სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტანდარტებიდან ერთ-ერთი ოჯახისა და თემის ჩართულობას გულისხმობს და საბავშვო ბაღს ავალდებულებს, უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
„მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, მათი მეტად დაინტერესება, კანონის მიხედვით, არის ბაღის და მუნიციპალიტეტის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ბაღს, როგორც ინსტიტუციას, ვავალებთ, ჰქონდეთ მშობლებთან კომუნიკაცია, მათ შესთავაზონ კომუნიკაციის სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდები და რომელიც მშობლისთვის იქნება მისაღები, იმ ფორმით გაუწიონ შესაბამისი მომსახურება“, - განმარტავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ხითარიშვილი.
დაისჯება თუ არა საბავშვო ბაღი, თუ მან მშობელთან კომუნიკაცია ვერ შეძლო და აღსაზრდელის წარმომადგენელი უარს ამბობს, ჩაერთოს გარკვეულ აქტივობებში? ამ კითხვაზე პასუხი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის შექმნილი სტანდარტის ერთ-ერთი პროექტის განხილვაზე ასევე ნინო ხითარიშვილმა განმარტა:
„სტანდარტში ასევე ვამბობთ, რომ თუ მშობელი არ წამოვა ურთიერთობაზე და არ ჩაერთვება ამ საკითხში, ამის გამო, ბაღი, რა თქმა უნდა, არ დაისჯება. ჩვენ გვინდა ვხედავდეთ, რომ ბაღი აკეთებს მაქსიმუმს მშობლების ჩართულობისთვის, მაგრამ მათ ქცევაზე პასუხისმგებლობას ბაღს ვერ დავაკისრებთ. მთავარია, თქვენგან აქტიურობა, ინიციატივა იყოს გამოვლენილი“.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - მასწავლებელთა სახლმა სია გამოაქვეყნა