„თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, სასურველია მან „პარაცეტამოლი“ მიიღოს სიროფის სახით, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით“, - განმარტა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესასთან საუბრისას.
როგორც ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, ტემპერატურის მართვაში ანტიბიოტიკების ჩართვა, რაც მისივე შეფასებით, ბავშვისთვის „პოტენციურ საშიშროებას“ წარმოადგენს.
კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვის კლინიკაში წაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს ძლიერი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა და საერთო სისუსტე.
„რესპირაციული ვირუსული ინფექციების დროს, ბინაზე მართვის შესაძლებლობები მკვეთრად არის განსაზღვრული. ძირითადი აქცენტი კეთდება ტემპერატურის კონტროლზე. თუ ბავშვს მაღალი ცხელება აქვს, ტემპერატურა 38.5 და მეტი, მაშინ შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება. მანამდე კი აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მოიმატებს, ბავშვს მივცეთ „პარაცეტამოლი“ სიროფის სახით, ან მიიღოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით.
„ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიცემის დროს ინტერვალის დაცვა, სასურველია ეს ინტერვალი 6 საათი იყოს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ამ წამლებმა, ისევე როგორც სხვამ, შესაძლებელია გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიცემას. თბილი სითხე შეიძლება იყოს დედის რძისგან დაწყებული, ჩაით, ხილის ნახარშით (ვაშლი, კომში) დამთავრებული. ასევე, შეიძლება იყოს მინერალური წყალი, მთავარია არ იყოს ტკბილი, გაზირებული სითხე. 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის, ხველის შემთხვევაში კარგი ეფექტი აქვს ჩაის, რომელიც 1 კოვზი თაფლით არის შეზავებული. კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ და პოტენციურად საშიშია ანტიბიოტიკების მიღება ტემპერატურის მართვის თვალსაზრისით. არ არის სწორი, როდესაც ბავშვს 2-3 დღე აქვს სიცხე და შემდეგ მშობლები ანტიბიოტიკის მიღებას აწყებინებენ. ამის უკან ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა დგას!
„რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ბავშვის კლინიკაში წაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს შეუპოვარი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა, განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ბავშვს სითხის მიღება არ შეუძლია. ასევე კლინიკაში გადაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს ძილიანობა, ძლიერი საერთო სისუსტეც. გრიპს მაღალ ხველებასთან ერთად, ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. თუ ბავშვს 3 დღე და მეტი აქვს მაღალი ტემპერატურა, სასურველია ის პედიატრმა ნახოს. თუ გრიპზე ვსაუბრობთ და მის მკურნალობაზე, აქ ანტივირუსული თერაპიის დაწყება სასურველია დაავადების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ჯერ ჩვენ არ განვიხილავთ ცხელებით მიმდინარე ყველა დაავადების ყველა ეპიზოდს, როგორც გრიპს, მაგრამ თუ მატება მნიშვნელოვანი იქნება და გრიპის შემთხვევები გადააჭარბებს გარკვეულ ეპიდემიურ ზღურბლს, რის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, მაშინ ექიმის გადასაწყვეტი იქნება ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება“,- ამბობს ჩხაიძე.
იხილეთ ასევე: