დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრა 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება - „ნახევარი საქართველო იჯდა ერთ დარბაზში და მსჯელობდა, როგორ როგორ გავაუმჯობესოთ ბაღები“
26.09.2023

„დამტკიცდა ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო ანუ როგორი უნდა იყოს ხარისხი ბაღებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხის ჩარჩოზე, ერთი მხრივ მოვიაზრებთ იმ მოთხოვნებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ბაღმა და მეორე მხრივ, ასევე მოვიაზრებთ იმ შეფასების პროცედურას და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ჩვენი ცენტრი მოახდენს ბაღების შეფასებას“, - თქვა რადიო „იმედის“ ეთერში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა.

როგორც სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ამბობს, იმისთვის, რომ აღნიშნული სისტემა დაინერგოს პრაქტიკაში, მნიშვნელოვანია, ბაღებთან ინტენსიური კომუნიკაცია, რათა მათთან კარგად მიიტანონ ინფორმაცია, კონკრეტულად რას ითხოვენ ამ ჩარჩოს ფარგლებში.

„ერთია, რომ ბაღებმა გააცნობიერონ, რა არის ის მოთხოვნები, რაც სახელმწიფომ დააწესა და მათ უნდა შეასრულონ და მეორეა მხარდაჭერა და დახმარება, თუ როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი... ეს პროცესები მიმართულია იქითკენ, რომ სისტემა მოვამზადოთ ავტორიზაციის პროცესისთვის. 6 შეხვედრა ჩავატარეთ ონლაინ რეჟიმში, სადაც ჩართული იყვნენ როგორც მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ასევე ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, მათი ხელმძღვანელები და მათთან გავიარეთ თვითშეფასების საკითხები.

მეორე ეტაპზე დავიწყეთ პირისპირ შეხვედრები... პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 32 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ეს არის დაახლოებით ნახევარი საქართველო, ისხდნენ ერთ დარბაზში და ერთად ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, როგორ უნდა ავაწყოთ ხარისხის ის სისტემები და როგორ გავაუმჯობესოთ ხარისხი ბაღებში. გარდა იმისა, რომ ძალიან ახლოს გავაცანით მათ სტანდარტების ის მოთხოვნები, რის დაკმაყოფილებაც მოუწევთ, ასევე გავაცანით შეფასების პირობები და გავაკეთეთ ერთგვარი ქსელი, კავშირი, სადაც ყველა ბაღის გაერთიანება ჩაერთვება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ყველა სიახლე - მეთოდოლოგიური დოკუმენტი თუ ნებისმიერი ინფორმაცია, მოკლე დროში მიიღონ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები“, - ამბობს ხითარიშვილი.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რადგან ახალი შექმნილი სტანდარტების დანერგვა ხვალვე შეუძლებელია, აღნიშნულ პროცესებს მხარდამჭერი პროცესი ახლავს თან, რათა ამ ყველაფერმა სტრესის გარეშე ჩაიაროს.

„სისტემას სჭირდება გონივრული დრო, რომ მოემზადოს და გადაეწყოს ახალ სტანდარტებზე. ის, რაც დაიწერა გუშინ, მისი შესრულება არ შეიძლება მოვითხოვოთ დღეს. ჯერ უნდა მომზადდეს სისტემა ამისთვის, შესაძლებლობები გაძლიერდეს და შემდგომ უკვე დავიწყოთ სტანდარტების შეფასება... ჩვენი მეთოდოლოგიური დოკუმენტები სწორედ ბაღების მხარდაჭერას, მათი ცნობიერების ამაღლებას, მათი შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება იმ კონკრეტულ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელსაც სტანდარტი უყენებს“, - თქვა სკოლამდელი განათლების სპეციალისტმა.

ნინო ხითარიშვილმა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისა და ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრა 5 და 6 ოქტომბერს დაანონსა.

იხილეთ ასევე:

რა შემთხვევაში აქვს აღმზრდელს უფლება ბავშვი ბაღის გარეთ გაიყვანოს

„ბაღში ბავშვებს არ დაასწავლოთ ცეკვის ილეთები“ - სპეციალისტის განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი