სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის დოკუმენტში განმარტებულია, რომ დაწესებულება ყველა ბავშვისთვის უნდა აწარმოებდეს ინდივიდუალურ პორტფოლიოს, რომელიც შეიძლება არსებობდეს მატერიალური ან ციფრული სახით.
ინდივიდუალური პორტფოლიო ბავშვის გამოცდილებების და ნამუშევრების შეგროვების სისტემაა, რაც მისი განვითარების და სწავლის პროგრესს ასახავს. ინდივიდუალური პორტფოლიო ბავშვის სხვადასხვა ტიპის მიღწევების, შესაძლებლობების, ინტერესების, საჭიროებების შესახებ მტკიცებულებების ერთობლიობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს:
• ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერებს;
• ჩანაწერებს ბავშვის ნამუშევრის შესახებ (მაგ. ბავშვის მიერ აღწერილი ნამუშევარი, ბავშვის მიერ მოგონილი ამბავი);
• ბავშვის ნამუშევრებს (მაგ. ნახატი, აპლიკაცია, კოლაჟი, ნაწერი, ნაჯღაბნი); ბავშვის ნამუშევრის ფოტოებს (მაგ. კონსტრუქცია); ბავშვების ფოტოებს სხვადასხვა თამაშისა და აქტივობის დროს; ბავშვის მონაწილეობის შესახებ აუდიო/ვიდეო ჩანაწერებს (მაგ. ბავშვის მონაყოლი) და სხვ.
ასევე, განსაზღვრული უნდა იყოს პორტფოლიოების წარმოების ფორმა, შენახვის ვადა ან/და მისი გაცემის წესი. აღნიშნული ასახული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის მართვის მექანიზმში/წესში. ეს პროცესი შეიძლება ასეთი სახით იყოს წარმოდგენილი:
დაწესებულებაში პორტფოლიოები იწარმოება მატერიალური/ციფრული სახით;
თითოეული ბავშვისთვის გამოყენებულია ინდივიდუალური პორტფოლიო;
პორტფოლიო იხსნება საგანმანათლებლო წლის დასაწყისში და იხურება წლის ბოლოს;
პორტფოლიოდან შერჩეული ნამუშევრები წლის განმავლობაში პერმანენტულად უზიარდებათ მშობლებს/ვატანთ ბავშვებს;
ბავშვის პორტფოლიო გაიცემა:
ა) წლის ბოლოს, მშობლის სურვილის შემთხვევაში;
ბ) ბავშვის ბაღიდან ამორიცხვის შემთხვევაში;
გ) სასკოლო მზაობის ჯგუფის დასრულების შემდგომ.
გაუცემელი პორტფოლიოების შენახვის ვადაა ერთი წელი.