მთავრობა ყველა სკოლამდელი დაწესებულების რეგისტრაციას და შემდეგ ავტორიზაციას გეგმავს. საკითხი ეხება არა მხოლოდ მუნიციპალურ, არამედ კერძო საბავშვო ბაღებსაც.
როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, კერძო ბაღები სხვადასხვა უწყების მიერ კონტროლდება, თუმცა არ იციან, რა ხდება განათლების სეგმენტში. მათი ინფორმაციით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ეს საკითხი ასე თუ ისე დარეგულირებულია.
საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი პუნქტები, რომელიც როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღების აღმზრდელებს ეხება, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტრშია გაწერილი.
ეფექტური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესისთვის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინტერესებს და სხვადასხვა მეთოდით ზრუნავს მათი მოტივაციის ამაღლებაზე, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, გაჩენაზე, შენარჩუნებასა და საქმიანობებში ჩართვაზე.
- აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა საქმიანობის საშუალებით წაახალისებს თითოეული ბავშვის შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს.
- აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებასა და ინიციატივების გამოვლენაში.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვს, გააკეთოს არჩევანი, თავისუფლად გამოხატოს აზრი (მაგ.: ბავშვები ჩაერთონ სასურველი/საინტერესო თემის განხილვაში, საქმიანობის, შემაჯამებელი ღონისძიების სახეობის არჩევაში, მონაწილეობა მიიღონ ზეიმის მოწყობის პროცესში).
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ქცევის პოზიტიური მართვის „გაძღოლის სტრატეგიები“ და სხვადასხვა პოზიტიური მეთოდების მეშვეობით ახდენს ბავშებში რთული ქცევის პრევენციას; რთული ქცევის შემთხვევაში, მიმართავს პოზიტიურ მეთოდებს მის მოსაგვარებლად.
- აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშესაწყობად და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარსამართავად იყენებს სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ საშუალებებსა და ხელსაწყოებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ეტაპის სრულფასოვნად წარმართვისა და თითოეული ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფში მომუშავე აღმზრდელთან და/ან სხვა დამხმარე პერსონალთან.
- აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აწყობს სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელ ღონისძიებას (გამოფენა, სპექტაკლი, ექსკურსია, კონცერტი, შეჯიბრი და ა.შ.).
- აღმზრდელ-პედაგოგი სწავლისა და განვითარების პროცესის ორგანიზებისას აქტიურად იყენებს კოლეგებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებს (მაგ.: კოლეგებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა მეთოდს, სასწავლო პროგრამებს, ესწრება კოლეგების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობას და ა.შ.)
იხილეთ ასევე:
რა იგეგმება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების დასაცავად
31 დეკემბერს ცნობილი გახდება იმ საბავშვო ბაღების სია, რომლებიც 2023 წელს იმუშავებენ - რა ელით სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებს