილეულით და სადილის შემდეგ ჭამენ ბავშვები - მასწავლებელი უნაწილებს. წინა დღეს ბავშვები მასწავლებელთან ერთად აცხობენ საშობაო ორცხობილებს, რომელსაც პედაგოგი პატარა ტომარებში ფუთავს. ზეიმის მერე კი ბავშვებს ურიგებს. ზეიმზე მშობლებსაც შეგვიძლია მივიდეთ, მივირთვათ ყავა, ტკბილეული და ერთად ვისაუბროთ.

ამ ზეიმის დროს ჩაცმულობა მნიშვნელოვანი არ არის. ვისაც რა უნდა ის აცვია.როგორც წესი, გადაპრანჭული ბავშვი არავის მოჰყავს. ზეიმზე ძირითადად მასწავლებელთან ერთად ცეკვავენ და მღერიან საშობაო სიმღერებს. საზეიმო  ცერემონია იმდენად უბრალოა, მხოლოდ სანტას ერთნაირი ქუდებით თუ მიხვდები, რომ ზეიმია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არც მშობლები დაისტრესონ, არც ბავშვები და პატარებს სრული თავისუფლებაც ჰქონდეთ. ზოგს თუ უნდა წაიძინებს კიდეც პერიოდულად შუა ზეიმის დროს“, - გვიამბობს შორენა ბეთხოშვილი.

იხილეთ ასევე:

სად დადის თოვლის პაპა ვირით და ვინ ურიგებს ცხოველებს დელიკატესებს საახალწლოდ

როგორ გადაიქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად, რომელიც სახლში ბუხრიდან ჩადის და საჩუქრებს წინდებში აწყობს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი