დარბილებულ საქონლის ხორცში, რომელიც ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების გამოსაკვებად უნდა იყოს განკუთვნილი, ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 000 ლარს გადაიხდის. ამ მიზნით აღნიშნულმა გაერთიანებამ ტენდერი 14 ნოემბერს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისში მდებარე 37 საბავშვო ბაღისთვის, სულ 2 000 კილოგრამი ხორცი უნდა შეიძინონ, რის მიხედვითაც კილოგრამი ხორცის ფასი 18 ლარი და 50 თეთრი გამოდის.
ხორცის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ორჯერ, სამუშაო დღის სამუშაო საათებში, წინასწარ მიღებული შეკვეთის საფუძველზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი ხორცი, რა პირობებით და როგორ უნდა მიეწოდოს საბავშვო ბაღებს, დოკუმენტაციაში დეტალურადაა გაწერილი:
„ახალი საქონლის ხორცი, უძვლო, დარბილებული, გაუყინავი, I კატეგორიის, ვარდისფერი, სუნი პროდუქტისთვის დამახასიათებელი, უცხო სუნის გარეშე. ხორცი უნდა იყოს ახალდაკლული და მომწიფებული. გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია. მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. სერთიფიცირებული სასაკლაოდან, შემოწმებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და დამოწმებული მისივე ბეჭდით. გაერთიანებისათვის მოსაწოდებელი საქონლის ხორცი მათ მიერ დამუშავდეს (დარბილდება) სერთიფიცირებულ საწარმოში, შეიფუთოს პოლიეთილენის პაკეტებში და მისი შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან დადასტურდეს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პოლიეთილენის პაკეტზე ბეჭდის დასმით, პაკეტზევე მიეთითოს, პაკეტში მოთავსებული ხორცის წონა და გაერთიანების იმ ფილიალის ნომერი სადაც უნდა მოხდეს ხორცის მიწოდება.
საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორებით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები. ყველა ფილიალში, საქონლის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ვეტერინარული დასკვნა“.
იხილეთ ასევე: