ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საბავშვო ბაღების უმრავლესობა ზეიმით აღნიშნავს. მართალია, არის მცდელობა, რომ სიტყვა „ზეიმი“ „აქტივობით“ ჩანაცვლდეს, თუმცა ამ ორს შორის არსებითი ცვლილება დღესდღეობით არ შეინიშნება.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო გარემოსთვის შედგენილ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ჩვენში დამკვიდრებული სამწუხარო პრაქტიკის შედეგით, ბავშვების ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომელიც სინამდვილეში დღესასწაულად უნდა იქცეს და სასიამოვნო და ბედნიერი ემოციები უნდა მოუტანოს მას, ხშირ შემთხვევაში ისეთ დღედ გადაიქცევა, როცა ბავშვს ძალადობისგან დაცვა სჭირდება.
რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ „ზეიმმა“ დაკარგა თავისი ჭეშმარიტი მიზანი, იყოს განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და საზეიმო დღე ბავშვის ცხოვრებაში და იქცა „მასწავლებლის მუშაობის წარმოჩენის“, ბაღის წარმატების შეფასების, შეჯიბრის, შედარების დღედ.
როგორ მოვიქცეთ, რა სტრატეგიები გამოვიყენოთ იმისათვის, რათა ზეიმი ბედნიერების მომტანი იყოს ბავშვებისთვის?
პირველ რიგში, დავუბრუნოთ ზეიმს მისი თავდაპირველი მიზანი - ეს არის განსხვავებული დღე, დღესასწაული, რომელსაც ბავშები აღნიშნავენ. შესაბამისად, ისინი მისი დაგეგმვის უშუალო მონაწილეები უნდა იყვნენ. ზეიმზე ფიქრისას მიზნად უნდა დავისახოთ ბავშვების გაბედნიერება, მათი გახარება, მათი კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, თითოეული მათგანის ინტერესების, საჭიროებების, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება.
ზეიმზე თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს თავის გამოვლენის საშუალება იმ ფორმით, რა ფორმითაც თავად მოისურვებს. დაუშვებელია ამ დღის „ძლიერ“ ბავშვებზე აგება და დანარჩენი ბავშვების უნარებისა და შესაძლებლობების იგნორირება, არდანახვა.
დაუშვებელია ბავშვების დაყოფა „ნიჭიერ“, „საშუალო“ და „სუსტ“ ბავშვებად. ასეთი იარლიყები ბავშვს ბედნიერების განცდას უქრობს და სამუდამო კვალს ამჩნევს მის ფსიქიკას.
5 წესი, რომელსაც იუნისეფი საბავშვო ბაღების აღმზედელ-პედაგოგებს უწესებს, ასეთია:
I წესი - ზეიმი არის დღესასწაული, სიხარულის და ბედნიერების მომტანი დღე.
II წესი - ზეიმი ყველასთვის ზეიმია, ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც.
III წესი - თუ ზეიმზე ბავშვები ნერვიულობენ, ტირიან, ეშინიათ, ეს ზეიმი აღარ არის.
IV წესი - ზეიმისთვის მზადება ისეთივე ბედნიერების მომტანი უნდა იყოს, როგორც თავად ეს დღე.
V წესი - ზეიმი ბავშვების დღეა, ეს დღე მათ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ.
იმისათვის, რათა ზეიმი ნამდვილი ზეიმი იყოს ბავშვისთვის, მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართვა ზეიმის დაგეგმვის ყველა ეტაპზე. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი შემდეგი სახის რეკომენდაციებს იძლევა:
იხილეთ ასევე:
„დღეს ვნახე, როგორ ტიროდა ბაღის ბავშვი და ამ დროს როგორი ამაყი იყო ბაღის დირექტორი“