დღის თემა
etaloni.ge
„კატეგორიულად არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ტიპის საშუალებების გამოყენება“ - გიორგი ღოღობერიძე ხველებაზე
19.12.2022

ვირუსული ინფექციების აფეთქების ამ მძიმე პერიოდში, როდესაც ავადობა ძლიერი ხველით ხასიათდება, ექიმი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს იმ შეცდომებზე მიუთითებს, რომელსაც ისინი იმ დროს უშვებენ, როდესაც ბავშვს ახველებს.

გიორგი ღოღობერიძე სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებს შორის, რომელთა მიღებაც 6 წლამდე ასაკის პატარებისთვის არაფრით შეიძლება, ანტიჰისტამინურ პრეპარატებსაც ასახელებს. არადა, პედიატრები ამ ჯგუფის და არამხოლოდ ამ ჯგუფის წამლებს ბავშვებისთვის ხშირად ნიშნავენ.

„მშობლები ძალიან ღელავენ და უშვებენ 6 ტიპიურ შეცდომას, რომელთა დაშვებაც არაფრით შეიძლება, როცა ბავშვს აწუხებს ხველა“, - ამბობს ღოღობერიძე, რომელმაც პირდაპირ ეთერში იმ ჯგუფის წამლები ჩამოთვალა, რის მიღებაც პატარებისთვის არაფრით შეიძლება.

„მშობელი შედის აფთიაქში და ეუბნება, მომეცი რაღაც, რაც ბავშვს ხველას გაუქრობს და როგორც წესი, აფთიაქში რაც პირველად ახსენდებათ, ეს არის ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. ჩვენთან აღარ შემოდის კოდეინის შემცველი ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ ზოგიერთი შეიცავს დექსტრომეტორფანს და ამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება 6 წლამდე ბავშვებში კატეგორიულად აკრძალულია. ასევე, არაფრით შეიძლება მათი მცემა 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც კი. რატომ არ შეიძლება, როცა ბავშვს ახველებს შენ მას მისცე ხველის დამთრგუნველი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი? საქმე იმაშია, რომ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხასიათდებიან ძალიან მავნე გვერდითი ეფექტებით ბავშვებში, ვიდრე დიდებში. დიდმა შეიძლება მიიღოს ხველის საწინააღმდეგო საშუალება და 2-3 დღე მართლა გაუჩეროს ხველა, მაგრამ, ბავშვების შემთხვევაში ეს მიდგომა სწორი არ არის იმიტომ, რომ ის ხასიათდება თავბრუსხვევით, შეკრულობით და ხველის საწინააღმდეგო საშუალების ერთ-ერთი ტიპიური გვერდითი ეფექტი ბავშვების შემთხვევაში, ეს არის გამოშრობა როგორც პირის ღრუსი, ისე ზოგადად სასუნთქი გზებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვს აქვს მშრალი ხველა, მდგომარეობას თქვენ კი არ გააუმჯობესებთ, პირიქით, მკვეთრად დაამძიმებთ“, - ამბობს ექიმი.

მეორე ტიპიურ შეცდომად გიორგი ღოღობერიძე ამოსახველებელი საშუალებების პატარებისთვის მიცემას ასახელებს:

„მათი გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ასევე, 6-დან 12 წლამდე ბავშვებშიც ნაკლებად სასურველია. რატომ? იმიტომ, რომ ამ მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში შეიძლება პროვოცირდეს ბრონქოსპაზმი და თუ ბავშვს მშრალი ხველა აქვს, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ. ჯერ ერთი, მშრალი ხველის დროს რა არის ამოსახველებელი და მეორეც, როცა ბავშვს აქვს სველი ხველა, ასეთ შემთხვევაში გამოყენება ექსპექტორანტებისა საკუთარი სურვილით, უფრო მავნე იქნება სწორედ იმიტომ, რომ ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს და ბავშვის მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდეს“.

მესამე შეცდომად, გიორგი ღოღობერიძე პატარებისთვის ბრონქოდილატატორების მიცემას ასახელებს, რომელთა გამოყენებაც, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ბავშვს აქვს ბრონქული ასთმა ან სპაზმური ხველა, სხვა შემთხვევაში კი არაეფექტურია და უბრალოდ ფინანსური ხარჯია.

მეოთხე და ალბათ ყველაზე გავრცელებულ შეცდომად ღოღობერიძე ბავშვებისთვის ანტიჰისტამინური საშუალებების მიცემას თვლის. მისი თქმით, ძალიან ბევრი ხველის საწინააღმდეგო საშუალება სწორედ რომ ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს შეიცავს.

„რატომ არ შეიძლება ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიცემა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის? იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გამოხატული სედაცია, პარანოქსული აღგზნება და შეიძლება იყოს სუნთქვის დეპრესიაც კი და მძიმე შემთხვევებში - ჰალუცინაციები. ამიტომ, კატეგორიულად არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ტიპის საშუალებების გამოყენება ხველის საწინააღმდეგო მიზნით“, - ამბობს ღოღობერიძე, რომელიც ასევე შეცდომად მიიჩნევს ანტიბიოტიკების მიღებას, თუ დადასტურებული არ არის რომელიმე ორგანოს ანთება.

ექიმი მეექვსე შეცდომად ბავშვებში სტეროიდების გამოყენებას მიიჩნევს. მისი თქმით, სტეროიდების გამოყენებით ბავშვის მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება მათი უამრავი მავნე ეფექტის გამო.

გიორგი ღოღობერიძე მშობლებს 3 რჩევას აძლევს, რომელიც მათ დაეხმარება ბავშვი ხველის შემაწუხებელი მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

„ჩვეულებრივი თაფლი უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალკე აღებული ნებისმიერი ანტიჰისტამინური თუ სხვა საშუალება. თუ საქმე ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვს და მისი ასაკი 1 წელზე მეტია, თაფლის გამოყენება ხველის დროს იდეალური გამოსავალი იქნებოდა.  ერთი ან ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი შეიძლება პირდაპირ მივცეთ ან ასევე, ან თბილ წყალში გახსნილი. ეს უფრო კარგად აგვარებს მშრალი ხველის ეპიზოდებს, ვიდრე ნებისმიერი მედიკამენტი. გასინჯეთ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

თუ თაფლზე ხელი არ მიგიწვდება, მეორე გამოსავალიც არსებობს და ეს არის საკუთრივ ჯინჯერი. აფთიაქში რომ შეხვიდეთ და დააკვირდეთ, რომელი ხველის საწინააღმდეგო საშუალება რას შეიცავს, აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრ მათგანში არის სწორედ რომ ჯინჯერი იგივე ჯანჯაფილი, იგივე კოჭა. ეს არის მცენარე, რომელსაც მარტივად შეუძლია განკურნოს მშრალი ხველა. აიღეთ 20-40 გრამი ჯინჯერი. დაასხით 100-200 მილილიტრი თბილი წყალი, დაამატეთ თაფლი, ცოტაოდენი ლიმონიც და იდეალური საშუალებაა მშრალი ხველის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ეგრევე მოხსნის.

გარდა ამისა,  მიეცით ბავშვს ძალიან ბევრი თბილი სითხე. თბილი სითხეების მიცემით შეავსებთ ორგანიზმში სითხის რაოდენობას და მშრალ ხველას კიდევ უფრო არ დაამძიმებს. თუ ბავშვის ოთახში ჩართულია კონდიციონერი, აუცილებლად გამორთეთ, რადგან ის ჰაერს კიდევ უფრო აშრობს და ბავშვს ხველას კიდევ უფრო უმძიმებს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

იხილეთ ასევე:

მარი მალაზონია: თუ ბავშვი ავად არის, არ აჭამოთ გოგლი-მოგლი

რა შემთხვევაში შეუძლია თაფლს ბოტულიზმის გამოწვევა

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი