დღის თემა
etaloni.ge
იგეგმება თუ არა ვირუსების გამო საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების გამოცხადება და რა შემთხვევაში გაირიცხება ბავშვი
29.11.2022

ქვეყანაში ვირუსული ინფექციების აფეთქების პერიოდია. როგორც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ, ზოგადი დისტანცირების და ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, ახლა კი ისევ დავუბრუნდით ვირუსების ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას.

„ვირუსები, რომლებიც ცირკულაციაშია არის ის ვირუსები, რაც ყოველ წელს ცირკულირებდა. მოცირკულირე ვირუსებში დაახლოებით 20-20%-ის პროპორციით არის რინო ვირუსი, ადენო ვირუსი, რესპირაციული ვირუსი, ა ტიპის ვირუსი და ძალიან მცირე რაოდენობით - კორონა ვირუსი, დაახლოებით 2%“, - ამბობს თამარ გაბუნია.

ვირუსების აფეთქების ფონზე კი საბავშვო ბაღებში ბავშვთა რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. როგორც skolamdelebi.ge-ს თბილისის ერთ-ერთი მუნიციპალური საბავშო ბაღის აღმზრდელმა დღეს, 29 ნოემბერს უთხრა, ბაღის ჯგუფში, სადაც 51 აღსაზრდელი ირიცხება, მხოლოდ 19 ბავშვია.

ამ ფონზე, აღსაზრდელთა მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათი ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები აპირებენ, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოაცხადონ და პატარები სააღმზრდელო დაწესებულებაში გამოუცხადებლობის გამო ბაღიდან არ გარიცხონ, თუმცა როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით არ განიხილება.

მოქმედი კანონმდებლობით, სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულება ელექტრონულ სისტემაში ყოველი სამუშაო დღის 12 საათამდე უზრუნველყოფს აღსაზრდელთა სახელობითი დასწრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას.

თუ აღსაზრდელი საბავშვო ბაღში ზედიზედ 10 სამუშაო დღის განმავლობაში არ გამოცხადდება ან თვის განმავლობაში - 15 სამუშაო დღეს გააცდენს, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტრაცია შეუჩერდება. ამის შემდეგ, თუ  მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში აღსაზრდელის მშობლი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, ბავშვი ბაღიდან გაირიცხება.  

ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად 10 დღის ზედიზედ ან თვეში 15 დღის გაცდენის დაფიქსირებისთანავე და არ საჭიროებს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.

რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე,  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

  1. აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
  2. ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  3. სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.

ბავშივს მშობელს ან მეურვეს დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია.

იხილეთ ასევე:

„მასწავლებლები საშინელ დღეში ვართ, პატარებს ჩვენთან მოსვლა და ჩახუტება უნდათ“, - რაში ადანაშაულებენ აღმზრდელები მშობლებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი