კერძო ბაღები კონტროლდება სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის, ჯანმრთელობის დაცვის ნაწილში, თუმცა რა ხდება განათლების მხრივ, ეს საკითხი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში მას შემდეგ დარეგულირდება, რაც ყველა ბაღი ავტორიზაციას გაივლის, - ამ საკითხზე პირდაპირ ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.
ბაღების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. რომელი სააღმზრდელო დაწესებულებაც ამ სისტემაში ვერ მოხვდება, ის განიხილება, როგორც ახალი სუბიექტი, რომელსაც პირდაპირ ავტორიზაციის გავლა მოუწევს.
როგორც მახარაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც წლის ბოლომდე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები დარეგისტრირდებიან სისტემაში, რომელიც მათთვის განათლების ხარისხის მართვის ცენტრმა მოამზადა, მთელი 2023 წლის განმავლობაში ისინი თვითშეფასებით დაკავდებიან და აღწერენ, რა მდგომარეობაა მათ ბაღში, რა გამოწვევის წინაშე დგანან. განათლების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმის დანახვით კი არ დაკავდება სახელმწიფო, თუ რა უჭირთ ბაღებს, არამედ დაეხმარებიან და მოამზადებენ, რათა ავტორიზაციის გავლა შეძლონ და სტანდარტებთან შესაბამისობაში იყვნენ.
„ხარისხის უზრუნველყოფის კულტურა საბავშვო ბაღებს არ აქვთ... ჩვენ ავამუშავეთ და სახელმწიფომ შექმნა მთელი კოჰორტა მხარდამჭერი ექსპერტებისა. ისინი ჩავლენ და დაეხმარებიან, თუ რას ნიშნავს წარმოადგინონ საკუთარი თავი სტანდარტებთან მიმართებაში. სტანდარტები არის უმნიშვნელოვანესი. გვაქვს ოთხი სტანდარტი. პირველი - მისია და ხედვა, მეორე - კონტენტი და შინაარსი, მესამე - თემი და მშობლის ჩართულობა და მეოთხე - ინფრასტრუქტურა და მთლიანად მოწყობა ბაღისა, სადაც უკვე ბევრი მოთამაშე ერთვება, არამხოლოდ განათლების სამინისტრო, ჯანდაცვა, სურსათის უვნებლობის სამსახური და ა.შ.
„ყველა რგოლი თავის ნაწილში ყველაფერს უყურებს, მაგრამ მთლიანობაში, როგორც ორგანიზმი, საბავშვო ბაღი როგორ ფუნქციონირებს... მხოლოდ სააღმზრდელო ფუნქცია ხომ არ აქვს საბავშვო ბაღს? განათლების სეგმენტი როგორ არის შიგნით ჩართული... აქამდე ის დადელეგირებული იყო და დღესაც რჩება მუნიციპალიტეტების ქვეშ, დამფუძნებლები არიან მუნიციპალიტეტები საჯარო ბაღებისა, მაგრამ კერძო ბაღის ნაწილში, ამ სეგმენტებში, რაც ჩამოვთვალე, კონკრეტული დარგობრივი სამინისტროს მარეგულირებელი როგორც შპს-ს, როგორც ინდმეწარმეს, რასაკვირველია, ამოწმებს, მაგრამ გარე ხარისხის უზრუნველყოფა, შიდა ხარისხის აწყობა ბაღის, როგორც ერთიანი ორგანიზმისა, პირველად ხდება, როცა უყურებს სახელმწიფო და ამონიტორინგებს, აძლევს გეზს, მხარს უჭერს, რომ იყოს შესაბამისი მოწყობის დაწესებულება“, - ამბობს თამარ მახარაშვილი.
მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ბაღების რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ პირველ რიგში, იმის კულტურას, რომ მშობელს ეცოდინება, როგორ უნდა იყოს ჩართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში.
„ამასთანავე, მშობელი იქნება მშვიდად და ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბავშვები იქნებიან დაცული, რომ შესაბამის განათლებას, შესაბამის სივრცეში, დაცულ სივრცეში იმ ყველა პროცედურაში იქნებიან ჩართულნი, რომელიც არის წინაპირობა, რომ ბავშვის სოციალიზაცია სწორად მოხდეს და ის მოემზადოს სკოლისთვის“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
იხილეთ ასევე:
ორი მიზეზი, რატომ უნდა ატაროთ ბავშვი ბაღში - კახაბერ ერაძე მშობლის როლზე