დღის თემა
etaloni.ge
ვინ და რატომ უწოდა აღმზრდელებს მებაღეები და დაამკვიდრა ტერმინი „საბავშვო ბაღი“
23.09.2023

XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში ევროპაში ფართოდ გავრცელდა გერმანელი პედაგოგის, ფრიდრიხ ფრებელის სკოლამდელი აღზრდის თეორია.

ფრებელს აღზრდა ესმოდა, როგორც ადამიანის თანდაყოლილი ოთხი ინსტინქტის განვითარება. ესენია: გარჯითი, შემეცნებითი, მხატვრული და რელიგიური საწყისები. მისი აზრით, აღზრდის მიზანი, გამოამჟღავნოს ბავშვში ჩასახული ღვთაებრივი საწყისი, რომელიც ახასიათებს ყველა ადამიანს.

ფრებელის ასეთმა მსჯელობამ საფუძველი მისცა ბუნებრივი საზრიანობის პრინციპს. მას მიაჩნდა, რომ აღზრდა არაფერს უმატებდა იმას, რაც მოცემულია ბუნებისაგან, მხოლოდ ავითარებს ბავშვში ბუნების მიერ მოცემულ თვისებებს.

ამასთან ერთად, ფრებელი პროპაგანდას უწევდა საყურადღებო აზრებს, ადამიანისა და ბუნების დაუსრულებელი განვითარების შესახებ მთელი ცხოვრების მანძილზე. იგი სკოლამდელ აღზრდას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. თამაშს თვლიდა განვითარების ძირითად საშუალებად, გვიჩვენებდა მის დიდ როლს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჩამოყალიბებაში და გამოდიოდა ბავშვის ბუნებრივი თავისებურებებიდან.

ფრებელი თვლიდა, რომ ბავშვის საქმიანობისა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია აღვზარდოთ იგი თანატოლების გარემოში. მან ამ ყველაფერს ღრმა პედაგოგიური დასაბუთება მისცა და ბევრი გააკეთა მისი პოპულარიზაციისა და ფართოდ გავრცელებისათვის.

ფრებელმა შემოიღო ტერმინი „საბავშვო ბაღი“, რამაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა მთელ მსოფლიოში. სკოლამდელი დაწესებულებების ამ სახელწოდებაში და აგრეთვე იმაში, რომ აღმზრდელს ფრებელი უწოდებდა „მებაღეებს“. იგი მოუწოდებდა პედაგოგებს დახმარებოდნენ ბავშვს მომწიფებასა და განვითარებაში, ისე როგორც მებაღე უვლის მცენარეებს და მაღალ შეფასებას და მნიშვნელობას აძლევდა პედაგოგის მიზანმიმართულ ზეგავლენას.

ფრებელმა საფუძველი დაუდო დიდაქტიკური თამაშების სისტემის საწყისებს და მრავალმხრივ საქმიანობას, შეიმუშავა მათი განხორციელების მეთოდური მითითებანი. მან მნიშვნელოვნად გაამდიდრა სკოლამდელი აღზრდის პრაქტიკა, დაამუშავა ბავშვებთან მუშაობის მრავალფეროვანი ხერხი ასაკის გათვალისწინებით. ფრებელმა დეტალურად გვიჩვენა ბავშვთა ადრეული და სკოლამდელი ასაკის მეტყველების ფორმირების ეტაპები, მან წამოაყენა მოთხოვნა, რომ საგნის გაცნობას წინ უნდა უძღოდეს მისი დასახელება. ფრებელის წამოყენებულ მოსაზრებებში მრავალი უმნიშვნელოვანესი აზრია ბავშვებთან სხვადასხვა მასალაზე მუშაობის შესახებ.  

ფრებელის იდეები ფართოდ გავრცელდა. მიუხედავად ამისა, პროგრესულმა პედაგოგებმა იგი მკაცრად გააკრიტიკეს ბავშვების საქმიანობის ზედმიწევნით მკაცრი რეგლამენტაციისათვის, ვარჯიშისა და მეცადინეობის გართულებისათვის, ბავშვის ბუნების მისტიკური განმარტებისათვის. ფრებელის მნიშვნელობა პედაგოგიკის ისტორიაში განისაზღვრება იმით, რომ მან სკოლამდელი პედაგოგიკა გამოყო სხვა მეცნიერებებიდან, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი. მან პირველმა შექმნა სკოლამდელთა დაწესებულებების მუშაობის თეორია და ბევრი გააკეთა სკოლამდელი აღზრდის იდეის პროპაგანდისა და საბავშვო ბაღების ფართოდ გავრცელებისათვის.

ფრებელის სისტემის თამაშის მეთოდის უარყოფამ გამოიწვია ორი კონკრეტული თეორიის წარმოქმნა. ერთის მიხედვით, ითვლებოდა, რომ გამეორება ადრეულ ასაკში მანამ, სანამ არ არის დაწყებული დაზეპირება, ნაყოფიერია. მეორეს მიხედვით, საჭიროა, ბავშვი განვავითაროთ ისეთი ძალებით, რომ მან შეძლოს არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა და წინსვლა.

იხილეთ ასევე:

უპირატესობები, რაც საბავშვო ბაღს მსოფლიოში უნიკალურად აქცევს - „ოთახებიდან გამომავალი 600 ბავშვის ხმა ქმნის „თეთრი ხმაურის“ ეფექტს“

რა შემთხვევაში აიკრძალება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერები - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი