დღის თემა
etaloni.ge
მუნიციპალიტეტები ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ემზადებიან
01.12.2022

2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება. მიმდინარე წელს მთავრობა საბავშვო ბაღების აშენება-რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.  

მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელსაც აქტიური იყო. მუნიციპალიტეტები იმ ბაღების სიას ადგენენ, რომლებსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეთ ან თავიდან უნდა ააშენონ.

გურჯაანში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 7 საბავშვო ბაღი დემონტაჟს საჭიროებს. ამ დროისთვის კი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უცნობია, რა თანხა გამოიყოფა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის.

„სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ბაღებში არ შეიძლებოდა სწავლის გაგრძელება და შესაბამისად, დაიკეტა. ამიტომ იქ ვეღარ ვაკეთებთ რეაბილიტაციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, როდის შევძლებთ ახალი ბაღების აშენებას“, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ახალი საბავშვო ბაღები უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: კოლაგში, ნანიანში, შაშიანში, ველისციხეში, ახაშნში და ჩუმლაყში ორი საბავშვო ბაღი.

მომავალი წლისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციისთვის 3 000 000 ლარამდე აქვს გათვალისწინებული, სადაც ერთი სოფლის, ახალსოფლის ახალი ბაღის მშენებლობაც შედის.

მიმდინარე წლის ბოლომდე ხელვაჩაურის მერიამ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მილიონ 200 ათასი ლარი უნდა დახარჯოს. ამჟამად რემონტდება ხელვაჩაურის პირველი საბავშვო ბაღი და  გამაგრებითი სამუშაოები უტარდება ახალსოფლის საბავშო ბაღის ეზოს, რომლის შენობასაც საფრთხე მიწის რამდენიმე მეტრით დაწევამ შეუქმნა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალსოფლის საბავშვო ბაღი, ეზოში მიწის დაწევის გამო, უკვე ერთი წელია, დაკეტილია. ეზოში ჩამდინარე სანიაღვრე წყლებმა მიწის მასა რამდენიმე მეტრით დაწია. ბაღის ადმინისტრაცია კი იძულებული გახდა, სასწავლო პროცესი შეეჩერებინა და ბავშვების ნაწილი მობილობით სხვა სოფლის ბაღში გადაეყვანა, ნაწილი კი სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხელვაჩაურის პირველი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ნაწილი იქვე ახლოს, მეორე საბავშვო ბაღში გადაიყვანეს. ბავშვების ნაწილი კი იქაც სკოლამდელი განათლების გარეშეა დარჩენილი.

იხილეთ ასევე:

რა მოთხოვნები ვერ შეასრულეს მუნიციპალიტეტებმა საბავშვო ბაღებში

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი