დღის თემა
etaloni.ge
როგორ გადაიქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად, რომელიც სახლში ბუხრიდან ჩადის და საჩუქრებს წინდებში აწყობს
19.12.2022

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ნიკოლოზ საკვირველმოქმედად აღიარებული წმინდანი მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ლუკიის ოლქში, ქრისტეს შობიდან 257 წელს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი ბავშობაში  გლახაკებს არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა და მათთვის მოწყალება არ მიეცა.

მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მათგან დიდი სიმდიდრე დარჩა. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და არასდროს შეუწყვეტია სათნო საქმეების კეთება, რომელსაც ჩუმად, სხვებისაგან დამალულად ახორციელებდა.

წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა - დააცხრო ქარიშხალი ლოცვით, პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა, სიკვდილით დასჯას გადაარჩინა სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს... ყველაზე დიდი აღიარება კი წმინდანმა ამ ამბის შემდეგ მოიპოვა:

ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდანმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ქალიშვილების მამამ შვილების საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება გადაწყვიტა. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. წმინდა ნიკოლოზმა ეს ამბავი შეიტყო და სამჯერ ჩუმად ესტუმრა მათ სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ოქროთი სავსე ქისას ტოვებდა. ასე იხსნა ისინი ცოდვით დაცემისგან. ღარიბმა გაარკვია თუ ვინ ეხმარებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი თხოვდა ეს ამბავი არ გაემჟღავნებინათ, ისტორია მაინც გავრცელდა და ამის შემდეგ „მოულოდნელი საჩუქარი“ წმინდა ნიკოლოზის სახელს დაუკავშირდა.

წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა სწრაფად გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. აგებდნენ ტაძრებს წმინდანის სახელზე, მიმართავდნენ ლოცვებით, შესთხოვდნენ თანადგომასა და განკურნებას. მისი თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნიდან იწყება. მოგვიანებით იგი იქცა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად, რომელიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს ტოვებს.

ამერიკულ პრესაში სახელწოდება სანტა კლაუსი პირველად 1773 წელს გაჩნდა. ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინის მიხედვით, სანტა კლაუსი მსუქანი ჰოლანდიელი მეზღვაური იყო, მწვანე ფორმაში ჩაცმული. რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია.  მიუხედავად იმისა, რომ სანტა-კლაუსის თანამედროვე სახე სათავეს შეერთებულ შტატებში იღებს და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია, დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ისევ აქტიურად იყენებენ სანტა კლაუსის ადგილობრივ როგორც სახელს, ასევე მის სახესა და ჩაცმულობას.

სანტა კლაუსის ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმინდა ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი, რადგან ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის და არა წმინდა ნიკოლოზის ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა. რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია.

ბევრ ქვეყანაში დღეს ახალი წელი სანტა კლაუსისა და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსგავსი ტრადიციები სათავეს ქრისტიანული რელიგიიდან იღებენ და ადგილობრივი კულტურების დამახასიათებელი ნაწილია. ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

იხილეთ ასევე:

ნაძვის ხის სათამაშოები ქართველმა კაცმა გამოიგონა - მანამდე ნაძვის ხეზე ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ

პირველი საბავშვო ბაღი თბილისში, სადაც სათამაშოები მთელი ქვეყნის ბაღებისათვის მზადდებოდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი