საახალწლო
(ნოდარ დუმბაძე)
- ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა, თოვლის საბანს რომ იხურავ, ნაძვის ხეო, არა გცივა? - არა მცივა, პატარებო, მე ღიმილი თქვენი მათბობს და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც არასდროს არ დაიზამთროს. ზამთარია, მაგრამ გული არ გითბებათ ყველას განა? ხედავთ? თოვლის ბაბუამაც საჩუქრები მოგიტანათ. უღრან ტყიდან მოვიჩქარი, ისე ძლიერ შემიყვარდით, მე მოვედი, რომ ახალი მოგილოცოთ წელიწადი.
|
თოვლის ბაბუა
(მორის ფოცხიშვილი)
გადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი თმებით. მოჰყავს დათუნიები მოაქვს საჩუქრები. გარეთ ცივი ქარია, ათოვს მთებს და ველებს. ალბათ სცივა ბაბუას - ვინ გაუთბობს ხელებს? როცა მოვა, ვიცეკვებთ და გულს გავიხარებთ, გაზაფხულის მოსვლამდე არ გავუშვებთ გარეთ.
|
ზამთარი
(გიორგი ქუჩიშვილი)
ყმაწვილებო! ერთი შეხეთ რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა; ჩანს, ზამთარი აღარ ხუმრობს, ჩანს, წუხელვე დათოვლილა! აბა, ჩქარა, გაიღვიძეთ, გაახილეთ ყველამ თვალი, რომ არავინ არ დაგასწროთ პირველ თოვლში კოტრიალი!
|
მრავალ ახალ წელს!
(გალაკტიონ ტაბიძე)
ვაზებიან გზას, მტევნებიან ველს, მრავალ ახალ წელს, მრავალ ახალ წელს! მშვიდობა და მზე თქვენს მარჯვენა ხელს უნათებდეს რთველს მრავალ ახალ წელს! მაშ მშვენიერ ცას და ქვეყანას ვრცელს ვუსურვებდი კვლავ მრავალ ახალ წელს!
|
ზამთარი
(გრიგოლ აბაშიძე)
ტყის სიმწვანე სად წასულა, ჩიტუნები სად არიან? თოვლი მოდის, ქარი წივის: „ზამთარია! ზამთარია!“ შეხე პეპლებს, ფრთათეთრ პეპლებს, ხეებს ირგვლივ ევლებიან, ეს თოვლია, თოვლი მოდის, განა მართლა პეპლებია! ეს ზამთარი მობრძანდება თეთრწვერა და თმაჭაღარა, გუნდამ, ციგამ, თოვლის კაცმა - ყველამ ერთად გამახარა.
|
მეტიჩარა ნაძვის ხე
(ლელა ცუცქირიძე)
მობრძანდება თოვლის ბაბუ, მოდის წელი ახალი, მიწას ფიფქით ეწერება საახალწლო ზღაპარი. იცინიან ფანტელები, რა ამბავი გაიგეს? თოვლის ბაბუ შეუყვარდა მეტიჩარა ნაძვის ხეს. აფახულებს თეთრი ზეცა თეთრი ფიფქის წამწამებს, მალე თოვლი აივნებზე თეთრ ხალიჩებს გადაფენს. ეს ნაძვის ხე მეტიჩარა ბრჭყვიალებით მორთულა, ხუმრობაა? თოვლის ბაბუ საჩუქრებით მოსულა.
|
ახალი წლის ზღაპარი
(ნანა მეფარიშვილი)
ახალი წლის ზღაპარი, უსათუოდ ახდება, როცა კართან ხურჯინით, თოვლის პაპა დაგვხვდება. აცეკვდება ეზოში, თოვლის თეთრი ფანტელი, ნაძვის ხესთან იქუხებს, ნატვრის კორიანტელი. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ, მშვიდობას და აღდგომას, მოგილოცავთ სუყველას, ახალი წლის დადგომას!
|
სიზმარი
(კახაბერ ჭიჭინაძე)
დამესიზმრა ნაძვის ხე, საახალწლო მზადება საოცარი სიზმარი ვფიქრობ მალე ახდება, აი, გესმით სადღაც შორს შრიალებენ ნაძვები, ხედავთ თოვლმა მთა და ბარს გაუთეთრა კალთები, მოფარფატე ფიფქებიც მხიარულად მღერიან - მოგილოცავთ იხარეთ დღეს ახალი წელია!
|
საახალწლო
(ანზორ აბულაშვილი)
თოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის ხეო. დადგა მღერა-სიცილით ახალი წლის დღეო.
|
ამანათი
(გივი ჭიჭინაძე)
ფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ეს პატარა ნობათი ბებიამ და ბაბუამ საახალწლოდ მოგართვით!“
|