კომპიუტერის თუ ტელეფონის გამოყენება მშობლებს საკმაოდ დიდ კომფორტს უქმნის. მისი საშუალებით ნაკლებად პრობლემური ხდება კვების, ჩაცმის, მგზავრობის და სხვადასხვა ქმედებების შესრულების პროცესი, თუმცა, როგორც ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია აღნიშნავს, ეს ყველაფერი აუცილებლად „რაღაცის“ ხარჯზე ხდება და ეს რაღაც, ძირითად შემთხვევაში, სახიფათო ფაქტორებს გულისხმობს.
მარიამის აზრით, ბავშვთან ეკრანის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა გარკვეულ ასაკში - გარკვეული დროითა და გარკვეულ კონტექსტში. ეკრანის გამოყენება განსაკუთრებით საზიანო კი ბავშვისთვის კვების დროს არის.
ფსიქოლოგი კვების დროს ეკრანის გამოყენების საფრთხეებს, ასე აყალიბებს:
- იქმნება ანემიის, კვებითი აშლილობების განვითარების რისკები.
- კვების დროს ეკრანზე ყურადღების გადატანის გამო, ტვინს არ მიეწოდება სიგნალი. შესაბამისად, ბავშვი ვერ აღიქვამს რა რაოდენობის საკვები მიიღო, დანაყრდა თუ არა. ამიტომაც, შეიძლება მიირთვას ნაკლები და რეალურად დარჩეს მშიერი, ან კიდევ პირიქით, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად მას სჭირდება;
- გაჯეტის გამოყენების პროცესში მშობლები ძირითადად საკუთარი ხელით კვებავენ შვილებს, რომ ერთგვარად მოასწრონ ბავშვის „დანაყრება“, რაც ბავშვს ართმევს შესაძლებლობას განივითაროს დამოუკიდებლობა და ხშირ შემთხვევაში დიდ ასაკშიც მოითხოვს იმას, რომ უფროსმა გამოკვებოს.
- 2020 წლის კვლევებით დასტურდება, რომ ეკრანთან კვების პროცესში ადამიანები მიირთმევენ იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდებათ, შესაბამისად კვების დროს ეკრანის ყურებასა და ჭარბწონიანობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
- ასეთ დროს ბავშვი მიირთმევს ავტომატურად იმას რასაც ჩვენ ვთავაზობთ, არ აკვირდება მას და იღებს ყოველგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მოსწონს თუ არა, რაც სამომავლოდ ვრცელდება სხვა სიტუაციებზეც და არსებობს საფრთხე, რომ მომავალშიც საკუთარი დამოკიდებულების მიუხედავად უპრობლემოდ მიიღოს მიწოდებული ნებისმიერი რამ.
- კვების დროს გაჯეტის გამოყენება იწვევს მასზე დამოკიდებულებას, რამაც შეიძლება მომავალში განსხვავებული ფორმა მიიღოს - თამაშდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, კვებითი ადიქცია, წამალდამოკიდებულება და სხვა.
- ვასწავლით მანიპულაციურ ქცევას და ყოველთვის იქნება იმის რისკი, რაიმეს შესრულებისთვის სანაცვლოდ მისთვის სასურველს მოგვთხოვს.
„მოცემული ქცევის შედეგების გააზრებით მივხვდებით, რომ რეალურად უფრო მეტ საფრთხეს ვუქმნით საკუთარ შვილებს, ვიდრე შეიძლება ნაკლები საკვების მიღებით ან ერთი კვების ამოგდებით შეექმნათ. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეალურად ბავშვი მშიერი არ დარჩება. მან ზუსტად იცის, რა სჭირდება და რამდენი. ის აუცილებლად მიირთმევს, როდესაც ტვინი სიგნალს მიაწოდებს“, - მიიჩნევს მარიამ ფაცურია.
იხილეთ ასევე:
გიორგი ღოღობერიძემ ბავშვის კვებასთან დაკავშირებული სუპერ პროდუქტები ჩამოთვალა
საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა