დღის თემა
etaloni.ge
„სკოლა არ გაძლევს ჭადრაკის თამაშით სწავლების საშუალებას, რაც ბაღში შესაძლებელია“ - საბავშვო ბაღი, სადაც ჭადრაკი ისწავლება
08.12.2022

თბილისში, გლდანში, 101-ე საბავშვო ბაღში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომელიც პატარებისთვის ჭადრაკის გაცნობასა და ფიგურების სვლების სწავლას გულისხმობს.

საბავშვო ბაღი ახალი აშენებული და მოწყობილია. როგორც ბაღის დირექტორმა, ქრისტი მოდებაძემ skolamdelebi.ge-ს უთხრა, ახალი სკოლამდელი სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულების მოწყობის დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა გარემო იქმნება. ზოგი საბავშო ბაღის ეზოში ავტოქალაქს აწყობენ, ზოგში - საჭადრაკო მოედანს. მათ ბაღში საჭადრაკო ეზოა მოწყობილი, რაც დამატებითი სტიმულია, რომ პატარებს სპორტის ეს სახეობა დააინტერესდეთ.

როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მაია ლომინეიშვილი გვიყვება, საბავშვო ბაღში ჭადრაკის საპილოტე სწავლების იდეა მას და ჭადრაკის დედოფალს, ნონა გაფრინდაშვილს ეკუთვნით.

„გლდანში საჭადრაკო კლუბი გვაქვს მე და ნონა გაფრინდაშვილს. შევდიოდით ბაღებში და ვთავაზობდით ჭადრაკის სწავლებას. ამ ბაღმა გამოთქვა სურვილი, რომ იქ საპილოტე პროგრამა განგვეხორციელებინა. ახლა კი, რასაც ვუყურებ, გაამართლა ჩვენმა იდეამ, რადგან ბავშვები აშკარად დაინტერესებულები არიან. ეს კი უკვე გამართლებაა“, - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.

მაია ლომინეიშვილის აზრით, საბავშო ბაღში უფრო მეტი საშუალებაა, პატარებს ჭადრაკის ფიგურები და სვლები თამაშით ასწავლონ.

„სკოლა იმდენად არ გაძლევს თამაშით სწავლების საშუალებას, რამდენადაც ბაღი. ბაღში თამაშის შეზღუდვა არ არის, რაც ძალიან კარგია. ღონისძიებები ტარდება, ფიგურებს ჭრიან და აფერადებენ... თამაშ-თამაშით სწავლება ბევრად ეფექტურია. პატარა ანიმაციის გაკეთება შეიძლება და ა.შ. ბავშვები ძირითადად სწავლობენ ფიგურების სახელწოდებებს და რომელი ფიგურა როგორ გადაადგილდება. ამაზე მეტი სწავლა არ სჭირდება სკოლამდელი ასაკის ბავშვს. მთავარია, ბავშვი დაინტერესდეს და თან  გასართობი დაინახოს. მთავარია, დიდი დატვირთვით არ მოხდეს ამაში ბავშვის ჩართვა. მაქსიმუმ, ნახევარი საათია ოპტიმალური დრო, მერე უკვე იღლებიან ბავშვები. კვირაში 1 ან ორი დღე ნახევარსაათიანი გაკვეთილები საკმარისია, ოღონდ სპეციალური პროგრამაა ამისთვის საჭირო. საქართველოში კი ასეთი სპეციალური პროგრამა არ არსებობს. პედაგოგს მიაქვს პროგრამა და ისე ასწავლის. გამოცდილი პედაგოგია, რომელიც სკოლაშიც ასწავლის“.

ჭადრაკს პატარებს მირანდა ცინარიძე ასწავლის. ბაღის დირექტორი, ქრისტი მოდებაძე ჭადრაკის სწავლების დანერგვასა და იმ აქტივობებზე გვიყვება, რომლითაც საბავშვო ბაღში პატარები არიან დაკავებული. 

„ახალი ბაღია - 2021 წლის 1 მარტიდან დავიწყეთ ფუნქციონირება. პანდემიის პირობებში, გარკვეული რეგულაციების ფონზე მოგვიწია მუშაობის დაწყება, მაგრამ რადგან ჩვენთან დაინერგა საპილოტე სწავლება სკოლამდელ დაწესებულებაში, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი გიორგაძეც გვესტუმრა მაშინ.

გვაქვს ჭადრაკის სივრცე, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. გვაქვს ასევე ეზოს ჭადრაკი, რაც ძალიან მოსწონთ ბაღის აღსაზრდელებს. ჭადრაკის პედაგოგი აცნობს ჭადრაკის შესახებ იმ ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება ბავშვები დავაინტერესოთ. კარგ, მზიან ამინდში ვახერხებთ, რომ ბავშვები ორ-სამჯერ სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ. ვიზუალურად უყურებენ, ეცნობიან ფიგურებს“, - გვიყვება დირექტორი.

ქრისტი მოდებაძე ამბობს, რომ 4, 5 და 6 წლის ბავშვები უფრო მეტად არიან დაინტერესებული ჭადრაკის ფიგურების გაცნობით, ვიდრე უფრო პატარები. 

„როგორც ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, მეც ჩართული ვიყავი ამ პროექტში და გვაინტერესებდა, რომელ რომელი ასაკობრივი ჯგუფების მხრიდან შეიძლებოდა მომხდარიყო დაინტერესება. ამ წელიწადნახევარმა კი გვაჩვენა, რომ უფრო მეტად დაინტერესებულები არიან 4-5 და 5-6 წლის ასაკობრივი ჯგუფები. თავიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფშიც დავიწყეთ ფიგურების გაცნობა. მაგრამ, როგორც ვხვდებით, მათთვის მაინც ადრეა და უფრო მეტად 4-5 და 5-6 წლის ასაკობრივი ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს. შემდგომ, ნება-სურვილის მიხედვით, ნელ-ნელა სწავლობენ ფიგურების ცნობას, წარმოდგენას, თუ რა არის ჭადრაკი. ეს ყველაფერი ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა მოხდეს. ზოგს ეს არ მოსწონს ისევე, როგორც შეიძლება, მათემატიკა არ მოსწონდეს.

ვფიქრობ, გაამართლებს ჩვენი ექსპერიმენტი. ახლა სკოლებშიც ისწავლება ჭადრაკი. იქ სწავლების სხვა მეთოდია, ბაღში - სხვა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები რომ დაინტერესდებიან, სკოლაში ჭადრაკის სწავლაც უფრო ადვილი იქნება“, - ამბობს დირექტორი.

ეზოში არსებული ჭადრაკის ფიგურები პლასტმასისგანაა დამზადებული, მსუბუქი,  ნახევარ მეტრამდე სიმაღლის და ბავშვს შეუძლია, მარტივად აიღოს და გადაადგილოს.

„ეზოში ატრაქციონებიც გვაქვს სხვა გასართობებიც, მაგრამ როგორც კი იქ ჩავიყვანთ, პირდაპირ ჭადრაკის სივრცისკენ გარბიან და ვინც რა იცის, იმ სვლას აკეთებს, ასახელებენ, რომელი რა ფიგურაა. ყველაზე მეტად მაინც  მეფისა და დედოფლის ფიგურები მოსწონთ, თუმცა არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ პაიკი და მისი სვლებიც.

რასაც თავად შევესწარი ის იყო, რომ პედაგოგმა შეიტანა შავ-თეთრად ამობეჭდილი სხვადასხვა ნახატები და ბავშვებს მისცა საშუალება, თავად აერჩიათ, ვის რისი გაფერადება უნდოდა. ბავშვების უმეტესობამ ჭადრაკის ფიგურები აირჩია. ვიზუალურად რასაც ხედავენ, იმასაც აქვს დიდი მნიშვნელობა ბავშვებისთვის. ჩვენი ბავშვები ეზოშიც ხედავენ ჭადრაკს, დარბაზში რომ შედიან, იქ ჭადრაკის დაფები გვაქვს...  კალათბურთის სივრცეც გვაქვს, შეუძლიათ ბურთით ითამაშონ და ა.შ., მაგრამ მაინც ჭადრაკის ფიგურებით დაინტერესდნენ, ვიდრე ბურთით და სხვადასხვა ფერად გააფერადეს. არადა, ხილის, ბოსტნეულის, სხვა სათამაშოების გაფერადებაც შეეძლოთ“, - გვითხრა ქრისტი მოდებაძემ.

ბაღის დირექტორის დაკვირვებით, ჭადრაკისადმი ინტერესი აშკარად უწყობს ხელს ყურადღების კონცენტრაციას, ლოგიკურ აზროვნებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს მოსაბეზრებელი და დროში გაწელილი და  როდესაც ბავშვს სიამოვნებს, მერე აუცილებლად უვითარდება ის უნარები, რასაც ეს სპორტი აძლევს ადამიანებს.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი