დღის თემა
etaloni.ge
სად დადის თოვლის პაპა ვირით და ვინ ურიგებს ცხოველებს დელიკატესებს საახალწლოდ
21.12.2022

სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნის თავისებური ტრადიცია და ჩვეულებაა დამკვიდრებული. როგორია ბავშვების მოლოდინი, ვინ ურიგებს მათ საჩუქრებს და რა რიტუალის შესრულებაა აუცილებელი, რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე მოგიყვებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაოდ, 25 დეკემბრისთვის მზადებას ნაძვის ხის დადგმით, სახლებისა და ეზოების ფერად-ფერადი ნათურებით მორთვით იწყებენ. ტრადიციაა საჩუქრების მირთმევაც, რასაც ამერიკელი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან.

შობის და ახალი წლის სიმბოლოებს შორისაა ბიბლიური შობის ამსახველი სცენა, პატარა იესოს გამოსახულება, სანტა კლაუსი, ელფები და ირმები. შობის აქსესუარებად ამერიკელები ულამაზეს დეკორაციებს, შობის სიმბოლოს – ქოთნის წითელ ყვავილს, პოინსეტიას, წითელ სანთლებსა და სუფრებს იყენებენ.

სხვადასხვა რეგიონში 25 დეკემბრის ღამეს ბავშვები ჯგუფურად დადიან სახლიდან სახლში სიმღერებითა და ხელში უწირავთ ლამპიონები და მბზინავი მასალისგან დამზადებული დიდი ვარსკვლავები. ოჯახები მათ სხვადასხვა ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ბავშვები კი მღერიან მხიარულ სიმღერებს.

სანტა კლაუსი საჩუქრებს 25 დეკემბრის ღამეს და ბევრ ადგილას  უჩვეულო გზით არიგებს - ირმებანი მარხილით მოძრაობს, ჩერდება ყველა სახლში, სადაც ბავშვები არიან და ბუხრების საკვამურებში ტოვებს წინასწარ მომზადებულ საშობაო საჩუქრებს.

გერმანელების აზრით, საუკეთესო საახალწლო საჩუქარი წიგნია, ამიტომ, ამ ქვეყანაში უზარმაზარი რიგებიც სწორედ წიგნის მაღაზიებშია. ბავშვებისთვის გერმანელები დასურათებულ ზღაპრებს ირჩევენ, უფროსებისთვის კი კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურას ან ენციკლოპედიას.

მთელ მსოფლიოში საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან გავრცელდა. ეს ტრადიცია იქ შუა საუკუნეებში გაჩნდა. XVI საუკუნეში, გერმანელმა ბერმა, შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელ გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.

გერმანიაში თოვლის ბაბუა ვირით დადის და ბავშვებისთვის საჩუქრებს თივით სავსე ფეხსაცმელებში ტოვებს.  

ესპანეთში ზამთრის უდარდელი გართობის პერიოდი 25 დეკემბერს იწყება. არდადეგები იქ 12 დღე გრძელდება. ესპანელებს ისე უყვართ საახალწლო ზეიმი, რომ არდადეგების დროს კინოთეატრები და თეატრები არ მუშაობს, რათა ყველა ესპანელს, ბავშვსაც და მოზრდილსაც  შეეძლოს გარეთ გასვლა და იქ გართობა. ქუჩებში გულუხვად არის მიმოფანტული ტკბილეული. 

თოვლის ბაბუას იქ ოლენცერო ჰქვია, რომელსაც აუცილებლად ხელით შეკერილი ეროვნული სამოსი აცვია და ხელში მუდმივად ადგილობრივი წარმოების ვისკის ბოთლი უჭირავს. ის ბავშვებისთვის საჩუქრებს ფანჯრის რაფაზე ტოვებს.

საფრანგეთში  ბავშვები საახალწლო საჩუქრებს ნაძვის ხეზე პოულობენ. შობის აღნიშვნა თანამედროვე საფრანგეთში მთელი თვე გრძელდება - 6 დეკემბრიდან, წმიდა ნიკოლოზის დღიდან იწყება და 6 იანვარს სრულდება. თოვლის ბაბუას იქ პერ ნოელი ჰქვია. მას ხის ფეხსაცმელი აცვია, ზურგზე საჩუქრები კალათა აქვს მოკიდებული და ვირით დადის. ბავშვებს სჯერათ, რომ ის სახლში ბუხრიდან შემოდის და საჩუქრებს ფეხსაცმელებში დებს, რომლებსაც ბავშვები წინასწარ ტოვებენ ბუხრის წინ. პერ ნოელის კომპანიონია პერ ფუეტარდი - მოხუცი მოურავი, რომელიც პერ ნოელს ახსენებს, როგორ იქცეოდა ბავშვი წლის განმავლობაში და რას იმსახურებს. ეს პერსონაჟი აშინებს ცელქ და კაპრიზულ ბავშვებს.

ქვეყნის ზოგიერთ პროვინციაში პერ ნოელს 6 დეკემბერს პატარა საჩუქრები მოაქვს და შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს ისევ  ბრუნდება დიდი საჩუქრებით.

იაპონიაში სანტა კლაუსის იაპონური ანალოგია სეგაცუ სანი. ის მწვანე ან ლურჯ კიმონოშია გამოწყობილი და სახლიდან სახლში დადის მთელი კვირის განმავლობაში. ის ყველას ულოცავს აალ წელს, ოღონდ საჩუქრების გარეშე.  ცოტა ხნის წინ სეგაცუ სანს კონკურენტი გამოუჩნდა - ოჯი სუნი. ის ამერიკელ სანტა კლაუსს უფრო ჰგავს, ვიდრე იაპონიის მკვიდრს და პატარებისთვის საჩუქრებიც მიაქვს.

ახალი წლის წინა დღეს იაპონელები მისალოც ბარათებს უგზავნიან ახლო მეგობრებსა და ნათესავებს. მშობლები საახალწლოდ ბავშვებს ფულს ჩუქნიან, რომელიც მოთავსებულია პატარა კონვერტში. თანხა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. თუ ოჯახში რამდენიმე შვილია, მშობლები თანხას ყველასთვის თანაბრად ანაწილებენ.

ახალი წლის ღამეს იაპონელი ბავშვები თავიანთ ოცნებას ქაღალდზე ხატავენ და ძილის წინ ბალიშის ქვეშ დებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი რიტუალი სანუკვარი სურვილის ასრულებას გამოიწვევს.

იაპონიაში შინაური ნაძვის ხის პროტოტიპი არის კადომაცუ, რომელიც  მზადდება ფიჭვის, ქლიავის და ბამბუკის ტოტებისაგან, რომლებიც ბრინჯის ჩალის თოკშია გახვეული. ბამბუკი სიმბოლოა სახლში ბავშვების ზრდა-განვითარებაისა, ქლიავი მშობლების დახმარებას ნიშნავს, ფიჭვი - დღეგრძელობას. იაპონელები კადომაცუს ამშვენებენ ფორთოხლით, მანდარინით, გვიმრის ტოტებით, ხმელი კრევეტებით, ზღვის მცენარეების მტევნებით, ხელნაკეთი სათამაშოებით. ასეთ ნაძვის ხეს აწყობენ სახლში ან შემოსასვლელი კარის წინ ორივე მხრიდან. კადომაცუ იცავს სახლს ბოროტი სულებისგან და მიესალმება ახალი წლის ღვთაებას - ტოშიგამს.

ბელგიასა და ნიდერლანდებში ახალ წელს ბავშვები მშობლებს მკვეთრი ფერებითა და ლენტებით გაფორმებულ სპეციალურ ქაღალდზე წინასწარ დაწერილ მისალოც წერილებს უკითხავენ. ახალი წლის ღამეს სახლში მიდის „კეთილი ანგელოზი“ ან „ქრისტე ბავშვი“, რომელიც ბალიშის ქვეშ ტკბილეულს უდებს მძინარე ბავშვებს.

ბერძნული ახალი წელი იგივე წმინდა ბასილის დღეა. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები ახალ წელს ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ იმ იმედით, რომ წმინდა ბასილი ფეხსაცმელს საჩუქრებით შეავსებს.

შვედეთში ახალი წელი იგივე სინათლის დღესასწაულია. ახალი წლის ღამეს ყველა სახლი და ქუჩა გაჩახჩახებულია. ბავშებისთვის საჩუქრები იქ დედოფალ ლუსია მიაქვს, რომელიც თეთრ კაბაშია გამოწყობილი და თავზე გვირგვინი ადგას ანთებული სანთლებით სავსე. დედოფალი ლუსია ჯადოსნური სინათლის დედოფლად ითვლება. ის არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ცხოველებსაც უმასპინძლდება იმ დელიკატესებით,  რომლებიც მათ უყვართ.

ინგლისში ახალი წლის ღამეს ბავშვებისთვის სპექტაკლებს დგამენ, სადაც ძველი ინგლისური ზღაპრებია გამოყენებული. ახალი წლის ღამეს ქუჩის მოვაჭრეები ყიდიან სათამაშოებს, სასტვენებს, ნიღბებს, ბუშტებს... სწორედ ინგლისში გაჩნდა საახალწლოდ მისალოცი ბარათების გაცვლა -  პირველი საახალწლო ბარათი დაიბეჭდა ლონდონში 1843 წელს. შესაბამისად, საახალწლო ბარათები დღემდე აქტუალური და მნიშვნელოვანი ტრადციაა. დაძინებამდე ბავშვები მაგიდაზე დებენ თეფშებს იმ საჩუქრებისთვის, რომელსაც თოვლის ბაბუა მოუტანს, ფეხსაცმელში კი თივას აყრიან - ვირის კერძს, რადგან იქაური თოვლის ბაბუაც ვირით დადის.

ფინეთში ზამთრის მთავარი დღესასწაული შობაა, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება. შობის ღამეს, ლაპლანდიიდან გრძელი გზის გადალახვის შემდეგ, სანტა კლაუსი მიდის პატარების სახლებში და დიდ, საჩუქრებით სავსე კალათას ტოვებს. ახალი წელი შობის ერთგვარი გამეორებაა. ისევ მთელი ოჯახი იკრიბება სხვადასხვა კერძებით სავსე მაგიდასთან და სანტასაც ისევ ელოდებიან.

კუბაში ბავშვთა საახალწლო დღესასწაულს მეფეთა დღე ეწოდება. იქ ბავშებისთვის საჩუქრები ჯადოქარ-მეფეებს მიაქვთ. წინა დღეს ბავშვები მათ წერილებს წერენ, სადაც თავიანთ სანუკვარ სურვილებზე საუბრობენ.

ჰოლანდიაში სანტა კლაუსი გემით ჩადის. ბავშვები სიხარულით ხვდებიან მას სანაპიროზე. სანტას უყვარს მხიარული ხუმრობები და სიურპრიზები. ის ბავშვებს ძირითადად ხილს, სათამაშოებს, ტკბილეულს და ყვავილებს ურიგებს.

იხილეთ ასევე:

როგორ გადაიქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად, რომელიც სახლში ბუხრიდან ჩადის და საჩუქრებს წინდებში აწყობს

ნაძვის ხის სათამაშოები ქართველმა კაცმა გამოიგონა - მანამდე ნაძვის ხეზე ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი