ბავშვების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა საჭიროა არა მხოლოდ დაწესებულების ფარგლებში, არამედ მის ფარგლებს გარეთ ბავშვების გაყვანის დროსაც, იქნება ეს ექსკურსია, ლაშქრობა თუ უბრალოდ გასეირნება ბაღის შემოგარენში, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.
ბაღის აღმზრდელებს ევალებათ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანამდე, აუცილებლად ჰქონდეთ მშობლის წერილობითი თანხმობა, რომელიც შესაძლოა წლის დასაწყისშივე დაწეროს მშობელმა.
ტრანსპორტი, რომელიც ბავშვებს გადაიყვანს, წინასწარ უნდა იყოს შემოწმებული, მძღოლს კი, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვების გადაყვანის გამოცდილება.
ექსკურსიამდე, აღმზრდელმა ასევე უნდა იფიქროს შემდეგ საკითხებზე: რამდენად უსაფრთხოა ექსკურსიის ადგილი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რამდენად შესაძლებელი იქნება ბავშვებისთვის თვალყურის დევნება, რამდენად დაცულები იქნებიან ბავშვები მანქანების მოძრაობისგან, სხვადასხვა მექანიზმებისგან, მომწამლავი აირებისგან და ა.შ., შესაძლებელი იქნება თუ არა ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება - წყალი, კვება, ტუალეტი...
ასევე, აღმზრდელმა უნდა გაანალიზოს, რამდენი უფროსია საჭირო ექსკურსიის დროს, ვინ იქნებიან ეს უფროსები - მშობლები თუ დაწესებულების თანამშრომლები, როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა დამხმარე უფროსებს შორის და ხომ არ სჭირდება რომელიმე ბავშვს საგანგებოდ ერთი ადამიანი.
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში აქვს აღმზრდელს უფლება ბავშვი ბაღის გარეთ გაიყვანოს
„სკოლამდელი დაწესებულება ხელს უწყობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს“ - კითხვარში განხილული თანამშრომლობის დეტალები