დღის თემა
etaloni.ge
ორი მიზეზი, რატომ უნდა ატაროთ ბავშვი ბაღში - კახაბერ ერაძე მშობლის როლზე
01.12.2022

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდა და განათლება სავალდებულო არ არის, უნდა შეიცვალოს მშობლის ცნობიერება, თუ რატომ არის საბავშვო ბაღში სიარული ბავშვისთვის  მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ, „რადიო იმედის“ ეთერში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

კახაბერ ერაძის თქმით, ბავშვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სიარულს ორი მიზეზი აქვს. ამ ორი მიზეზის გათვალისწინებით კი პატარა ბაღში აუცილებლად უნდა ვატაროთ.

„პირველი მიზეზი არის ბავშვის ფსიქოემოციური და მენტალური მზაობა, რომ შეუერთდეს სკოლას და წარმატებული იყოს. სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ბაღში დადიოდნენ, უფრო წარმატებულები არიან პირველ კლასში, მეორე კლასში, ვიდრე ისინი, ვინც არ დადიოდნენ. საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს იმ ბავშვს, რომელიც ოჯახიდან არ გადიოდა და პირველი სივრცე, სადაც აღმოჩნდა, არის სკოლის პირველი კლასი, რაც სტრესია ბავშვისთვის. მერე იწყება ტირილი, „დედა წამიყვანე“, „არ დამტოვო“... რაც ბაღში უნდა მოელია 3 წლის ასაკში, სკოლის პირველ კლასში უწევს.

„მეორე მიზეზი ბავშვის იმუნური სისტემაა. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. ბავშვებს მიაქვთ  ვირუსები ბაღში, ვრცელდება, იმუნიტეტი ძლიერდება ამ პერიოდში და თუკი ამ სიტუაციის გავლას ბავშვი იწყებს სკოლაში, ის ჩამორჩება სასწავლო პროცესს. ამიტომაც, მინიმუმ ეს ორი სარგებელი უნდა გავითვალისწინოთ და ბავშვი მოვამზადოთ სკოლისთვის. ამ დროს მშობელი მიიღებს ემოციურად და ინტელექტუალურად განვითარებულ შვილს, ბევრად უფრო მზას, რომ პირველი ნაბიჯები გადადგას სავალდებულო განათლების ნაწილში, რომელიც საშუალო განათლება გახლავთ“, - ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

კახაბერ ერაძე აღნიშნავს, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან ერთად უნდა გაიზარდოს მშობლების ჩართულობა და ისინი უფრო აქტიურები უნდა გახდნენ.

„ბაღების ავტორიზაციის პროცესი შეცვლის იმას, რომ თემს და მშობელს ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩართულობისა, იმიტომ, რომ ისინი არიან დამკვეთები. მათი როლი უფრო აქტიური უნდა გახდეს, ისინი უფრო მომთხოვნები უნდა გახდნენ სერვისის მიმწოდებელთან მიმართებაში. ავტორიზებული ბაღი უკვე ნიშნავს, რომ ეს ბაღი გარკვეული სტანდარტის მომსახურეობას სთავაზობს.

„ბაღი გამორჩეული ფენომენია განსხვავებით კოლეჯისგან ან უმაღლესისგან... ბაღის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან. ამ შემთხვევაში, მშობელმა, თემმა უნდა შეასრულოს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბაღი უფრო თემის საკუთრებაა. ბაღი თემმა შექმნა იმისთვის, რომ ოჯახებმა შეძლონ ადექვატური აღზრდისა და განათლების მიწოდება თავიანთი შვილებისთვის და ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ასევე თემის თავისებურებებს. ორი დილემის წინაშე ვდგავართ - ერთი მხრივ ეროვნული სტანდარტები და მეორეს მხრივ - თემისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. ამ ორის სინთეზი უნდა მოხდეს სტანდარტებში. ამიტომ სტანდარტები არ არის ძალიან მკაცრი. ის მინიმალურ აუცილებელ მოთხოვნებს ადგენს, თუმცაღა ტოვებს საკმაოდ დიდ თავისუფლებას თემისთვის და მუნიციპალიტეტების როლი არის გადამწყვეტი“, - თქვა კახაბერ ერაძემ.

იხილეთ ასევე:

31 დეკემბერს ცნობილი გახდება იმ საბავშვო ბაღების სია, რომლებიც 2023 წელს იმუშავებენ - რა ელით სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებს

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი