ძიძა გახლავთ ადამიანი, რომელსაც ოჯახი საკუთარი შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდობს. ძიძას, როგორც წესი, ევალება:
საქართველოში ძიძებად დასაქმებულების არც სტატისტიკა არსებობს და არც კანონი, რომელიც ამგვარ შრომას დაარეგულირებდა. შესაბამისად, ძიძა დამქირავებლებს სამსახურში ხშირად მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით აჰყავს. მათი უმრავლესობა კი მერე ჩივის, რომ ოჯახში იმაზე მეტი საქმის კეთება დააკისრეს, ვიდრე თავის დროზე შეუთანხმდნენ. თუმცა, ოჯახთან შესაძლებელია შრომის კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ორივე მხარის მოვალეობები და ვალდებულებები იქნება გაწერილი.
კარგი ძიძის მოძებნა ისეთივე რთულია, როგორც ისეთი ოჯახის, რომელიც შეთანხმებას არ დაარღვევს და ძიძის შრომას დამლაგებლის თუ სხვა ფუნქციებსაც არ შეუთავსებს დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
რამდენად აფასებენ ძიძები საკუთარ შრომას, რამდენი უღირს ოჯახს შვილისთვის ადამიანი, რომელსაც შვილს ჩააბარებს, როგორი უნდა იყოს ძიძა - ამ და სხვა დეტალების გარკვევას skolamdelebi.ge იმ განცხადებების საფუძველზე შეეცადა, რომელსაც მშობლები თუ ძიძები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. როგორც აღმოჩნდა, ძიძებს ძირითადად თბილისში ეძებენ.
მშობლები ეძებენ ძიძას
„ვეძებ ძიძას 3 თვის გოგონასთვის... მოვალეობები: მხოლოდ ბავშვის მოვლა, რაც მოიცავს ბავშვთან თამაშს, განვითარებაზე ზრუნვას, გასეირნებას, ტანსაცმლის გაუთოვებას, შესაბამისი ასაკიდან საჭმლის მომზადებას. ძიძა, რომელსაც ვეძებ აუცილებელია რომ არ იყოს მწეველი და ტელეფონზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, უყვარდეს ბავშვი, იყოს მზრუნველი და ორიენტირებული ბავშვზე. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 19:30 მდე. ხელფასი 800 ლარი, პლუს სამგზავრო ბარათი“.
„ვეძებ ძიძას 2 თვის გოგოსთვის. ბავშვთან მუშაობის გამოცდილებით, მოსიყვარულე ენერგიულ ქალბატონს. ორშაბათი-პარასკევი,11:00-19:00 ანაზღაურება 1000 ლარი“.
„ვეძებთ გამოცდილ ძიძას, რომელსაც შეეძლება ბავშვის განმავითარებელ თამაშებში ჩართვა უსაყვარლესი 8 თვის გოგონასთვის, უთბილეს ოჯახში. ანაზღაურება 800 ლარი. სამუშაო დღეეები: ორშაბათი-პარასკევი“.
„გამარჯობა ვეძებ ძიძას. ორშაბათი-პარასკევი - 9:00-21:00, შაბათი -10:00-20:00. ახალშობილის მოვლა, მასთან დაკავშირებული ყველაფერი და კვირაში 2 ჯერ სადილის მომზადება ოჯახისთვის - დედა, მამა და უფროსი ბავშვი 6 წლის. ანაზღაურება 1600 ლარი. აუცილებელია წინა ოჯახიდან რეკომენდაცია, უნდა ჰყავდეს მანქანა ან ცხოვრობდეს აქვე. ვეძებთ კეთილ, კულტურულ სასიამოვნო 55 წლამდე ასაკის ქალბატონს“.
„ვეძებ ძიძას, იგივე ოჯახის წევრს, მოსიყვარულე, ენერგიულ და თბილ ქალბატონს, ვინც მოუვლის ჩვენს 3 თვის პრინცს. სამუშაო საათები: 9:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება. ანაზღაურება 900 ლარი.
„ვეძებ ძიძას 5 თვის გოგონასთვის. ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 19:00 საათამდე. 50 წლამდე, ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, არამწეველი, არა ტელეფონზე დამოკიდებული. სახლში არის კამერები. ანაზღაურება 1000 ლარი“.
„ვეძებ ძიძას. ლოკაცია ვაკე. ანაზღაურება 1000 ლარი და ზაფხულში 24 საათით 1500 ლარი“.
„ვეძებ ძიძას, თბილ და მოსიყვარულე ადამიანს 10 თვის ბავშვისთვის. ასაკით უნდა იყოს 40-55 წლის. დაევალება მხოლოს ბავშვთან დაკავშირებული საქმე. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. შაბათ კვირა დასვენებით. ტერიტორია საბურთალო, ანაზღაურება 800 ლარი“.
„გვესაჭიროება ძიძა 4 თვის ბიჭისთვის. ვეძებთ არამწეველ, მოწესრიგებულ, აქტიურ და ყურადღებიან ადამიანს. სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი, სამუშაო საათები: 08:30 - 18.00, ლოკაცია: ლოტკინი. მოვალეობები: მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებული, არ შეგეხებათ საოჯახო საქმეები. ანაზღაურება: 650 ლარი“.
„ვეძებ ძიძას 9 თვის გოგოსთვის. ტერიტორია - ვარკეთილი. სამუშაო დრო 9-დან 18 სთ -მდე, ორშაბათი-პარასკევი. პლუს ანაზღაურებადი შვებულების დღეები წელწადში. დაევალება მხოლოდ ბავშვი, მოვლა, სეირნობა, თამაში. ანაზღაურება 700 ლარი. აუცილებელი მოთხოვნაა ჰქონდეს გამოცდილება“.
„1 წლის გოგონასთვის ვეძებ ძიძას. ლოკაცია დიღომი. ანაზღაურება 600 ლარი. გრაფიკი: დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე. შაბათ-კვირას დასვენება“.
ძიძა ეძებს ოჯახს
„ვარ გამოცდილი ძიძა. თუ გსურთ, ერთდროულად იპოვნოთ სანდო ძიძა, მეგობარი და ოჯახის წევრი, დამიკავშირდით. კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკი. ანაზღაურება 1000 ლარი. დამატებითი საათების ანაზღაურება ზეგანაკვეთურად“.
„მაქვს 10-წლიანი გამოცდილება. 1200 ლარი. ამ თანხაში შედის გზის ფულიც“.
„ვეძებ სამსახურს. ვარ 33 წლის, მოწესრიგებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, მოსიყვარულე, მხიარული და პუნქტუალური ადამიანი. მაქვს დიდი გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის, ასევე მაქვს ოჯახების რეკომენდაციები. მიყვარს ცხოველები და არ მაქვს არანაირი ფობიური გამოხატულება მათ მიმართ. ასევე მყავს საკუთარი ავტომობილი და მძღოლობის დიდი გამოცდილება, გავლილი მაქვს ბავშვთა ფსიქოლოოგიის სასერთიფიკატო კურსი. მაქვს ასევე დიდი გამოცდილება კულინარიის სფეროში და ვფლობ სხვადასხვა სამზარეულოების კერძებს.
ვეძებ ისეთ ოჯახს ვისაც ჩამოყალიბებული და გაცნობიერებული აქვს რა სურს და შეთანხმებას არ დაარღვევს, მოეკიდება სხვის დროს პასუხიმგებლობით. ანაზღაურებას გამომდინარეობს იქიდან, თუ რა მოთხოვნები აქვს ოჯახს და რამდენ საათიანი დატვირთვა იქნება -1000-1200 ლარი“.
„ძალიან თბილი, მოსიყვარულე და გამოცდილი 54 წლის ქალბატონი ეძებს ძიძის ვაკანსიას. 5 შვილიშვილის ბებია და 5 წელი ძიძად ნამუშევარი საზღვარგარეთ. სასურველია, სტანდარტული გრაფიკი და მარტივი ლოკაცია მეტროსთან ახლოს ან გლდანი ნაძალადევის რაიონი. ანაზღაურება 1000+“.
„ვარ 39 წლის, ოთხი შვილის დედა. მყავდა ორი უცხოელი აღსაზრდელი. მაქვს საექთნო გამოცდილება და საჭიროების შემთხვევაში მაქვს უნარი, პირველადი გადაუდებელი დახმარება გავუწიო ნებისმიერ ადამიანს. დახვეწილი ქართულით ვსაუბრობ და სუფთად ვფლობ რუსულ ენას. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა. სასურველი სამუშაო გრაფიკი: 10-18 სთ. სასურველი ანაზღაურება 800+ მოვალეობების და დატვირთვის შესაბამისად“...
იხილეთ ასევე:
19 რჩევა მშობლებისთვის - თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს