იმისათვის, რომ საბავშვო ბაღი წარმატებული იყოს და საგანმანათლებლო პროცესი - ხარისხიანი, საჭიროა, თანამშრომელთა კეთილდღეობაზე დაწესებულების მმართველმა რგოლმა იზრუნოს - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ პერსონალის მხრებზე დგას დაწესებულება და მათი საშუალებით ხდება ბაღი წარმატებული ან ნაკლებად წარმატებული.
თანამშრომლების მისაღწევია ბავშვთა კეთილდღეობა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ თავად პერსონალმა იგრძნოს თავი კარგად საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
„უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულების ლიდერის, ან მმართველი რგოლის ქცევა, მათი დამოკიდებულებები თანამშრომლების მიმართ, გადამდებია. ამიტომაც პერსონალისთვის მისაღები ქცევის მოდელირება თავად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა“, - ვკითხულობთ სტანდარტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ იმისათვის, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ კეთილდღეობის განცდა, მათ სჭირდებათ დასვენების პერიოდის სრულფასოვნად გამოყენება, სრულფასოვანი სადილი, დღის განმავლობაში წახემსება. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულების პერსონალს ჰქონდეს ადგილი, სადაც შეძლებს შესვენების გატარებას, საკუთარი ნივთების შენახვას.
საგანმანათლებლო პერსონალისთვის საბავშო ბაღში აუცილებელია არსებობდეს სივრცე, ე.წ. სამასწავლებლო, რომელიც მყუდროდ იქნება მოწყობილი, სადაც თანამშრომლებს საშუალება ექნებათ დაისვენონ, ისაუბრონ, განიხილონ მიმდინარე სამუშაო დღე, ერთმანეთს რეკომენდაციები მისცენ, ან უბრალოდ განმარტოვდნენ ან პირიქით, დაგეგმონ საგანმანათლებლო პროცესი. აღნიშნული სივრცე აუცილებელია, რათა აღმზრდელ-პედაგოგსა და აღმზრდელს საშუალება ჰქონდეთ, ბავშვებთან არასაკონტაქტო დრო იქ გაატარონ, გაეცნონ სიახლეებს, ინტერნეტით მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და ა.შ.
„სამასწავლებლოს მოსაწყობად საჭიროა მაგიდები და სკამები, რბილი ავეჯი, თაროები წიგნების თუ სხვა მასალის შესანახად, კომპიუტერი. ასევე შესაძლოა იყოს საგანმანათლებლო პერსონალის ინდივიდუალური სათავსოები პირადი ნივთებისა თუ ინდივიდუალური დოკუმენტაციის შესანახად. აქვე შესაძლოა მოეწყოს სივრცე, სადაც თანამშრომლები შეძლებენ წახემსებას, ცხელი სასმელის მირთმევას“, - წერია ხარისხის სტანდარტში.
იხილეთ ასევე:
რა ვალდებულებები აქვთ საბავშვო ბაღების მიმართ მთავრობას, მუნიციპალიტეტებს და სამინისტროებს
საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მშობლებთან ურთიერთობის დეტალები