დღის თემა
etaloni.ge
მხიარულება საპნის ბუშტებით - პრაქტიკული რჩევები აღმზრდელებს ბავშვების საყვარელი აქტივობისთვის
26.09.2023

აქტივობა საპნის ბუშტებით ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობია.

როგორ და რა სახით შეიძლება საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ეს აქტივობა განახორციელოს აღსაზრდელებთან?

იმისათვის, რომ აღნიშნული აქტივობა ბავშვების განვითარებასაც დაეხმაროს და ამავე დროს, ბევრიც იმხიარულონ, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ პუბლიკაციიდან „101 თამაში და აქტივობა“:

► დაგჭირდებათ საპნის ბუშტების ფლაკონი. აქტივობა უმჯობესია, ღია სივრცეში ჩაატაროთ;

► მონაცვლეობით გააშვებინეთ ბავშვებს საპნის ბუშტები. როცა ერთი  ბუშტს გაბერავს, ამ დროს, მეორემ ბუშტები უნდა გახეთქოს;

► შეინარჩუნეთ ბუშტები ჯოხზე და გახეთქეთ ისინი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შეხებით;

► გაბერეთ საპნის ბუშტი და გააჩერეთ ჯოხზე, გაწიეთ განზე ბუშტიანი ჯოხი და სთხოვეთ ბავშვს, ააფრინოს ბუშტი ტარიდან;

► თუ ბავშვს უჭირს ჩაბერვა, სთხოვეთ, ბუშტების სარკის წინ გაბერვა. ასე ის შეძლებს ბუშტების გასაბერად საჭირო პირის მოძრაობის დანახვას და აღქმას..

აქტივობის მიზანია:

ვიზუალური უნარების განვითარება: აღნიშნული აქტივობა ბავშვისგან მოითხოვს მზერის შეჩერებას ბუშტებზე. შესაბამისად, ეს აქტივობა აუმჯობესებს თვალის მიდევნების უნარს, თვალების სწრაფ მოძრაობას და მზერის გადანაცვლებას, რაც ხელს უწყობს ბავშვის თვალის პატარა კუნთების განვითარებას.

ვიზუალური აღქმა: იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს გარემოს ვიზუალური აღქმა, ორივე თვალის ბუშტებზე ფოკუსირება და ბუშტების მოძრაობისთვის თვალის მიდევნება, მან უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ფიგურა (ბუშტები) და ფონად არსებული სხვა ინფორმაცია.

თვალისა და ხელის კოორდინაცია: ერთი მხრივ, ბავშვი თვალს ადევნებს ბუშტს, ხოლო მეორე მხრივ, მოძრაობით ერთვება აქტივობაში - ჯოხით იჭერს ბუშტს, აქნევს და უშვებს.

რიგის დაცვა: თამაშის პროცესში გამოიყენეთ უბრალო საკომუნიკაციო ენა და ნაცვალსახელები, მაგალითად, „ჩემი ჯერია“, „შენი ჯერია“.

სხეულის აღქმა: მოუწოდეთ ბავშვს ბუშტები გახეთქოს მუხლზე, ცხვირზე, იდაყვზე ან თავზე.

სამეტყველო ენა: მიმართეთ ზედსართავებს და რაოდენობის აღმნიშვნელ ტერმინებს, როგორიცაა „დიდი ბუშტი“, „პატარა ბუშტები“.

ორალურ - მოტორული კონტროლი და სუნთქვის კოორდინაცია: ბუშტის გასაბერად ტუჩებისათვის O-ს ფორმის მიცემა მოითხოვს პირის კუნთების კონტროლს. ხანგრძლივი შებერვა, რაც საჭიროა ბუშტების მისაღებად და რის კონტროლსაც ცდილობს ბავშვი, აუმჯობესებს სუნთქვას და ხმის პროექციას.

მოტორული დაგეგმვა: ბუშტების დევნა და ხეთქვა მოითხოვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაგეგმვას.

სოციალური უნარები: ეს თამაში ხელს უწყობს თამაშის მონაწილე პირებს შორის სოციალური კავშირების დამყარებას. ის იწვევს საერთო მხიარულებას, რაც ბუშტების მონაცვლეობით გახეთქვას მოყვება.

ბავშვები, რომელთაც სირთულეები ექმნებათ, ისეთი აკადემიური უნარების განხორციელებისას, როგორიც არის კითხვა და წერა, ხშირად ვიზუალური და ვიზუალურ-მოტორული უნარების სიმწირეს განიცდიან. მათ უჭირთ ორივე თვალის მოძრავ საგნებზე ერთდროულად მიდევნება და ვიზუალურ სტიმულზე ადექვატური მოტორული აქტივობით რეაგირება. ვიზუალურ ინფორმაციაზე რეაგირების სირთულეები შეიძლება გამოვლინდეს ბურთის დაჭერისას ან დაფიდან რაიმე ინფორმაციის გადაწერისას. აღნიშნული აქტივობა კი ამ ყველაფრის თავიდან აცილების ერთ-ერთი პრევენციული გზაა.

იხილეთ ასევე:

როგორ დავამზადოთ პლასტელინი - დაგჭირდებათ 6 ინგრედიენტი

რას ითვალისწინებს კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება - კითხვარში გაწერილი დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი